ქართული

14:48 | 4.04.2018 | ნანახია 1392 - ჯერ

ბილბაოს გზაზე

მაშ ასე, სარაგბო ევროთასების 2017/2018 წლების სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჩემპიონთა თასზე დარჩა ორი ნახევარფინალური და ერთი ფინალური მატჩი, ჩელენჯ კაპზე იგივე სიტუაციაა, ხოლო კონტინენტურ ფარზე, მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე იქაც 3 თამაშია დარჩენილი, სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია: ნახევარფინალი მიმოსვლით, 2 მატჩად ტარდება, და იქ წყვილების პირველი მატჩები უკვე გაიმართა.

ფინალების ადგილი წელს ბასკთა ქვეყნის მთავარი ქალაქი ბილბაოა. 11 მაისს სახელგანთქმულ „სან მამესზე“, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება ჩელენჯ კაპის ფინალური მატჩი, ხოლო მეორე დღეს, 12-ში, 19:45-ზე იგივე არენაზე ჩემპიონთა თასის ფინალის სტარტია. კონტინენტური ფარის გადამწყვეტი მატჩიც „სან მამესზე“ გაიმართება, ოღონდ ამ შეხვედრის დრო და თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება, თუმცა, ის კი ცნობილია, რომ ეს თამაში იგივე უიქ-ენდზე დაინიშნება.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ბილბაოს ფინალებში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონთა თასზე ერთი ჩვენებურია დარჩენილი - პარიზის „რასინგში“ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ვასილ კაკოვინი გამოდის, ჩელენჯ კაპზე უელსური „კარდიფ ბლუზია“, რომლის მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილია, მაგრამ ორივეს ფინალისტობა ჯერ არ მოუპოვებია. აი, კონტინენტურ ფარზე კი ერთ ნახევარფინალურ წყვილში ჯამში 6 ქართველი მორაგბე ირიცხება. კრასნოიარსკული კლუბებიდან ერთ-ერთი აუცილებლად ითამაშებს ბილბაოს ფინალში და მასთან ერთად - მინიმუმ 2 ქართველიც. ნახევარფინალის პირველ მატჩში მიხეილ გაჩეჩილაძისა და დავით კაჭარავას „ენისეიმ“ სოლიდური სხვაობით დაამარცხა თანაქალაქელი „კრასნი იარი“, რომელშიც სოსო მათიაშვილი, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე და მიხეილ წიკლაური თამაშობენ...

მოკლედ, ქართველების გარეშე ფინალი არ ჩაივლის, ხოლო რამდენი ჩვენებური იქნება ბილბაოში, შემდეგ თარიღებში გაირკვევა (თბილისის დროით):

ჩემპიონთა თასი

21 აპრილი. 18:30. „ავივა“ (დუბლინი, ირლანდია)

ლენსტერი (ირლანდია) - სკარლეტსი (უელსი)

22 აპრილი. 18:15. „შაბან-დელმასი“ (ბორდო, საფრანგეთი)

რასინგი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია)

ჩელენჯ კაპი

20 აპრილი. 22:45. „კონგსჰოლმი“ (გლოსტერი, ინგლისი)

გლოსტერი (ინგლისი) - ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი)

21 აპრილი. 16:00. „არმს პარკი“ (კარდიფი, უელსი)

კარდიფ ბლუზი (უელსი) - პო (საფრანგეთი)

კონტინენტური ფარი

21 აპრილი. 12:00. „კრასნი იარი“ (კრასნოიარსკი, რუსეთი)

კრასნი იარი (რუსეთი) - ენისეი (რუსეთი)

პირველი მატჩი - 22:47

21 აპრილი. 17:00. „შპორტცენტრუმ ზიუდი“ (ჰაიდელბერგი, გერმანია)

ჰაიდელბერგი (რუმინეთი) - ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი)

პირველი მატჩი - 20:26


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101226