ლაშა თავართქილაძე რუმინეთში 2017 წლის ივლისიდან მუშაობს. "არმიას" ყოფილმა მწვრთნელმა ორწლიანი კონტრაქტი CSM ბუქარესტთან გააფორმა და შერკინების მწვთნელად დაინიშნა. 31 წლის სპეციალისტისთვის რუმინეთი უცხო ქვეყანა ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მოთამაშის რანგში, ხუთი სეზონის განმავლობაში იქაური "ფარულ-კონსტანცას" ღირსებას იცავდა. შესაბამისად, გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია და მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო. პირველივე სეზონში, მისმა გუნდმა არსებობის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ეს გასულ კვირას მოხდა, თავართქილაძის გუნდმა რუმინეთის თასის ფინალში "ბაია მარე" დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 27:26 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. ფინალში ორივე გუნდში ითამაშეს ქართველმა მორაგბეებმა და ომარ ბალიაშვილმა ლელოს დადებაც მოახერხა.
ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართით 2010-2011 წლებში 8-ჯერ უთამაშია და 1 ლელო გაუტანია, რუმინეთში დავუკავშირდით და მასთან საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. თავართქილაძემ საკუთარი გუნდის შესახებ გვესაუბრა, შეადარა ქართული და რუმინული რაგბი ყველა დონეზე, ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო "კრუსეიდერსში" სამწვრთნელო კურსებზე გამგზავრებაა, დანარჩენს კი ინტერვიუში თავად წაიკითხავთ.
- პირველ რიგში გილოცავთ რუმინეთის თასის მოგებას. გვითხარით ამ ტურნირის შესახებ, რამდენად პრესტიჟული გათამაშებაა?
- რუმინეთში ერთი სეზონის განმავლობაში სულ სამი ტურნირი ტარდება. “მეფის თასი” რანგით მესამეა, შემდგომ კი მოდის ქვეყნის თასი, რომელიც თითქმის იგივე რანგის ტურნირია, როგორიც რუმინეთის სუპერლიგაა. თასში რვა გუნდი მონაწილეობს. ჩემი კლუბი CSM ბუქარესტი დაარსდა 2007 წელს, კლუბს ისტორიის მანძილზე არ ჰქონდა დიდ ფინალში ნათამაშები, არცერთ გათამაშებაში და ავტომატურად, ეს ჩვენი კლუბის პირველი დიდი ფინალი და შესაბამისად – გამარჯვება იყო. ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ტიმიშოარა სარასენსი” დავამარცხეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ “ბათუმი” გამოთიშა კონტინენტის ფარის გათამაშებას, ხოლო ფინალში ვიცე-ჩემპიონი “ბაია მარე” დავამარცხეთ.
- ფინალურ შეხვედრაზე რას იტყვით? როგორც ვიცით ძალიან დაძაბული გამოდგა და მინიმალური გამარჯვება (27:26) დამატებით დროში მოიპოვეთ.
- დიახ, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვების გამოსავლენად ორი ათწუთიანი დამატებითი ტაიმი ვითამაშეთ. სადაც, ჯერ “ბაია მარე” დაწინაურდა, ხოლო გადამწყვეტ დროში ლელოთი ვუპასუხეთ და თასიც მოვიპოვეთ.
- მიმდინარე რუმინეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე ხართ, ხოლო “ბაია მარე” მე-2 პოზიციაზეა და მხოლოდ ორი ქულით გისწრებთ (ინტერვიუ გუშინაა ჩაწერილი, დღეს კი CSM ბუქარესტმა 54:14 მოიგო, ხოლო "ბაია მარემ" წააგო და თავართქილაძის გუნდმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა). ანუ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი გუნდების დაპირისპირება იყო?
- ხვალ განახლდება რუმინეთის სუპერლიგა (დღეს განახლდა და როგორც აღვნიშნეთ, CSM ბუქარესტმა მოიგო), სადაც ბოლო ხუთი მატჩი გვაქვს დარჩენილი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ სეზონის ყველაზე მზარდი გუნდი ვართ, მე კონტრაქტი ივლისში გავაფორმე და მაშინ, ჩემს კლუბს არც “ბაია მარესთან” და არც “ტიმიშოარა სარასენსთან” ისტორიის განმავლობაში მოგებული არ ჰქონდა. ასე რომ, მუშაობამ შედეგი გამოიღო, რასაც ორმაგი ენთუზიაზმით და ენერგიით განვაგრძობთ, რომ სუპერლიგის ფინალში გავაღწიოთ. ცხრილის ლიდერი ხვალვე შეიძლება შეიცვალოს.
- ლიდერი “სტიაუა” 12 ქულით გისწრებთ, მაგრამ მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. (ინტერვიუ გუშინაა ჩაწერილი, დღეს კი CSM ბუქარესტმა 54:14 მოიგო, "ბაია მარემ" წააგო და თავართქილაძის გუნდმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ლიდერ "სტიაუასთან" სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა) ე.ი. თქვენი გუნდი პირველობისთვის იბრძოლებს?
- ჩვენ ამ თასის მოგებით დავამტკიცეთ, რომ ლიდერობისთვის და ფინალში თამაშისთვის არაფერს დავიშურებთ და გაასმაგებული ენერგიით ვიშრომებთ, რომ ამ თასს კიდევ ერთი ტიტული შევმატოთ.
- რუმინეთის თასის ფინალი იმითაცაა საინტერესო ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ორ-ორმა ქართველმა ითამაშა, ხოლო თქვენი მხრიდან ომარ ბალიაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. კომფორტული ადგილია ქართველი მორაგბეებისთვის რუმინეთის ჩემპიონატი? ვიცით, რომ თვადაც დიდი ხანი თამაშობდით რუმინეთში.
- კი ბატონო, “ბაია მარეს” რიგებში ითამაშეს ბიძინა სამხარაძემ და იური ნატრიაშვილმა, რომელთანაც თავად მაქვს გატარებული რამდენიმე სეზონი რუმინეთში, ხოლო ჩვენი გუნდის რიგებში ომარ ბალიაშვილმა და დავით გიგაურმა ითამაშეს. მათ უდიდესი შრომა გასწიეს მოედანზე და სხვა ბიჭებთან ერთად, თასის მოგებაში მათი დამსახურება დიდია. რუმინეთი საქართველოს ძალიან წააგავს. პირველ რიგში მე ძალიან მეხმარება ერთმორწმუნეობა, რაც მიადვილებს ბუქარესტში ძალიან კომფორტულად ყოფნას. ასევე ვთვლი, რომ აღმოსავლეთ ევროპა რაღაცით საკმაოდ წააგავს ქართულ მენტალიტეტს. რამდენიმე ქვეყანაში მიცხოვრია და ყველაზე კომფორტულად, ჩვეულებრივად სწორედ რუმინეთში ვგრძნობ თავს. რუმინეთს საქართველოსთან მხოლოდ შავი ზღვა აშორებს.
- თქვენს გუნდში კიდევ ერთი ქართველი, მეორეხაზელი ლაშა აზალაძე ირიცხება. მას არ უთამაშია?
- ლაშას რაღაც პირადი პრობლემები შეექმნა, რამაც საქართველოში დაბრუნება აიძულა ჩვენდა სამწუხაროდ. კლუბმა ძალიან იზარალა მისი წასვლით.
- როგორც ყოფილი მოთამაშე და ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელსაც უმუშავია საქართველოსა და რუმინეთში, გვაინტერესებს თქვენი აზრი დიდი 10-ის და რუმინეთის სუპერლიგის შესახებ. რომ შეადაროთ ეს ორი ჩემპიონატი, რომელი უფრო მაღალი დონისაა და რატომ?
- უდაოდ რუმინეთის სუპერლიგა უფრო მაღალი დონის არის, თამაშის ტემპით და ხარისხით სუპერლიგა ფრანგულ პრო დ2-ს არ ჩამოუვარდება. ეს განპირობებულია იმით, რომ გუნდებში ბევრი უცხოელი მოთამაშე ირიცხება, რაც მეტ ელფერს მატებს გუნდების თამაშის ხარისხს, ტემპი ბევრად მაღალია, ვიდრე დიდ 10-ში. აქაური ჩემპიონატი ბევრად კონტაქტურია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფიზიკურად უფრო მაღალი, მასიური მოთამაშეები თამაშობენ. ერთერთი ნიშანი სუფთა სათამაშო დროც არის, რომელიც თამაშის შემდეგ დგება ხოლმე და 40 წუთამდე ადის სუფთა სათამაშო დრო (Ball in plays). 12-15 ფაზიანი შეტევები აქ არავის უკვირს. ამიტომაც, თვით მომზადების სტილი აქ ბევრად სხვანაირია, ვარჯიშები უფრო მოკლე და უფრო მაღალი ინტენსივობის არის.
- რუმინეთში კლუბების ბიუჯეტი და მოთამაშეების ხელფასი როგორია? გვაინტერესებს, ფინანსურად რამდენად ძლიერი ჩემპიონატია სუპერლიგა.
- ჩემი კლუბის ბიუჯეტი 5-6 ჯერ აღემატება დიდი 10-ის ყველაზე მდიდარი კლუბის ბიუჯეტს, მაგრამ ამით საქართველოს ჩემპიონატის გუნდების თამაშებს არ ვაკნინებ. ბევრი ძალიან საინტერესო და მაღალი დონის მატჩებით ანებივრებენ გუნდები გულშემატკივრებს, რაც ჩემპიონატის პროგრესზე მიუთითებს. ვთვლი, რომ სწორი გზა არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ მწვრთნელთა სწორად განვითარებაშია, რაზეც ძალიან კარგად ზრუნავს საქართველოს რაგბის კავშირი განვითარების ჯგუფთან ერთად, მათი ინიციატივით გავემგზავრე გასული წლის მაისში მესამე დონის “მსოფლიო რაგბის” მწვრთნელთა სემინარებზე, სადაც 8-თვიანი საშინაო დავალების შესრულების შემდგომ, მიმდინარე წლის იანვარში პარიზში მეორე ეტაპზე 60-დან 15-მა მწვრთნელმა მივიღეთ ”მსოფლიო რაგბის” მესამე დონის სერთიფიკატი. სამომავლო, უახლოეს პერსპექტივაში კი უკვე გადაწყვეტილია, რომ ივლისში მივემგზავრები ახალი ზელანდიის ერთ-ერთ უძლიერეს ფრანჩიზ “კრუსეიდერსში”, საერთაშორისო მაღალი განვითარების მწვრთნელთა კურსზე, სადაც განმანათლებლები თვით “კრუსეიდერსის” მწვრთნელები იქნებიან.
- თქვენი აზრით, ევროტურნირებზე რატომ უჭირთ რუმინულ კლუბებს? ვგულისხმობ იმას, რომ ჩელენჯ ქაფზე ბოლო ორი ასპარეზობა რუმინულმა კლუბებმა ყველა წაგებით დაასრულეს, ხოლო შარშან კონტინენტის ფარზე “ტიმიშოარა სარასენსმა” “კრასნი იარს” ვერ აჯობა და ჩელენჯ ქაფზე ვეღარ გავიდა. რუსული კლუბები კი როდესაც ამ ტურნირზე გადიან, თამაშის მოგებასაც ახერხებენ.
- საინტერესო კითხვაა, მე დიდად არ დავკვირვებივარ გასულ წლებში რუმინული კლუბების მოღვაწეობას და მონაწილეობას ევროტურნირებში. რუსულ კლუბებზე რაც შემიძლია ვთქვა, მაღალი ბიუჯეტი მათთვის ახალი ამბავი არაა, მაღალი დონის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი, რომლებიც როგორც ვიცი, ძალიან დიდი ხანია უკვე ერთად თამაშობენ, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა რაგბში, როდესაც ერთი მოთამაშეთა ჯგუფი წლებია სისტემატიურად ერთად თამაშობს. რუმინულ კლუბს “ტიმიშოარას” ზუსტად ერთი თამაში აშორებს ჩელენჯ ქაფამდე, ორ კვირაში გასვლაზე “ჰაიდელბერგს” ეთამაშებიან და ვნახოთ რა შედეგით დასრულდება.
- რომ გაიხსენოთ და შეადაროთ “ბათუმის” და “ტიმიშოარა სარასენსის” მატჩები, აშკარა იყო, რომ “ტიმიშოარა” უფრო ძლიერი გუნდია?
- არა, რომ ვთქვათ ძალიან დიდი სხვაობა იყო გუნდებს შორის, სწორი არ იქნება. თუმცა, ეს არც “ტიმიშოარასთვისაა” საუკეთესო წელი, რომელიც ამ სეზონში სამჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ამით “ბათუმს” არ ვაკნინებ. ქართველებს და ქართულ ხასიათს ახასიათებს უცხო გუნდებთან ბევრად უფრო მობილიზება და უკეთესად წარმოჩენა საკუთარი თავის. მეორე თამაშში უფრო გაუჭირდა “ბათუმს”, როგორც გახსოვთ, რაც ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო “ბათუმისთვის”. ძალიან კარგი თამაშები ჩაატარეს და სათანადო გამოცდილება მიიღეს, როგორც მოთამაშეებმა, ისევე მწვრთნელეებმა.
- სუპერ რაგბის გამარჯვებულში გამგზავრება ახსენეთ, რაც ძალიან საინტერესოა. რომ გვითხრათ დეტალები ამის შესახებ. რამდენი ხნით მიემგზავრებით, რა მიზნით და ვინაა ამ პროგრამის ორგანიზატორი?
- International high performance coaching course – ასე ჰქვია კურსის სახელწოდებას, რომელსაც “კრუსეიდერსი” ატარებს ყოველ წელს. საგანმანათლებლო კურსს თავად “კრუსეიდერსის” მწვრთნელები ატარებენ, მათთან ერთადაა ასევე აკადემიის დირექტორი და განვითარების მენეჯერი. კრაისტჩერჩში მივემგზავრები ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, კურსი სამკვირიანი იქნება, რომელიც ჩატარდება კრაისტჩერჩში, “კრუსეიდერსის” ბაზაზე. მესამე დონის შემდეგ, ეს კურსი ალბათ უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას მომცემს, რაც ჩემი სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ ვიშურებ არც ერთ წამს იმისთვის, რომ ბევრად სწრაფად განვვითარდე, რადგან თანამედროვე რაგბი სწრაფად პროგრესირებადი გახდა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მიზანი, რომ გავხდე ერთერთი საუკეთესო და სამაგალითო იმ საქმეში, რაც ასე ძალიან მიყვარს და თითქმის მთელი ცხოვრება ამ საქმეს შევწირე.
- მშვენიერ დროს უწევს თან, “ზე რაგბის” პლეი-ოფები ზუსტად მაგ დროს უწევს და ალბათ საკუთარი თვალით ასეთი დონის მატჩების ხილვა, კარგი გამოცდილების მომტანი უნდა იყოს.
- დიახ, დაგეგმილია უკვე “კრუსეიდერსის” ერთ-ერთ საშინაო თამაშზე ჩვენი კურსის მონაწილეთა დასწრება. ასევე იმასაც გეტყვით, რომ რუმინეთის რაგბის კავშირმა შემომთავაზა თანამშრომლობა, 20-წლამდელთა ნაკრებში მწვრთნელობა, რომელიც გუშინ გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ მსოფლიო თასის ალაფაზე მიიღებენ მონაწილეობას.
- მთავარი მწვრთნელობა შემოგთავაზეს?
- არ იყო დაკონკრეტებული. ჩვენ მხოლოდ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ და ჩემს სურვილებზე. უბრალოდ მსურს, რომ კლუბთან ერთად ვაჩვენო შედეგი, რადგან ჩემი სამწვრთნელო მოღვაწეობის პირველი წელია რუმინეთში.
- შერკინების მწვრთნელი ხართ და რუმინეთი ტრადიციულად ძალზე ძლიერია ამ ასპექტში. მომავალი თაობა როგორი მოსდით? მოთამაშეების ნატურალიზაციამ და ბევრმა ლეგიონერმა ხელი ხომ არ შეუშალა ადგილობრივი მორკინალების განვითარებას?
- დიახ, რა თქმა უნდა ხელი შეუშალა. ფიზიკურად რომ შეხედოთ, რუმინელებს გენეტიკურად მაღალი, მსხვილი გენი აქვთ. ჩემი აზრით, უფრო გამართული სისტემა სჭირდებათ, რათა ბევრად უფრო სწორ განვითარების გზას დაადგნენ და ასეც იქნება ალბათ. მაგალითად, საქართველოში ჭირს ახალგაზრდა, მაღალი ბიჭები სარაგბო გუნდებში. ჩვენს გუნდში კი, ორი 19 წლის 203 სანტიმეტრი სიმაღლის მეორეხაზელები ირიცხებიან, რომლებიც ახლა 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად არიან. ალბათ უკეთესი სისტემა, უფრო ფეხზე წამოაყენებს რუმინულ რაგბს.
- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკვე იტალიას და არგენტინას უგებს, ხოლო რუმინეთი ალაფადან ვერ ამოდის. თქვენი აზრით, მხოლოდ სისტემის ბრალი არის თუ შედარებით სუსტი თაობა ყავთ?
- ყველაფერი ერთად, ჩვენ მაგ ასაკობრივ ნაკრებში და ზოგადად ახალგაზრდულ გუნდებში, თაობებში ბევრად წინ ვართ, რაც სწორ მუშაობაზე, განვითარებაზე, კარგ თაობასა და სისტემაზე ერთად მეტყველებს. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე ერთერთი გრანდთაგანიც გახდება 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში.
- საქართველოში ორი საკითხი ძალიან აქტუალურია: 6 ერში შესვლა, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურად ჩანს და ფრანჩიზი პრო 14-ში. როგორ ფიქრობთ, რა გზას უნდა დაადგეს ქართული რაგბი და როგორ წარმოგიდგენიათ ქართული რაგბის განვითარება ასეთ ძლიერ ტურნირებში ჩართვის შემთხვევაში?
- 6 ერში მონაწილე ყველა გუნდი უძლიერესია. იტალიაც, რომელიც ბოლო წლებში სულ ბოლო ადგილზეა, წლევანდელმა გათამაშებამაც დაგვანახა, რომ ძალიან კარგი გუნდია. ვთვლი, რომ თავდაპირველად გაგვიჭირდება სისტემატიურად მაღალ დონეზე თამაში, თუმცა ზუსტად მაგით განვსხვავდებით სხვებისგან, რომ ბრძოლისუნარიანი ხასიათი გვაქვს და ძალიან დიდი მიზანი, რომ ბევრად წინ წავიდეს ქართული რაგბი და ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი ნაკრებისთვის, რაგბის კავშირისთვის და ზოგადად ერისთვის. ვთვლი, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება 6 ერი, ეს თითოეულ ქართველს უნდა. საქართველოში რაგბი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა და ეს კიდევ უფრო დიდ პროგრესს მოიტანს ქართულ რაგბში. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მივულოცო! მწვთნელებს, მოთამაშეებს და ა.შ. ვიცი რამხელა შრომა გაიწია იმისთვის, რომ საფრანგეთი დაგვემარცხებინა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, უფრო მეტი პროფესიონალი, მოთმინება და შრომა წაგვწევს წინ. ჩვენ არ ვართ დიდი სარაგბო ქვეყანა, როგორებიც ბობოლა ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია და სხვები არიან. ყოველდღიური სწორი შრომა მოგვიტანს შედეგს. რაც შეეხება განვითარების მეორე გზას ანუ პრო 14-ს, ყველანაირი ფანჯარა, ტურნირი, ჩვენი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და მნიშვნელოვანია.
- რუმინეთის შესახებ დიდი სკანდალია... დიდი შანსია, დისკვალიფიკაცია მისცენ ტონგელი მოთამაშის არასწორად ნატურალიზების გამო და ასევე, ბელგია-ესპანეთზე გადათამაშება დანიშნონ (ინტერვიუ “მსოფლიო რაგბის” განცხადების გავრცელებამდე ჩაიწერა, რომელიც მატჩის გადათამაშებას ეხება). რა გამოძახილი აქვს ამ ფაქტს რუმინეთში, რას ამბობენ?
- როგორც ვიცი, ამ სკანდალში მხოლოდ რუმინეთი არაა გახვეული. ნატურალიზების მხრივ, იგივე პრობლემების წინაშე არიან ესპანეთი, ბელგია და თუ არ ვცდები გერმანიაც. ყველა “რაგბი ევროპის” და “მსოფლიო რაგბის” გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომ მალე გაირკვეს, თუ ვინ წავა პირდაპირ იაპონიაში და ვინ ითამაშებს პორტუგალიასთან პლეი-ოფს აპრილის ბოლოს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ამ საკითხზე აქ ბევრს არავინ საუბრობს.
- ისევ თქვენს კლუბს მივუბრუნდეთ. თუ კონტინენტის ფარზე გახვალთ, უფრო გაძლიერდებით?
- აუცილებლად. წელსაც მოვახდინეთ რამდენიმე ტრანსფერი, 1 რუმინეთის ნაკრების ნატურალიზებული, აფრიკელი მეორეხაზელი დავიმატეთ, რასაც მოჰყვა ირლანდიის 7-კაცას ერთერთი გარემარბის და ავსტრალიელი შუამარბის დამატება. აუცილებლად ვგეგმავთ სუსტი რგოლების ამოვსებას ძლიერი მოთამაშეებით. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ახლა უფრო ფოკუზირებულები სუპერლიგაზე ვართ, რომელიც დღეს განახლდება.
- ქართველი მოთამაშეების დამატებაზე ხომ არაა საუბარი?
- იყო რაღაც მოლაპარაკებები, რომელიც ვერ შედგა. ვნახოთ, ამ ეტაპზე სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ სამწვრთნელო შტაბი.
- ივლისიდან “CSM ბუქარესტში” მუშაობთ. რომ შეაფასოთ ეს პერიოდი, რა მოგცათ აქ გატარებულმა დრომ და რით ხართ განსაკუთრებით კმაყოფილი?
- აქ გატარებულმა დრომ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და ალბათ თვითდაჯერებულობაც, განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობის შედეგით, რაც გუნდს აშკარად დაეტყო.
- და თქვენი მომავალი როგორ გესახებათ? რა არის თქვენი, როგორც მწვრთნელის უმთავრესი მიზანი?
- ვიყო საუკეთესო – ესაა ჩემი მიზანი.
- რომელი უცხოური სარაგბო ნაკრები მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?
- მე მწვრთნელები უფრო მომწონს, ანუ მაგალითად ინგლისის ნაკრები მომწონს, რადგან ედი ჯონსს ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე მისი მუშაობის სპეციფიკიდან. ასე რომ, ვთვლი, გუნდი მწვრთნელის სახეა.
- რომ შეგეძლოთ, რომელ კლუბს აირჩევდით, სადაც იმუშავებდით?
- ალბათ ერთ-ერთ ახალზელანდიურ კლუბს, “კრუსეიდერსს” ან “ჰარიკეინსს”.
- 2019 წლის მსოფლიო თასზეც მინდა საკუთარი აზრი გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რა შეუძლია რეალურად საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან რთულია ახლა ამის თქმა. აშკარაა, რომ ნაკრების მიზანი 2 თამაშის მოგებაა. ჩვენ ფიჯი უკვე დავამარცხეთ, თუმცა არა მსოფლიო თასზე. ვიცით, თუ როგორ სჩვევიათ კუნძულელებს მსოფლიო თასებზე აბსოლუტურად სხვა ფორმაში ყოფნა. თუმცა, ვთვლი, რომ 2 მატჩის მოგებას შევძლებთ. ძალიან საინტერესო ორი შეხვედრა გველის უელსთან და ავსტრალიასთან. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ზეწოლა არა ჩვენზე, არამედ მათზე იქნება, რადგაც ჩვენ ყველას ვანახეთ უელსთან და არგენტინასთან გამართული ტესტ-მატჩებით, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ და ვთვლით, რომ მსოფლიო თასზეც შევძლებთ საინტერესო შედეგის მიღწევას. დროა ვანახოთ ყველას, რომ საქართველო 6 ერის ღირსია!
- და ბოლოს, შეგიძლიათ ის თქვათ, რაც გსურთ. მიმართოთ ხალხს: გულშემატკივრებს, მეგობრებს და ა.შ.
- პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში! მსურს, მივულოცო ევროპის ჩემპიონობა 18-წლამდელთა ნაკრებს, ევროვნულ ნაკრებს კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დიდი სლემით მოგება, ხოლო 20-წლამდელებს წარმატება ვუსურვო მომავალ მსოფლიო თასზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი ვერ გავიგე მხოლოდ, კუსეიდერსში საქართველოს რაგბის კავშირი უშვებს ლაშას თუ რუმინეთის? ლოგიკურად ალბათ რუმინეთის? P.S. ''ედუკატორის'' ნაცვლად სიტყვა ''განმანათლებლის'' ხმარებას გიწონებთ და მივესალმები!
კარგი სტატიაა! წარმატებები ლაშას!