ბორჯღალოსანმა ბექა ბიწაძემ 3-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. 27 წლის მესამეხაზელს წლის განმავლობაში სამი ტვინის შერყევა მოუგროვდა და "მსოფლიო რაგბის" რეგულაციების თანახმად, 3-თვიანი დასვენება მოუწია.
„პირველი ტვინის შერყევა ზაფხულში, აშშ-თან ტესტ-მატჩისას მივიღე და 10 დღე დავისვენე. კლუბში რომ დავბრუნდი, ორი ამხანაგური თამაში ჩავატარე და მეორე ოფიციალურ შეხვედრაში, "კოლომიესთან" ისევ ტვინის შერყევა მივიღე. ამჯერად 1 თვით მომიწია დასვენება. საახალწლო შესვენების შემდეგ "ნარბონს" 12 იანვარს პირველი თამაში კვლავ "კოლომიესთან" ჰქონდა, პირველსავე წუთზე მე და ჩემი 2-მეტრიანი, 130-კილოიანი მეორეხაზელი პარტნიორი ბოჭვაზე წავედით, მისი იდაყვი თავში მომხვდა და გონება დავკარგე. რადგან წლის განმავლობაში მესამე ტვინის შერყევა იყო, 3 თვით მომიწია დასვენება და ფაქტობრივად, ჩემთვის სეზონი 12 იანვარს დასრულდა“, - იხსენებს უქმობის მიზეზებს ბიწაძე.
ტელევიზორიც აუკრძალეს
აღდგენის პირველი 2-3 კვირა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ექიმებმა ბექას ტელევიზორის ყურება და ტელეფონზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს. რადგან ცივი ზამთარი იყო, ქართველი მესამეხაზელი გუნდის ვარჯიშების საყურებლადაც ვერ დადიოდა და მთელ დღეებს სახლში ატარებდა:
„ეს დღეები ძალიან გაიწელა. რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, ექიმებმა ტელევიზორის ყურებისგან გარკვეული დროით თავის შეკავება კიდევ ერთხელ მირჩიეს და რადგან საქმე ჯანმრთელობას ეხებოდა, სხვა რა გზა მქონდა? მხოლოს 2-3 კვირის წინ დავიწყე კისრის მასაჟები, ერთი კვირის წინ სირბილიც განვაახლე, მომავალი კვირიდან კი კონტაქტურ ვარჯიშებს ვიწყებ“, - ამბობს ბიწაძე, რომელმაც შეზღუდვების მიუხედავად, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატს მაინც უყურა და ახალბედების თამაშით კმაყოფილი დარჩა:
„ტრადიციულად, თავიდან პატარ-პატარა პრობლემები იყო, რაც შეუთამაშებლობის ბრალია, თუმცა, ბოლოს ყველაფერი დალაგდა და ყველაზე ძლიერ მეტოქეს, რუმინთს, დამაჯერებლად მოვუგეთ. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ნაკრების ახალბედა ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს“.
ბევრად მაღალი დონე
თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილმა მორაგბემ საფრანგეთში მესამე სეზონი გაატარა, თუმცა, პირველი - მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში. ბიწაძემ "ნარბონის" მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 9 შემთხვევაში სასტარტო შემადგნლობაში იყო, ლელოები კი "ვანსა" და "ორიაკს" გაუტანა.
მიუხედავად თამაშების სიმცირისა, ბექა ამბობს, რომ მაღალ დონეზე თამაშმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა:
„საფრანგეთში პირველი ორი სეზონი ფედერალ1-ის "შამბერიში" გავატარე და შარშანწინ პრო დ2-ში ასასვლელი ფინალი "ნევერთან" წავაგეთ. ამ დროს მე უკვე ვიცოდი, რომ პრო დ2-ის "ნარბონში" გადავდიოდი, რომელთანაც კონტრაქტი დეკემბერში გავაფორმე.
ამ ორი ლიგის შედარებაც არ შეიძლება. "შამბერიში" 5 თანაგუნდელი მყავდა, რომელიც პარალელურად მუშობდა. იქ ხუთშაბათის გარდა, დღეში მხოლოდ 1 ვარჯიში გვქონდა, აქ კი დილით 8 საათზე ბაზაზე ვიყავით, პირველ ვარჯიშს 12 საათზე ვასრულებდით და 15 საათზე მეორე ვარჯიში გვქონდა. პრო დ2-ში ყველა პროფესიონალია და მორკინალები დიდი, ჯანიანი ბიჭები არიან, ხოლო ხაზში ყველა გუნდს სწრაფი მორაგბეები ჰყავს. შედეგად, თამაშის ტემპიც ბევრად მაღალია და აშკარად ვგრძნობდი, რომ როცა ვთამაშობდი, ყოველდღე ვუმატებდი. სამწუხაროდ, ტვინის შერყევამ ეს პროცესი შეაჩერა“.
მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, ბიწაძის "ნარბონი" ფედერალ 1-ში დაქვეითდა. ბექამ ჯერ არ იცის, როგორი იქნება მისი მომავალი და პრო დ2-ის კლუბებისგან შეთავაზებებს ელოდება. თუ ეს არ მოხდება, მას გუნდთან ერთად ფედერალ 1-ში მოუწევს დაბრუნება.
ივნისისთვის თბილისში მოემზადება
ამჟამად ბიწაძის გონება ბორჯღალოსნებსა და ზაფხულის ტესტ-სერიას უტრიალებს. ბექას სურს, რომ დარჩენილ დროში სასურველ ფორმაში ჩადგომა შეძლოს და ამისთვის თავდაუზოგავ შრომას იწყებს:
„აპრილის ბოლომდე საფრანგეთში ვიქნები და თავდაუზოგავად ვივარჯიშებ, რათა გაცდენილის აღდგენა შევძლო. თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვალ და ვარჯიშს ნაკრების ადგილობრივ კანდიდატებთან ერთად გავაგრძელებ. ცუდია, სათამაშო ტონუსში რომ ვერ ვიქნები, თუმცა, თუ ნაკრების ხელმძღვანელობა მენდობა, ზაფხულის ურთულეს თამაშებში ვეცდები, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საჭიროა ეს კაცი ნაკრებში, ჭკვიანია და ტექნიკური...წარმატებები ბექა!
კარგი მორაგბეა ბიწაძე და განსაკუთრებით ნაკრებში ჩინებულად თამაშობს, წყნარი ოკეანის გუნდებთან რომ მაგარი შედეგი ვაჩვენეთ და წაუგებლად ჩავამთავრეთ ერთერთი გამორჩეული იყო იმ თამაშებში, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ ბექა.