ამბები

18:01 | 5.04.2018 | ნანახია 3467 - ჯერ

ბექა გიგაშვილი და "გრენობლი" - 2021 წლამდე

ქართველმა პირველხაზელმა ბექა გიგაშვილმა თავის ფრანგულ კლუბთან, პრო დ2-ის ცხრილში დღესდღეობით მე-4 (საპლეიოფო) ადგილზე მყოფ "გრენობლთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.

ეს მორაგბე 2015 წლის ზაფხულში ფედერალ 1-ის "შამბერის" შეუერთდა, 46 მატჩში 6 ლელო მიითვალა და 2016 წლის ნოემბერში მისი პერსონით იმხანად ტოპ 14-ში მოასპარეზე "გრენობლი" დაინტერესდა. კლუბის ვიდეოანალიტიკოსმა მაშინ ქართველი ასე დაახასიათა: "სრულყოფილი მოთამაშეა. შერკინებაში უძლიერესია. ძალიან მრავალმხრივი მორაგბეა და შერკინების პირველ ხაზში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ეს დიდი პლუსია მწვრთნელებისთვის. შრომისუნარიანი სპორტსმენია, გიგაშვილი ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩამოვიდა, არადა წელიწადზე ოდნავ მეტია გასული".

მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა და გასული წლის ზაფხულში ბექა უკვე პრო დ2-ში დაქვეითებულ გრენობლელებს შეუერთდა. გიგაშვილი კარგად მოერგო ახალ გუნდს და მალევე მის განუყოფელ ნაწილად იქცა. 26 წლის ბურჯმა პრო დ2-ში 12 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 5-ში სასტარტო №3 იყო, 23 თებერვალს კი, "ნარბონთან" გასვლით შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა. გაირკვა, რომ გიგაშვილი მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებდა და "გრენობლმა" მის ნაცვლად "სამედიცინო ჯოკერიც" კი დაიმატა...

საყურადღებოა, რომ "გრენობლმა" 3-წლიანი კონტრაქტი ტრავმირებულ მორაგბეს გაუფორმა, იმდენად მოაწონა თავი ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ში დაბრუნებისთვის მებრძოლი კლუბის მესვეურებს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ძალიან კარგ მორაგბეს და ეჭვგარეშეა, რომ მისი წარმატებების შესახებ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს წერა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:06 | 05.04.2018
temuchin (431)

წარმატებები და აწი უტრავმო კარიერა ბექა!

19:35 | 05.04.2018
თორღვა პანკელი (387)

წარმატებები! ჩინებული მორკინალია.

19:30 | 05.04.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისუევებ ბექა ! ! !

0.085493