გარდაცვლილი, ვეტერანი მორაგბის რობ სტეფენსონის ძმამ სემმა და მისმა მეგობრებმა, საქართველოში სასკოლო რაგბის განვითარებისთვის ბურთები და სარაგბო ინვენტარი ჩამოიტანეს.
სემი და რობი ასევე ვეტერანი მორაგბის, პატრიკის შვილები არიან. რობის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა მისი სახელობის ფონდი ჩამოაყალიბეს და განიზრახეს, რომ ინგლისში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას დახმარებოდნენ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირში სემ სტეფენსონის წერილი მოვიდა, სადაც ის კითხვას სვამდა - რითი შეიძლებოდა დახმარებოდა ქართულ რაგბს. სრკ-ს მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო (ლაშა) ხურციძემ ისინი სასკოლო რაგბის პროექტ „ჩაერთე რაგბში“-სთან დააკავშირა, რომელიც რაგბის კავშირისა და რაგბის ასოციაციის მეშვეობით მეორე წელია თბილისის სკოლებში ხორციელდება.
რაგბის ასოციაციის პროექტების მენეჯერი ზუკა შენგელია ამბობს, რომ ინგლისელების დახმარება მისთვის და ამ პროექტისთვის დიდი სიურპრიზი იყო:
„ინგლისელები რაგბის კავშირს დაუკავშირდნენ და თქვეს, რომ საქართველოში სამთო კურორტების დათვალიერება, საქართველო-რუმინეთის შეხვედრაზე დასწრება და ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის დახმარების გაწევა სურდათ.
ჩვენ მათ მოედანზე, პროექტში ჩართულ ბავშვებთან ერთად შევხვდით. ინგლისელებმა გადმოგვცეს უმაღლესი ხარისხის ბურთები, თაგები, მაისურები, ნიშნულები და სხვა ინვენტარი. ეს იყო რაგბისთვის დამახასიათებელი ჟესტი, ჩვენთვის - დიდი სიურპრიზი. ეს საჩუქარი სასკოლო რაგბის განვითარებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს, რისთვისაც მათი მადლობლები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“.
მეორე წელი სკოლებში
სასკოლო რაგბის პროექტი - „ჩაერთე რაგბში“ (Get into Rugby), მეორე წელია ხორციელდება და ის ახალ სეზონს გარკვეული ცვლილებებით ხვდება. შემცირდა პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა, სამაგიეროდ, გაიზარდა მოსწავლეთა ასაკი და ის უკვე ერთის ნაცვლად სამ კლასს მოიცავს.
„აქცენტი იმ 50-მდე სკოლაზე გავაკეთეთ, რომლებმაც პროგრამაში სრულად ჩართვის სურვილი გამოთქვეს. სამაგიეროდ, სამჯერ გავზარდეთ მოსწავლეთა რაოდენობა. შარშან რაგბს მხოლოდ მეექვსე კლასელებს ვათამაშებდით. წელს ისინი მეშვიდე კლასში არიან და პროექტის ფარგლებში რჩებიან. გარდა ამისა, მათ ემატებიან მე-6 და მე-5 კლასელები. გვსურს, რომ პერიოდულად ვარჯიშები ჩავატაროთ დაბალ კლასებშიც, რათა შემდგომში ისინი უფრო მომზადებულები იყვნენ“ - გვიყვება შენგელია.
სკოლის მოსწავლეებს ვარჯიშები უკვე უტარდებათ და ამ შაბათ-კვირას „ჩაერთე რაგბშის“ წლის პირველი ფესტივალი გაიმართება. გარდა ამისა, 51-ე სკოლამ გამოთქვა სურვილი, რომ უფროს კლასელებისთვის ჩატარდეს სასკოლო რაგბის ტურნირი და რაგბის ასოაციაცია ამ მიმართულებითაც მუშაობს:
„სკოლებს დავეხმარებით 7-კაცა რაგბში ტურნირის ორგანიზებაში. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია სასკოლო სპორტის და არა მხოლოდ სასკოლო რაგბის განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ სკოლებში სპორტი უფრო დიდი დოზით იქნება, რადგან სპორტის და ამ შემთხვევაში რაგბის მეშვეობით, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი“ - ამბობს შენგელია.
ახალი მხარდამჭერი
სასკოლო რაგბის პროექტს წელს ახალი მხარდამჭერი ყავს. მას შემდეგ, რაც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ლუდი ‘აისი’ გახდა, მისმა მწარმოებელმა კომპანიამ, „გლობალ ბიარ ჯორჯიამ“ „ჩაერთე რაგბშის“ დაფინანსებაც ითავა და ლიმონათი ‘ბერიკა’ მისი გენერალური სპონსორი გახდა.
„ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს, რომელიც სპონსორების მოძიებაში გვეხმარება და ლიმონათ „ბერიკას“, რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია. წელს სასკოლო რაგბს ტურნირის სახე არ ექნება და ჩატარდება ფესტივალები. გამარჯვებულის გამოვლენაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებამდე სწორად მივიტანოთ ის ღირებულებების, რისი მატარებელიც რაგბია. გვინდა, რომ ყველამ სწორად აღიქვას ის საოცარი თამაში, რასაც რაგბი ქვია!“ - ამბობს ზუკა შენგელია.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია გაიხარეთ
საღოლ
ბარაქალა ამ ხალხს