ბორჯღალოსნები

22:52 | 13.04.2018 | ნანახია 2735 - ჯერ

20 წ: ორი ლელო "ბოკეს" წინააღმდეგ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ‘ჯუნიორ ბოქსთან’ (სამხრეთ აფრიკის 20წ. ნაკრები) პირველი მატჩი გამართეს, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორს ორი ლელო გაუტანეს, თუმცა თავად 8 გაუშვეს და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

გუნდები 2018 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, სადაც საქართველოს მიზანი 12 ელიტარულ გუნდში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო სამხრეთ აფრიკელები ჩემპიონობას უმიზნებენ.

ჩემპიონატს 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის სამი ქალაქი უმასპინძლებს. უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპზე 30 მაისს პერპინიანში სამხრეთ აფრიკას (20:30 საქართველოს დროით), 3 ივნისს ბეზიეში მასპინძელ საფრანგეთს (16 საათი) და 7 ივნისს ნარბონში ირლანდიას (20:30 საათი) ეთამაშებიან.

უმაღლეს ტემპში უძლიერეს მეტოქესთან

ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 10 ივნისს ჩავიდა და მასპინძლებთან პირველი თამაში 13-ში გამართა. სამხრეთ აფრიკამ ანგარიში მე-9 წუთზე, ლელოთი გახსნა და 3 წუთში მეორე ლელოც გაიტანა. მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, მათ მე-18 წუთზე ჯარიმა კარში დაარტყეს, რაც აფრიკელთა მხრიდან ქართველების პატივისცემაზე მეტყველებს, მერე კი მესამე ლელოც გაიტანეს და რადგან გარდასახვებიც ზუსტი იყო, 24:0 დაწინაურდნენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არსენ მაჩალაძის ლელოთი 26-ე წუთზე უპასუხეს და თედო აბჟანდაძემ გარდასახა, თუმცა შესვენებამდე მეტოქემ კიდევ ორი ლელო გაიტანა და ერთი გარდასახა - 36:7.

შესვენებაზე გუნდებმა 5-5 ცვლილება განახორციელეს, ქართველმა მორაგბეებმა ტემპს უმატეს და 53-ე წუთზე ბექა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა. მთლიანობაში, მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, მაგრამ მის შუაში ერთი, ხოლო დასკვნით 10 წუთში კიდევ ორი ლელო მიიღეს და საბოლოოდ თამაში 55:14 დასრულდა.

მსოფლიო თასისთვის მზადების ამ ეტაპზე, ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის შესაძლებლობით კმაყოფილი დარჩა უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია:

„აფრიკელები ფიზიკურად დიდი და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. თითოეული მათი შემტევის შეჩერებას 2-3 კაცი ჭირდებოდა, თავად კი ერთი-ერთზე გვაჩერებდნენ. პირველ ტაიმში ვერ გავუჩერეთ რაქი, ჰქონდათ უზადო ხელის ტექნიკა, ფაქტობრივად, მთელი 40 წუთი უკანა ფეხზე ვითამაშეთ და პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით.

„მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით გამოვასწორეთ, უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, მეტოქეს ავყევით ტემპში. მსოფლიო თასის წინ, ჩვენთვის ეს თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ძალიან ბევრი რამ დაგვანახა, რაზეც სამუშაო გვაქვს და რაც არ ჩანს დაბალი ტემპის შეხვედრებში. ეს იყო სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდი და მათთან თამაშმა უდიდესი სარგებელი მოგვიტანა.

„აფრიკელებთან მეორე თამაშისთვის ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ. თუ ჩვენ რაღაც დეტალებს არ გამოვასწორებთ და მეტოქეს მეორე მატჩშიც სწრაფი ბურთი ექნება, მაშინ კვლავ უშანსოდ დავრჩებით“.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან მეორე თამაშს 20 აპრილს გამართავენ.

სამხრეთ აფრიკული ტურნე. პირველი მატჩი

სამხრეთ აფრიკა - საქართველო 55:14 (36:7)

საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი (23. დურმიშხან ჯაბნიძე 60), 14. ოთარ ძაგნიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი წიკლაური (22. ლაშა ლომიძე 54), 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. თენგიზ პერანიძე (21. ლუკა დვალიშვილი 41); 1. გიორგი ნუცუბიძე (17. გურამ გოგიჩაშვილი 41), 2. თენგიზ ზამთარაძე (16. ლევან პაპიძე 41), 3. გია ხარაიშვილი (18. ლუკა ჯაფარიძე 41), 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლუკა გელაშვილი (19. არჩილ აბესაძე 50), 6. სანდრო კალმახელიძე (20. სანდრო მამამთავრიშვილი 41), 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

2 ლელო: არსენ მაჩალაძე, ბექა მამუკაშვილი

2 გარდასახვა: თედო აბჟანდაძე

სინბინი: არჩილ აბესაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:04 | 14.04.2018
ika13 (34)

სამხრეთ აფრიკელები, ბურები ძირითადად ჰოლანდიელების ჩამომავლები არიან. ჰოლნდიელები ევროპაში ყველაზე მაღალი და ზორბა ხალხია, ზედ ბრიტანელი კოლონისტებიც ემატებინ. ამიტომაა, რომ ასაკთნ შრდარებით დიდები და ძლიერები აროან.

10:25 | 14.04.2018
LApaata (115)

არ უშავს გული არ გაიტეხოთ, მთავარი ამოცანა ჯერ 12 ელიტ გუნდში ადგილის შენარჩუნებაა.

23:30 | 13.04.2018
temuchin (431)

შარშანაც ძირითადად ფიზიკაში დაგვჩაგრა ამ გუნდმა, ამ ასაკში ჩვენ ბიჭებს ჯერ კიდევ არ აქვთ ზრდა დასრულებული და ფიზიკურად და გენეტიკურად უფრო მასიურ და ზორბა აფრიკელებთან რა გასაკვირია რომ ერთი ერთზე ჯახები წააგონ.

0.098541