ქართული

16:07 | 12.04.2018 | ნანახია 2381 - ჯერ

ჯაბა და ნიკა - კვლავ მარქაფაში

„სანვულვზის“ დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის ბოლო მატჩით, მიუხედავად იმისა, რომ „მზის მგლებმა“ ტოკიოში „ჩიჩიბუნომია რაგბი სთედიუმზე“ დიდი სხვაობით, 29:50 წააგეს ავსტრალიურ „ვორათაზთან“. სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იმ ფაქტიდან, რომ დღეს სამხრეთაფრიკელმა გურუმ გამოაქვეყნა „სანვულვზის“ შემადგენლობა, რომელიც შაბათს, 14 აპრილს იგივე სტადიონზე უკვე ახალზელანდიურ ფრენჩაიზს უმასპინძლებს - „ბლუზს“, და ტოკიოელთა სასტარტო 15-ეულში წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი გადაადგილებაა: შერკინების მეორე ხაზში ავსტრალიელი სემ უაიქსის ნაცვლად სამხრეთაფრიკელი გრანტ ჰეტინგი ითამაშებს.

„სანვულვზის“ მარქაფაში კი 3 სიახლეა, რომელთაგან არცერთი შეხებია ქართველებს. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, ჯაბა ბრეგვაძე მეორე ტაიმში შეცვლის იაპონელ შოტა ჰორიეს, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილი თამაშში კორეელ-იაპონელ ჯივონ კოოს ნაცვლად ჩაერთვება.

სუპერ რაგბის მიმდინარე გათამაშებაში „სანვულვზმა“ დღემდე 6 მატჩი გამართა, 6-ვე წააგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება, ხოლო „ბლუზი“, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ბოლოსწინა, მე-14 საფეხურზეა. სუპერ რაგბის 3-გზის ჩემპიონმა გუნდმა სეზონი საზიზღრად დაიწყო და 6 მატჩიდან ერთადერთის მოგება მოახერხა, თუმცა, მაინც ცხადია, რომ ოკლენდელები ტოკიოში სათამაშოდ უპირობო ფავორიტის სტატუსით გავლენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075788