ქართული

12:50 | 10.04.2018 | ნანახია 1761 - ჯერ

ზურაბ ჟვანია - "ეკიპის" სიმბოლურ ნაკრებში

საფრანგეთის ტოპ 14-ის გასულ ტურში ზურაბ ჟვანიამ ლელო მიითვალა. ალბათ გახსოვთ, როგორ ეფექტურად იმოქმედა ქართველმა ბურჯმა "სტად ფრანსეს" იმ შედეგიანი შეტევისას - პარისესა და პლისონს მიყვა, ამ უკანასკნელისგან პასი დროულად მიიღო, ერთი აჩქარებით "კლერმონის" დამცველები უსაქმოდ დატოვა. ლელოში მშვიდად შეიჭრა და ბურთი ძელთან დაამიწა.

ზურა თავისი გუნდის მარქაფაში იყო, მაგრამ თამაშში პირველივე ტაიმში, 31-ე წუთზე ჩაერთო, როცა პარიზელთა №1-მა საკარია ტაულაფომ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ბოძებული 50 წუთი საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯმა ძალზე დამაჯერებლად ჩაატარა და აღიარებამაც არ დააყოვნა: საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა "ეკიპმა" ზურაბ ჟვანია ტოპ 14-ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მთლიანობაში კი, ტურის სიმბოლურში "კლერმონის" ძლევაში (50:13) "სტად ფრანსეს" ერთბაშად 4 თავგამოჩენილი წევრი მოხვდა. ამდენივე მოთამაშე "აჟენიდანაა", რომელმაც კონკურენტი "ოიონა" 36:21 დაამარცხა, სიმბოლური გუნდის მწვრთნელიც "აჟენის" წარმომადგენელია - მაურისიო რეგიარდო. 3 კაცი "მონპელიედანაა" ("ლა როშელს" 40:24 მოუგო) და პლუს თითო მორაგბე "ლიონიდან" ("ბრივს" სტუმრად 27:25 მოუგო), "ტულუზიდან" ("კასტრთან" გასვლაზე 23:28 დამარცხდა) და "რასინგიდან" ("ტულონს" უმასპინძლა და 17:13 სძლია).

აქვე "ეკიპის" სიმბოლურის სრული შემადგენლობაც:

15. ჯესი მოგი (ავსტრალია, "მონპელიე")

14. ნიკოლა მეტჟი (საფრანგეთი, "აჟენი")

13. იოჰან სადი (სამხრეთ აფრიკა, "აჟენი")

12. ანრი შავანსი (საფრანგეთი, "რასინგი")

11. იოან უჟე (საფრანგეთი, "ტულუზი")

10. ჟიულ პლისონი (საფრანგეთი, "სტად ფრანსე")

9. რუან პინარი (სამხრეთ აფრიკა, "მონპელიე")

8. ანტონი კლასენი (სამხრეთ აფრიკა, "რასინგი")

7. ჟულიენ პურისელი (საფრანგეთი, "ლიონი")

6. ფაკუნდო ბოში (არგენტინა, "აჟენი")

5. პაულ ვილემსე (სამხრეთ აფრიკა, "მონპელიე")

4. პოლ გაბრიაგი (საფრანგეთი, "სტად ფრანსე")

3. დეივ რაიანი (ირლანდია, "აჟენი")

2. რემი ბონფისი (საფრანგეთი, "სტად ფრანსე")

1. ზურაბ ჟვანია (საქართველო, "სტად ფრანსე")

მწვრთნელი: მაურისიო რეგიარდო (არგენტინა, "აჟენი")


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:10 | 10.04.2018
პანტელეიმონი (1211)

+1

0.110457