სიახლეები

19:58 | 6.04.2018 | ნანახია 8862 - ჯერ

“იუნკერების” გამოწვევა ყველა სხვა კლუბს: სარაგბო ხელფასი საბასთვის!

რამდენიმე დღის წინაც გაუწყეთ, რომ ქუთაისის “არესის” 20 წლის მორაგბეს საბა მაღლაფერიძეს ლეიკემია აღმოაჩნდა და მისი მკურნალობისთვის დიდძალი თანხაა საჭირო, დრო კი ცოტაა.

ქართული სარაგბო თემი უმალ გააქტიურდა და საბას ყველა ისე ეხმარება, როგორც შეუძლიათ. მორაგბეების ინიციატივით, დღეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო (იყიდებოდა სხვადასხვა სარაგბო ნივთები, ნაკრებების და კლუბების კვართები და ა.შ.) და შემოსული თანხა, მთლიანად საბას მკურნალობას მოხმარდება.

ახლა კი კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით. პირველი ლიგის კლუბის, “იუნკერების” მორაგბეებმა საკუთარი ხელფასიდან გადაწყვიტეს საბასთვის თანხის ნაწილის გადარიცხვა. სარაგბო კლუბი “იუნკერები” იწვევს ყველა სხვა კლუბს და მოთამაშეებს, რომ შეაგროვონ თანხა და 20 წლის მორაგბეს დაეხმარონ, რომელსაც თურქეთში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.

აღნიშნულ წამოწყებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ “იუნკერების” მწვრთნელს გიორგი ნოზაძეს: “ეს აზრი რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს არ გასჩენია. საბას ამბის გაგებისთანავე, ყველანი მის დახმარებაზე ვსაუბრობდით და საბოლოოდ ეს იდეა მოვიფიქრეთ. საბას დასახმარებლად განცხადება 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებმა გააკეთეს, ჩვენ კი ვსურს, რომ კლუბებიც აქტიურად ჩავერთოთ მის დასახმარებლად და ამიტომაც ეს გამოწვევა გადავწყვიტეთ.

რაგბი არ არის მხოლოდ ნაკრები, რომელშიც 15 ადგილია. ამ სპორტს საქართველოში 11000 ადამიანზე მეტი თამაშობს. ეს სპორტი პირველ რიგში იმისთვის არის, რომ ვიყოთ უკეთესი ადამიანები და ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, თუმცა სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთი შემთხვევები ხდება და ჩვენ ყველანი საბას უნდა დავეხმაროთ. საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ფსიქოლოგიურ, მენტალურ დახმარებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მედიკამენტების გარდა, საჭიროა შემართება. ეს არის დაავადება, რომელიც სამწუხაროდ, არც პირველია და არც ბოლო. შესაძლოა, ეს წერილი ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ, რომელთაც ეს სენი აწუხებთ. თქვენი შემართება უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, რომ ამ წმინდა დღეებში ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. დავეხმაროთ საბას!”

შეგახსენებთ, რომ საბას ოპერაციას და მთელ პროცესს თურქეთში სამკურნალოდ 95000 დოლარი სჭირდება.

ანგარიშის ნომერი: GE02TB7750136010100042

თიბისი ბანკის ანგარიშზე მიმღები საბა მაღლაფერიძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096654