საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ლელო გაიტანა. საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონ Top 14-ის მეოთხე ტურში, მისი და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო”32:6 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
“ვულკანებმა” უპირატესობა საწყისი 20 წუთის შემდეგ მოიპოვეს და 4 ლელო გაიტანეს. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 58 წუთი გაატარა და ერთ-ერთი აქტიური იყო. 35-ე წუთზე, მასპინძელთა ხანგრძლივ იერიშში ის სამჯერ ჩაერთო, ბოლო ჯერზე ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში რაქიდან აიტაცა ბურთი და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამ დროს ანგარიში 18:6 გახდა. “კლერმონმა” შესვენებამდე მესამე, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მეოთხე ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი 42-ე წუთზე დაფიქსირდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში კოლელიშვილმა შეცვლაზე ითამაშა და პირველად ტრავმირებული თანაგუნდელი 42-იდან 51-ე წუთამდე შეცვალა, ხოლო 68-ე წუთიდან საფინალო სასტვენამდე ითამაშა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი, მაგრამ მას ზირაქაშვილის პირისპირ მხოლოდ 18 წუთი მოუწია თამაში, რის შემდეგაც დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ამ მოგებით “კლერმონმა” 14 ქულა მოაგროვა და “მონპელიესთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, ხოლო “რასინგ მეტრო” 8 ქულით მე-10-ე პოზიციაზეა.
მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “კასტრი” ასევე პრემიალური ქულით, 43:10 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ბურჯმა პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა. “მონპელიემ” მეტოქე დაჯაბნა შერკინებაში, მოლში, რაქში თამაშში და ყველა ამ კომპონენტში ქართველი ლეგიონერი აქტიური იყო. ექვსიდან ორი ლელო კარგად დაყენებულ მოლს მოყვა (68-ე წუთზე საჯარიმო ლელო) და ორივე შემთხვევაში მის თავში ნარიაშვილი იდგა. “მონპელიე” სამი თამაშიდან 14 ქულით პირველ ადგილზეა და “კლერმონს” დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 18:13 დაამარცხა. გორგოძე ტრავმას იშუშებს, ჩილაჩავა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია, ხოლო მიქაუტაძემ დასკვნითი 10 წუთი ითამაშა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ნავროზაშვილი, ის 23-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მოედანს 32-ე წუთზე დაუბრუნდა და 48-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 75-ე წუთზე თამაშში დაბრუნებამ ისევ მოუწია. “ბორდო” მე-12-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 10:3 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე სამი ჯარიმა გაუშვა და 10:12 ჩამორჩა. მეორე ნახევარში მასპინძელთა ორ ჯარიმას შორის, სტუმრებმა ერთი გაიტანეს და 5 ქულის სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიითვალეს. ჯამში მათ 9 ქულა მოაგროვეს და მე-8-ე ადგილზე არიან, ხოლო “ტულონი” 13 ქულით მე-3-ე პოზიციაზეა.
კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზას” უმასპინძლა და 26:19 დაამარცხა. კაკოვინი ტრავმირებულია, შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის ასიეშვილმა 56-ე წუთზე შეცვალა. მასპინძლები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმი 16:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის შუაში სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. “ბრივმა” საკუთარი შანსი 74-ე წუთზე გამოიყენა, ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და “ტულუზა” უქულოდ დატოვა (ამ სეზონიდან პრემიალური ქულა 5 და ნაკლები ქულით წაგებისთვის იწერება). “ბრივი” 9 ქულით მე9-ე პოზიციაზეა, “ტულუზა” კი, ასევე 9 ქულით მე-6-ე საფეხურზეა.
დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” გიორგი ჟღენტის “ბაიონს” 34:29 აჯობა. პარიზელთა შემადგენლობაში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, ხოლო სტუმართა პირველხაზელი შეუცვლელად გაისარჯა. “სტად ფრანსე” 71-ე წუთისთვის 34:19 იგებდა და ხუთი ლელო ჰქონდა გატანილი, მაგრამ დასკვნით 5 წუთში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიიღო (ბოლო წუთზე) თავად სამით მეტი ლელოს გატანისთვის (5:2) პრემიალური ქულა კი მიითვალა, მაგრამ 1 ქულა სტუმრებსაც გაატანა. “სტად ფრანსე” 13 ქულით მეოთხეა, ხოლო “ბაიონი” 6 ქულით ბოლოსწინა მე-13-ე საფეხურზეა.
4 ქულით ბოლო ადგილზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელის სტუმრად “გრენობლთან” 12:30 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 12-14 სექტემბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია