დიდი 10-ის 2017-2018 წლების რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. დღეს ჩემპიონატის უკანასკნელი, მე-18 ტური გაიმართება.
როგორც დასკვნით სათამაშო დღეს შეეფერება, ხუთივე დაპირისპირება ერთდროულად, შაბათს 16 საათზე დაიწყება.
შევარდენზე, მარნეულში ბინადადებული "არმაზი" "ლელო სარასენსს" უმასპინძლებს, "არმია" ავჭალაში "ლოკომოტივს" მიიღებს, რუსთავის "ხარები" შინ ლიდერ ქუთაისის "აიას" დაუხვდება, გორის "ჯიქი" საკუთარ მოედანზე "ბათუმს" დაუპირისპირდება, ხოლო პირველ ლიგაში გავარდნილ "ბაგრატს" ქუთაისში "აკადემია" ესტუმრება.
ერთი შეხედვით სატურნირო მდგომარეობა კლუბებს მეტწილად გარკვეული აქვთ, თუმცა ლოკალური ხასიათის ამოცანები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
ბოლო ტურის წინ, ცნობილია საპლეიოფო ექვსეული ("აია", "ლოკომოტივი", "ჯიქი", "ბათუმი", "ლელო სარასენსი", "ხარები'). ასევე ცნობილია იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ბოლო ორ საფეხურს დაიკავებს. შესაბამისად, ერთი პირველ ლიგაში დაქვეითდება ("ბაგრატი"), ხოლო მეორე ("არმია") პირველი ლიგის მეორე ადგილოსანთან ორმატჩიან დუელში შეეცდება უკეთესის გამოვლენას და ელიტაში დარჩენას. გათამაშებას ჰყავს მოტივაციას მოკლებული ორი მონაწილეც ("აკადემია" და "არმაზი"), რომელთაც არც გავარდნა ემუქრებათ და არც დაქვეითება.
სატურნირო ცხრილის მოწინავე ორი გუნდი დანარჩენი გუნდებისთვის მიუწვდომელია. ანალოგიური სიტუაციაა მესამე და მეოთხე ადგილოსანი გუნდების შემთხვევაშიც - "ჯიქიც" და "ბათუმიც" კომფორტული სხვაობით უსწრებენ კონკურენტებს ისევე, როგორც "ლელო სარასენსი" და "ხარები" - არც მათ ემუქრებათ საპლეიოფო ზონის დატოვება.
ქუთაისის "აიას" ამოცანას ალბათ პირველი ადგილის შენარჩუნება უნდა შეადგენდეს, საამისოდ კი რიონისპირელებს რუსთავში პრემიალური ქულით მოგება სჭირდებათ, მართალია ამოცანა არც ისე იოლი შესასრულებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, "აია" "ლოკომოტივისთვის" მიუწვდომელი აღმოჩნდება. თუ "აია" საკუთარ მატჩს მოიგებს და მხოლოდ ოთხ სატურნირო ქულას დასჯერდება, არის ალბათობა, რომ "ლოკომოვიტივმა" უმოტივაციო "არმია" პრემიალური ქულით დაამარცხოს, ქულებით "აიას" გაუტოლდეს, თუმცა ურთიერთშეხვედრების უკეთესი ბალანსის ხარჯზე პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.
ცხრილის მესამე და მეოთხე ადილოსნებსაც შეუძლიათ ადგილების გაცვლა - მითუმეტეს, რომ ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა - ამ წყვილში შემდეგი სიტუაციაა - "ჯიქი" გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში შეინარჩუნებს მესამე ადგილს, ხოლო მარცხისას "ბათუმს" გაუცვლის ადგილს, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. თუ "ბათუმი" შეძლებს "ჯიქის" გორში დამარცხებას, მაგრამ "ჯიქი" რვაზე ნაკლები ქულით დამარცხებისთვის მოიპოვებს სანუგეშო ქულას - "ჯიქი" შეინარჩუნებს მესამე პოზიციას, რადგან ქულათა ტოლობის შემთხვევაში ურთიერთშორის ბალანსი გორელთა მხარესაა.
ადგილების გაცვლა მეხუთე და მეექვსე ადგილოსან გუნდებსაც შეუძლიათ. "ლელო" "არმაზს" სტუმრობს და სავარაუდოდ მოსაგებად უნდა იბრძოლოს, რადგან "არმაზის" ამბიციები ჯერ კიდევ ორი ტურის წინ დასრულდა (ზედიზედ სამი მარცხი "აკადემიასთან", "ლოკომოტივთან" და "აიასთან"). "ლელო" გამარჯვების შეთხვევაში ადგილს სატურნირო ცხრილში არავის დაუთმობს, მარგამ გასათვალისწინებელია "ხარების" ფაქტორიც, რომელიც "აიას" დამარცხების შემთხვევაში, რაც ასევე რთული მისიაა, ალბათ პატარა სასწაულს ბონუსად ისურვებს და "არმაზს" უქომაგებს. თუ რუსთაველები ქუთაისელებს დაამარცხებენ, ხოლო "ლელო" ვერ იმარჯვებს მარნეულელებთან ერთმანეთში ადგილებსაც გაცვლიან.
მსგავსი ცვლილებები ვერ ემუქრებათ მეცხრე ადგილოსან "არმაზს" და ბოლო, მეათე ადგილოსან "ბაგრატს".
ამჟამად ქულათა ტოლობის მიუხედავად, ურთიერთშორის უკეთესი ბალანსის გამო მეშვიდე ადგილზე "აკადემიაა", ხოლო მერვე ადგილზე "არმაზი". "არმაზის" გარშემო შესაძლო პერიპეტიები ზემოთ მიმოვიხილეთ, ამჯერად "აკადემიას" აქვს შანსი უკეთესი ადგილი ცხრილში არამხოლოდ ურთიერთშორის ბალანსის, არამედ ქულათა მეტობითაც გადაასწროს კონკურენტს, რადგან "ბაგრატმა" ჯერ კიდევ ოთხი ტურის წინ დაკარგა ელიტაში დარჩენის თეორიული შანსიც კი.
რამდენიმე საინტერესო დეტალიც, რაც მიმდინარე გათამაშებას ახლდა:
ქუთაისის "აია" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია ელიტაში, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდგომ საფუძვლიან პრეტენზიას ოქროს მედლებზე წელს აცხადებს. გუნდს მხოლოდ ორი მარცხი აქვს: ჩემპიონ "ჯიქთან" და ქართული რაგბის ფლაგმან "ლოკომოტივთან".
რკინიგზელები "აიას" მხოლოდ გატანილი ლელოების რაოდენობით ჯობნიან, თუმცა ლელოთა ბალანსი ქუთაისელთა სასარგებლოდაა.
"ჯიქი" ტრადიციულად სეზონის მეორე წრეში უმატებს, მაშინ როდესაც პლეიოფები ახლოვდება. მათ ანგარიშზე თერთმეტი პრემიალური ქულაა საიდანაც 8 ჯერ მეტოქისთვის მინიმუმ სამით მეტი ლელოთი მოგებისთვის, ხოლო სამი სანუგეშო ქულა 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის. უკეთესი შედეგი მხოლოდ აკადემიას აქვს, მაგრამ ისიც ნუგეშის რაოდენობათა ხარჯზე.
"ბათუმი" ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელიც ორ ფრონტზე იბრძოდა, შიდა ასპარეზზეც და ევროპულ სარბიელზეც, თუმცა ტრავმებისა და მცირე რეზერვის გამო ორ ფრონტზე წარმატებით ასპარეზობა ვერ შეძლო.
ზედიზედ ოთხწლიანი ჰეგემონიის შემდეგ "ლელო სარასენსი" მეორე წელია გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ასპარეზობს, რაც შედეგებზეც აისახა.
წლეულს პირველი ლიგიდან დაბრუნებული და ქვედა ლიგის რიხით მომგები რუსთავის "ხარების" საპლეიოფო ექვსეულში ხილვა ალბათ სასიამოვნო მოულოდნელობაა.
საკადრო პრობლემები არ აკლდა აკადემიასაც, მიუხედავად მცირე რეზერვისა და გუნდიდან ლიდერების წასვლისა (მესამეხაზელი, "ბორჯღალოსანი" საბა შუბითიძე, იმავდროულად გუნდის კაპიტანი ფრანგულ ფედერალ ერთში გადაბარგდა, ხოლო ასევე "ბორჯღალოსანი", გუნდის ფულბექი და ძირითადი დამრტყმელი სოსო მათიაშვილი რუსულ "კრასნი იარს" შეუერთდა) მთელი სეზონის მანძილზე გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით. მართალია მხატვრებმა ჩვიდმეტიდან ცამეტი მატჩი დათმეს, მარგამ ათჯერ 8-ზე ნაკლები ქულით წაგებისთვის სანუგეშო ქულა მიითვალეს.
"აიას" მსგავსად, "არმაზიც" ახალგაზრდული კოლექტივია, რომელიც გასულ სეზონში მარნეულში გადაბარგდა - წელს კი არაერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი.
გასულ წლებში "არმია" გათამაშების ერთ-ერთი უპირობო ფავორიტი გახლდათ, თუმცა ბოლო 3-4 წელია პოზიციები დათმო. წელს კი სულაც ძირითადი სპონსორი შუა სეზონში, ზამთრის არდადეგებზე დაკარგა და ლამის დაშლის პირასაც კი მივიდა - ეს უსიამოვნო ფაქტი შედეგებზეც აისახა.
"ბაგრატი" ელიტას 2016-2017 წლების სეზონში შეუერთდა, გასული წელი თითქოს კარგადაც დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით საკადრო პრობლემებს გადააწყდა და დაქვეითებას სასწაულებრივად გადაურჩა, წელს გუნდის მესვეურებმა ფაქტია ვერ შეცვალეს მდგომარეობა და სულ მცირე ერთი წლით ელიტას ემშვიდობებიან.
დასკვნითი ტურის წინ სტატისტიკის მოწინავენი არიან - მელელოვეების დავაში:
ზურაბ ძნელაძე - 17 ლელო (აია, უნივერსალი ბექი/შუამარბი)
გიორგი შკინინი - 16 ლელო (ლოკომოტივი, გარემარბი)
გურამ ქანდაურაშვილი - 9 ლელო (ხარები, შუამარბი)
8-8 ლელო: ნიკა ბიწაძე (ჯიქი, გარემარბი) ერეკლე მაჭარაშვილი (ხარები, მარბიელი), გიორგი ჭყოიძე (ბათუმი, კვაჭი)
გოდერძი ჭინჭარაული - 7 ლელო (არმია, მგეზავი/შუამარბი)
დამრტყმელებს შორის კი 100 ქულიანი ნიშნული გადალახეს:
132 ქულა - მამუკა ნინიძე (ჯიქი, მგეზავი)
131 ქულა - ირაკლი ყიასაშვილი (ლელო, ფულბექი)
126 ქულა - გიორგი ბაბუნაშვილი (აია, მგეზავი)
ას ქულიანთა „კლუბს“ მიუახლოვდნენ: ბათუმის ფულბექი - ბახვა კობახიძე 92 ქულით, აკადემიის მგეზავი დავით მოძღვრიშვილი და ქუთაისის აიას შუამარბი ზურაბ ძნელაძე - 91-91 ქულით.
ტურის ცენტრალურ მატჩად შარშანდელი ფინალისტების - ჯიქისა და ბათუმის დაპირისპირებაა მიჩნეული, რომელსაც რაგბიTV შემოგვთავაზებს, ხოლო მეორე მატჩის ხილვა ხარებისა და აიას მონაწილოებით რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდზე, სთრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
სატურნირო მდგომარეობა
1/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ : გაშ | სხვ | ლელო | ქ | ||||
1 | აია ქუთაისი | 17 | 15 | 0 | 2 | 5 | 1 | 0 | 511 | : | 224 | +287 | 65 | / | 28 | 66 |
2 | ლოკომოტივი თბილისი | 17 | 14 | 0 | 3 | 7 | 2 | 0 | 457 | : | 280 | +177 | 70 | / | 36 | 65 |
3 | ჯიქი გორი | 17 | 11 | 1 | 5 | 8 | 3 | 0 | 394 | : | 229 | +165 | 51 | / | 23 | 57 |
4 | ბათუმი ბათუმი | 17 | 11 | 1 | 5 | 7 | 1 | 0 | 390 | : | 261 | +129 | 51 | / | 29 | 54 |
5 | ლელო სარასენს თბილისი | 17 | 10 | 0 | 7 | 4 | 2 | 0 | 397 | : | 347 | +50 | 48 | / | 43 | 46 |
6 | ხარები რუსთავი | 17 | 9 | 1 | 7 | 3 | 3 | 0 | 360 | : | 352 | +8 | 51 | / | 46 | 44 |
7 | აკადემია თბილისი ^ | 17 | 4 | 0 | 13 | 2 | 10 | 0 | 254 | : | 269 | -15 | 22 | / | 33 | 28 |
8 | არმაზი მარნეული | 17 | 5 | 1 | 11 | 1 | 5 | 0 | 257 | : | 346 | -89 | 33 | / | 45 | 28 |
9 | არმია თბილისი | 17 | 3 | 0 | 14 | 0 | 3 | 0 | 271 | : | 563 | -292 | 34 | / | 75 | 15 |
10 | ბაგრატი ქუთაისი | 17 | 1 | 0 | 16 | 0 | 1 | 0 | 162 | : | 582 | -420 | 17 | / | 84 | 5 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია