ლეგიონერები

3:00 | 31.03.2018 | ნანახია 1893 - ჯერ

ქართველების “ბრივი” და “სტად ფრანსე” ჩელენჯ ქაფს გამოეთიშნენ

ევროპის ჩელენჯ ქაფის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნენ ფრანგული “ბრივი” და “სტად ფრანსე”, რომლებშიც ჯამში 5 ქართველი მორაგბე ირიცხება.

კახა ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილის და ვასილ ლობჟანიძის “ბრივი” გასვლაზე “ნიუკასლ ფალკონსს” დაუპირისპირდა და ინგლისელთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. პირველ ტაიმი დაძაბული გამოდგა, რომელშიც მასპინძლებმა 12:10 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს, ორი გარდაუსახავი ლელო და ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ 25:10 იმარჯვეს. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი, რომელმაც 53-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა და დასკვნითი 25 წუთი ირაგბა. კახა ასიეშვილს კი არ უთამაშია, რადგან “ბრივს” ტოპ 14-ში დარჩენისთვის გადამწყვეტი მატჩები ელის და ქართველ მარცხენა ბურჯსაც ამ მატჩებისთვის ასვენებენ.

გაცილებით უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფრანგული ჯახი. “პომ” “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით აჯობა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, 27:14 მოიგეს და თანაც, ერთი ლელო გაწითლებულ დროში გაუშვეს. მეორე ნახევარში სტუმრები უკეთ ათამაშდნენ და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ 13-ქულიანი სხვაობა ვეღარ აღმოფხვრეს და შეხვედრა “პოს” გამარჯვებით 35:32 დასრულდა. პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი მელიქიძე მარქაფაში არ ყოფილა.

გეტყვით, რომ ტურნირს ერთადერთი ქართველი მორაგბეღა შემორჩა. “კარდიფ ბლუზი” გასვლაზე “ედინბურგს” ეთამაშება და უელსელთა მარქაფაშია, მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. რაც შეეხება ბოლო 1/4 ფინალურ წყვილს, ირლანდიური “კონახტი” საკუთარ მოედანზე ინგლისურ “გლოსტერს” უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102158