ევროთასების 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები, ქართველი მორაგბეების კლუბებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩემპიონთა თასზე ჩვენებურების ოთხმა კლუბმა ითამაშა, საიდანაც მხოლოდ ერთი გავიდა ნახევარფინალში, ხოლო ჩელენჯ ქაფზე სამმა “ქართულმა” კლუბმა იასპარეზა და შემდეგ ეტაპზე აქაც მხოლოდ ერთი გავიდა.
დავიწყოთ ჩელენჯ ქაფით. პარასკევის მატჩებზე უკვე გესაუბრეთ და გითხარით, რომ ზურაბ ჟვანიას და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” გასვლაზე “პოსთან” დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო სოსო ბეკოშვილის, კახა ასიეშვილის და ვასილ ლობჟანიძის “ბრივი” სტუმრად “ნიუკასლ ფალკონსთან” დამარცხდა.
სამაგიეროდ, ივარგა ანტონ ფეიქრიშვილის “კარდიფ ბლუზმა”, რომელმაც გასვლაზე “ედინბურგის” დაჯაბვნა მოახერხა. უელსელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, რასაც მეტოქემ ერთი ჯარიმით უპასუხა. მეორე ნახევარში შოტლანდიელებმა კვლავ ერთი ჯარიმა გაიტანეს, სტუმრებმა კი ორი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და საბოლოოდ “კარდიფ ბლუზმა” 20:6 იმარჯვა. ქართველი მარჯვენა ბურჯი მარქაფაში გახლდათ და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.
გეტყვით, რომ ბოლო 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში “გლოსტერმა” სტუმრად “კონახტი” 33:28 დაამარცხა. ნახევარფინალურ მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის “კარდიფ ბლუზი” შინ “პოს” მიიღებს, ხოლო “გლოსტერი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ფალკონსს” დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ჩემპიონთა თასს. პარასკევს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” გასვლაზე “სკარლეტსს” შეერკინა და 29:17 დამარცხდა. ქართველ ბურჯს არ უთამაშია.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და ბადრი ალხაზაშვილის “ტულონი” სტუმრად ეთამაშა “მანსტერს” და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ფრანგები 6 ქულით იგებდნენ, მაგრამ ენდრიუ კონვეიმ შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო გაიტანა, რომლის გარდასახვაც კეთლის არ გასჭირვებია და ირლანდიელებმა 20:19 იმარჯვეს. სტუმართაგან ქართველებს არ უთამაშიათ.
ქართველი ბურჯების დაპირისპირება ვიხილეთ “კლერმონის” და “რასინგ 92”-ის მატჩში. მასპინძელთა რიგებში 65-ე წუთზე გამოჩნდა დავით ზირაქაშვილი. მან ამ დროში ერთხელ შეუტია, ერთხელაც მცველი ჩამოიშორა და 4-ჯერ მეტოქე შებოჭა. სტუმართა შორის 50-ე წუთზე თამაშში ჩაერთო ვასილ კაკოვინი. მან 4-ჯერ შეუტია, 10 მეტრი მოიგო, 1 პასი გააკეთა, 3-ჯერ მოწინააღმდეგე შებოჭა და ერთხელ დაჯარიმდა.
“ვულკანების” განაცხადში არ ყოფილან დანარჩენი ქართველი მორაგბეები: ბექა კაკაბაძე, ოთარ გიორგაძე და ვიქტორ კოლელიშვილი. მასპინძლებმა ტაიმი 14:13 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში “რასინგ 92” გაცილებით კარგად გამოიყურებოდა და საბოლოოდ 28:17 იმარჯვა.
ბოლო 1/4 ფინალურ დუელში “ლენსტერმა” მოქმედი ჩემპიონი “სარასენსი” დამაჯერებლად 30:19 დაამარცხა და ჩემპიონთა თასს ახალი გამარჯვებული ეყოლება.
ნახევარფინალურ მატჩებში “ლენსტერი” “სკარლეტსს” უმასპინძლებს, ხოლო ვასილ კაკოვინის “რასინგ 92” “მანსტერს” დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია