ტურნირები

11:15 | 30.03.2018 | ნანახია 3022 - ჯერ

‘ხვამლი’ ‘ლუი II’-ს სტადიონზე
ქართული კლუბი მონაკოს პრინცესას ტურნირზე მიიწვიეს

თბილისის ‘ხვამლის’ 12-წლამდე მორაგბეთა (2006/2007 წლებში დაბადებული) გუნდი დღეს გამთენიისას მონაკოს სამეფოში გაემგზავრა, სადაც 31 მარტს მონაკოს პრინცესა შარლინის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ითამაშებს.

ქართული კლუბი მონაკოში ვეტერანი ბორჯღალოსნის, მამუკა მაგრაქველიძის დახმარებით მოხვდა, რომელიც ამ სამეფოს კლუბში მოთამაშე მწვრთნელია.

7-კაცა რაგბის ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თამაშები (თითო შეხვედრა 10-წუთიანი ერთი ტაიმი) ‘ლუი მეორეს’ სტადიონზე გაიმართება.

16 გუნდი ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გადის, მეორეადგილოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძვიან და ა.შ. გათამაშდება ყველა ადგილი, ანუ თითოეულ გუნდს ჯგუფური ეტაპის სამი და ფლეი ოფის ორი შეხვედრის გამართვა უწევს.

მონაწილეთა შორის სამი ფრანგული, თითო-თითო შოტლანდიური, იტალიური, რუსული, ესპანური და ტუნისური კლუბია. მონაკოს გუნდმა შარშან ფინალში ითამაშა და მასპინძლებს წელსაც ძლიერი კრებული უნდა ყავდეთ.

‘ხვამლს’, რომელსაც როინ ბრეგვაძე ავარჯიშებს, ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებთან, ბერძნებთან და ლატვიელებთან მოუწევს თამაში.

„ეს ბიჭები საქართველოში თავიანთ ასაკში საუკეთესოები არიან და გვსურს მათ ძალები საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯონ. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ განვითარების რა ეტაპზე ვართ საერთაშორისო დონეზე“ - ამბობს ‘ხვამლის’ მწვრთნელი და ვეტერანი ბორჯღალოსანი რატი ურუშაძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:02 | 30.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგია

16:42 | 30.03.2018
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია

13:24 | 30.03.2018
LApaata (115)

ძალია კარგია ახლავე შეეჩვივნენ ბავშვობიდან საერთაშორისო სარბიელს და გამოცდილება მიიღონ. წარმატება გისურვებთ.

0.0777