პოპულარულმა ბრიტანულმა სარაგბო ინტერნეტ-გამოცემა ruck.com-მა მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, ოღონდაც მისი წევრების შერჩევისას არა მათი სათამაშო თვისებებით, წარმატებულობით, ტიტულებით ან რაიმე სხვა ნიშნით იხელმძღვანელა, არამედ ციფრებით. უბრალო, ჯიუტი და შეუვალი ციფრებით.
გამოცემის ჟურნალისტებმა დათვალეს, ტესტ-მატჩებში რომელი სათამაშო ამპლუისა და კონკრეტული პოზიციის რომელ მოთამაშეს ჰქონდა გატანილი სხვებზე მეტი ლელო. აღმოჩნდა, რომ მხტომელის (№4 და №5) ამპლუის მორაგბეთაგან მსოფლიოში ყველაზე მეტი სანაკრებო ლელო საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ანგარიშზეა - 26!
მართალია, მამუკა უნივერსალია და ბორჯღალიანი კვართით ლელოების დიდი ნაწილი მესამე ხაზში თამაშის პერიოდში აქვს მითვლილი, მაგრამ მრავალი წელია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, გორგოძე შერკინების მეორე ხაზში თამაშობს, თანაც ruck.com-ის სიმბოლური ნაკრების მეორე ხაზში მის პირობით მეწყვილესა და შესაბამისად, ასევე გამორჩეულ მელელოვეს, 4 მსოფლიო თასის მონაწილე არგენტინელ პედრო სპორლედერს მხოლოდ 14 ლელო აქვს გატანილი 13-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში. ამიტომ მამუკას უნივერსალიზმი არანაირ ჩრდილს არ აყენებს მის ფენომენალურ შედეგს - 26 ლელოს 69 თამაშში!
აქვე, ruck.com-ის მელელოვეთა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების სრული შემადგენლობაც:
15. კრისტიან კალენი (ახალი ზელანდია) - 46
14. დაისუკე ოჰატა (იაპონია) - 69
13. ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია) - 47
12. უილ გრინვუდი (ინგლისი) - 31
11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) - 67
10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია) - 25
9. იოს ვან დერ ვესტჰეიზენი (სამხრეთ აფრიკა) - 38
1. კეის მიუვსი (ახალი ზელანდია) - 10
2. კით ვუდი (ირლანდია) - 15
3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია) - 12
4. მამუკა გორგოძე (საქართველო) - 26
5. პედრო სპორლედერი (არგენტინა) - 14
6. ტაკაში კიკუტანი (იაპონია) - 32
7. რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია) - 26
8. დიეგო ორმაეჩეა (ურუგვაი) - 41
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო, მამუკა!
თან გაჩუქებული ლელოებიც აქვს, ბოლო მომენტში სხვას დაადებინა..
კი, ერთი მახსოვს მაჩხანელს აჩუქა.