ქართული

11:49 | 3.04.2018 | ნანახია 1056 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: "ლელომ" ლიდერობა განიმტკიცა

ჭაბუკთა "ა" ლიგის დასავლეთის ჯგუფში, მე-5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში "აია აია" მოექცა. ანზორ ჩუბინიძის თასზე მონაწილე გუნდების კენტი ოდენობის გამო, ტურში ამჯერად "აია სათაფლია" ისვენებდა. ლიდერის უთამაშებლობით კარგად ისარგებლა გიგა გურეშიძის გუნდის კონკურენტმა "აია აიამ". სერგო ფრუიძისა და ტიხონ ხახალეიშვილის შეგირდებმა ასპინძაში, "ტაოს" 7 ლელო გაუტანეს და მასპინძლებს პრემიით 7:39 სძლიეს. "დუბლი"- რიონისპირელთა ფრთების მოთამაშეებმა ბაჩო მებონიამ და ამირან გუბელაძემ შეასრულეს. ბექა ოქრუაძისა და დათო კაპანაძის გუნდი "მშრალი" ანგარიშით მარცხისაგან შუამარბ დავით სამსონაძის ლელომ იხსნა. ანზორ ჩუბინიძის თასის მფლობელი მომდევნო ტურში, ლიდერთა რიონისპირულ დერბიში გაირკვევა.

ხაშურში, ადგილობრივი "ლეგიონისა" და აუტსაიდერ ბათუმის დაპირისპირებაში, ატალახებულ მოედანზე, დამძიმებული გრუნტის მიუხედავად თვალსასეირო ბურთაობა გაჩაღდა. გიორგი ჩუბინიძის ბიჭები ფავორიტ მასპინძლებს ტოლს არ უდებდნენ და 2 ლელოს გატანაც მოახერხეს. შიდა ქართლელთა უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა. დათო სტეფანოვის შეგირდებმა სტუმრების რამდენიმე დერეფანი მოიგეს და მეტოქეს სტატიკაში-შერკინებაშიც აჯობეს. ხაშურელთა მარცხენა ფრთა თედო ბუხრიკიძემ "დუბლი" შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, "ლეგიონის" მგეზავმა მიშო ჩადუნელმა (უნარიანი და გააზრებული თამაშით გამოირჩა) კი ბოლო წუთებზე გატანილი ლელოთი მასპინძლებს საშური პრემიით 33:10 მოაგებინა. აღნიშნულმა გამარჯვებამ სტეფანოვის ბიჭებს ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა.

კიდევ ერთი ქუთაისური გუნდი, "აია არესი" ტურნირზე პირველ გამარჯვებას ეშურებოდა. ალეკო ნიქაბაძის ბიჭები, ქობულეთის "პონტოსთან" საშინაო შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე, ბურჯ გიორგი ბოგვერაძის ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო შეტევაში აჭარელთა ჰავბეკმა მირიან ტაკიძემ 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით საკუთარ გუნდს პირველობაზე მეორე გამარჯვება არგუნა 20:22. აღებულმა ნუგეშმა, " აია არესს" ბოლო ადგილისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის წინ შექმნილ გუნდში საოცარი ერთსულოვნება და თამაშის ჟინი სუფევს. გამოცდილ და კვალიფიციურ მწვრთნელ ალეკო ნიქაბაძეს ზესტაფონიდან, ბაღდათიდან, ვანიდან, სამტრედიიდან და თვით მარტვილიდან (5 მორაგბე) მავალი ჭაბუკები ვარჯიშსაც კი არ უცდენენ და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, რაგბისადმი ერთგულებასა და სიყვარულს იღრმავებენ.

აღმოსავლეთ ჯგუფის ლიდერი "ლელო", მე-6 ტურში, გორში "ჯიქი წიქარას" ესტუმრა და აუტსაიდერი იოლად, 3:29 დაამარცხა. ჩემპიონმა 5 ლელო გაიტანა. შუამარბმა ლუკა კოროშინაძემ "დუბლი" შეასრულა. შიდაქართლელები "მშრალი" ანგარიშით მარცხისაგან მგეზავ ვახო ახვლედიანის ჯარიმამ იხსნა. მართალია, ოთარ ბარკალაიას ბიჭები მდევარს 5 ქულით მოწყდნენ, თუმცა ჩემპიონს ტურნირზე დარჩენილი 3-ივე მატჩის გამართვა მოწინავე კვინტეტში მყოფ გუნდებთან უწევს, რაც ქომაგს არაერთ საინტერესო და სანახაობრივ შეხვედრას ჰპირდება.

მიჯრით მე-5 შეხვედრა მოიგო "ხვამლმა". "შევარდენზე", "ლოკომოტივი ხულიგანასთან" შეხვედრის პირველი ტაიმში მეტოქეებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს და "ხვამლი" შესვენებაზე მცირე უპირატესობით წავიდა 5:8. მეორე ტაიმში კი რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის გუნდის უპირატესობა გამოკვეთა. მუხიანელები ხაზსში კარგად ირჯებოდნენ და ხელით თამაშიც გამოსდიოდათ. ზურა ქობელაშვილის, ლაშა კაკაურიძის, ანტონ ცილიკურისა და ნიკა მჭედლიშვილის 4 ლელოს წყალობით "ხვამლმა" პრემიით 8:34 იმარჯვა, რამაც მუხიანელებს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. მართალია, "ხარებმა" პირველი ტაიმი "სამთასთან" 7:8 დათმეს, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის შეგირდებმა სწრაფი, დინამიური თამაში გააჩაღეს, ოვალიც უკეთ ჩაათამაშეს და ფეხით თამაშშიც არ მოიკოჭლეს. მართალია, მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა ფულბეკ სოსო გაგიშვილის 2-მა რეალიზაციამ და 4-მა გატანილმა ჯარიმამ მატჩის ბედი ქვემოქართლელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა 26:13. "ხარები" ცხრილში "სამთას" გაუტოლდნენ და უკეთესი პირისიპირ ბალანსის ქონის გამო მე-3 ადგილზე დამკვიდრდნენ.

"არმაზმა" ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. დათო კიკნაძისა და დავით გეგეშიძის შეგირდებმა "შევარდენზე" "არმიას" 10 ლელო გაუტანეს და მეტოქე 6:66 გაანადგურეს. ვაზისუბნელთა შუამარბმა ომარ ფერაძემ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა. "ჯარმა", "ჯიქი წიქარას" მსგავსად ყველა შეხვედრა წააგო, თუმცა აქტივში 2 ნუგეშ-ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება.

"აკადემიამ" 5 საცხრილო ქულა ოფლდაუღვრელად აიღო. "მხატვრებს" პატარძეულის "ვეფხვები" არ გამოუცხადდა. მატჩის დღეს პატარძეულს საპასუხო ვიზიტით ბერლინის 18 წლამდელთა რაგბის კლუბი ეწვია და გარე კახელები სტუმრებს საკადრისად დაუხვდნენ, ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს და გერმანელი ჭაბუკები სამშობლოში დიდი შთაბეჭდილელებით გაამგზავრეს.

მორიგი, მე-7 ტური 2 კვირის შემდეგ გაიმართება. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი "ლელო" რუსთავის "ხარებს" საკუთარ არენაზე, მესამე მასივში უმასპინძლებს. ინტერესმოკლებული არც "სამთასა" და "ლოკომოტივი ხულიგანას" დაპირისპირება არ უნდა გამოდგეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:52 | 03.04.2018
temuchin (431)

ამ თამაშების გამართვის დრო და ადგილი იდება ხოლმე სადმე წინასწარ? რაგბის ოფიციალურ საიტზე მხოლოდ დღეებია მითითებული მომავალი ტურის და ისიც დაახლოებით.

0.087675