უცხოური

13:08 | 5.04.2018 | ნანახია 2147 - ჯერ

„მსოფლიო რაგბში“ ფაკაოსილეაზე მოკვლევა დაიწყო

„მსოფლიო რაგბში“ რუმინეთის ნაკრების წარმოშობით ტონგელი მოთამაშის, სიონე ფაკაოსილეას საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის რაგბის კავშირის სარჩელი მიიღო და გამოძიება დაიწყო.

ფაკაოსილეა რუმინეთის ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ეს უფლება მან რუმინეთში სამი წლის ცხოვრების შედეგად მიიღო, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუმინელებმა ბელგია-ესპანეთის სკანდალური მატჩის შემდეგ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს, რუსებმა „მუხების“ ლეგიონერების წარმომავლობა გადაჩხრიკეს და აღმოაჩინეს, რომ ჯერ კიდევ 2013/2014 წლების სეზონში სიონე ტონგას 7-კაცა ნაკრებში, მსოფლიო სერიაში თამაშობდა.

ამან ვითარება რადიკალურად შეცვალა. მსგავსი სიტუაცია ადრე საფრანგეთის ნაკრებს ჰქოდა და „ლე ბლემ“ კუნძულელის ნატურალიზირებაზე ბოლო მომენტში ხელი აიღო, რადგან ეს კანონდარღვევად მიიჩნია.

მოკლედ, თუ „მსოფლიო რაგბმა“ რუმინეთის ნაკრებში ფაკაოსილეას თამაში უკანონოდ მიიჩნია, სასჯელი, შესაძლოა, რამდენიმე იყოს. თუ „მუხებს“ ტონგელის მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში წაგებები ჩაეთვლებათ, შესარჩევში პირველ ადგილს რუსეთი დაიკავებს და შესაბამისად, იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო ესპანეთი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. თუ რუმინელებს დისკვალიფიკაციას მიუსჯიან, პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური ესპანეთს გადაეცემა, ხოლო რუსეთი პლეი-ოფში ითამაშებს.

ორივე ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში, საქართველო 2017 წლის რაგბი ევროპის გამარჯვებულად გამოცხადდება.

დაბოლოს, „მსოფლიო რაგბმა“ უნდა იჩქაროს, რადგან სამოასა და ევროპის მეორე გუნდს შორის პლეი-ოფი 9 და 23 ივნისს უნდა გაიმართოს, ხოლო მანამდე, "რაგბი ევროპის" მეორე გუნდი „ალაფის“ გამარჯვებულ პორტუგალიას უნდა შეხვდეს (ერთი მატჩი აპრილში ან მაისში).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:46 | 05.04.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

0.083388