2018 წლის მაის-ივნისში ბორჯღალოსნები ოთხ თამაშს გამართავენ. ქართული რაგბის უახლოეს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი გუნდი თბილისის თასის შემდეგ არგენტინაში ‘იაგუარებთან’ სათამაშოდ გაემგზავრა.
ტრადიციულად, ივნისში ევროპული გუნდები სამხრეთში მიემგზავრებიან და ტესტ-მატჩებს სტუმრად მართავენ. განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის შემდეგ, 2016 წლიდან ამ კალენდარში ბორჯღალოსნებიც ჩაჯდნენ და წელს მეორედ ოკეანეთის ტურნეზე გაემგზავრებიან.
საქართველო - ფრანგი ბარბაროსები. დონამო არენა
ზაფხულის საერთაშორისო ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, მილთონ ჰეიგის შეგირდები თბილისში ‘ფრანგი ბარბეროსების’ წინააღმდეგ ითამაშებენ. ‘თბილისის თასის’ შემდეგ, ანუ 2015 წლიდან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი გუნდი ზაფხულში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წარსდგება.
‘ფრანგი ბარბაროსები’ 2017 წლიდან ოფიციალურად იწოდებიან საფრანგეთის მეორე ნაკრებად და მის შემადგენლობაში ტოპ 14-ის კლუბების ვარსკვლავები თამაშობენ. შარშან ნოემბერში ამ გუნდმა ‘მაორი ოლ ბლექსს’ (ახალი ზელანდიის მეორე ეროვნული ნაკრები) უმასპინძლა და 19:15 დაამარცხა, არსებობის 38-წლიან ისტორიაში კი ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, არგენტინის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიის და ტიერ2-ის წარმომადგენელი ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ უთამაშია.
ჰეიგი ამბობს, რომ ფრანგი ვარსკვლავების, ბარბაროსული სტილის გუნდის წინააღმდეგ თამაში ბორჯღალოსნებს დიდ სარგებელს მოუტანს, განსაკუთრებით ოკეანეთის ტურნეს წინ. მეორეს მხრივ, რაგბის ქართველი ქომაგი საკუთარი თვალით, მოედანზე იხილავს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს:
„უძლიერესი გუნდი გვეწვევა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ფრანგი ვარსკვლავებით. დარწმუნებული ვარ ‘ფრანგი ბარბაროსების’ შემადგენლობაში მრავლად იქნებიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც ზურგს სანაკრებო გამოცდილება უმაგრებთ. იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც ‘ლე ბლემდე’ ნახევარი ნაბიჯი აშორებთ.
„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოთამაშეებისთვის. მათ საფრანგეთის საუკეთესო მორაგბეების წინააღმდეგ საკუთარი შესაძლებლობის ჩვენების შანსი ექნებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩამოდის ცნობილი ფრანგი მორაგბეებით დაკომპლექტებული ‘ბარბაროსული’ სტილის ნაკრები, რომელიც ტოპ 14-ის სტილისგან განსხვავებულ რაგბის თამაშობს და აქცენტს აკეთებს ლაღ, მორბენალ რაგბზე, რაც დიდი გამოცდა იქნება საქართველოს ნაკრების დაცვისთვის.
“ფრანგი ბარბაროსების სტუმრობა იქნება დიდი ზეიმი ქართველი გულშემატკივრისთვის. ჩვენს სუპერ-ქომაგს ექნება შესაძლებლობა მოედანზე, საკუთარი თვალით იხილოს მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები, ფრანგული ხასიათით გაჟღენთილი რაგბი და ლამაზი სანახაობა“
„მნიშვნელოვანია, რომ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ ივნისის ტესტ-მატჩების გახსნამდე ვეთამაშებით, რაც მოგვცემს საშუალებას უკეთ მოვემზადოთ წყნარი ოკეანის კუნძულებისა და იაპონიის ტურნესთვის. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, არის შესაძლებლობა უფრო ადრე დავიწყოთ მზადება. როგორც წესი, „მსოფლიო რაგბის“ მე-9 დებულების თანახმად, ტესტ-მატჩების დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, გვაქვს შესაძლებლობა სამი დღით გამოვიძახოთ ნაკრების კანდიდატები. ამ 3-დღიან შეკრებას საქართველოში გავმართავთ და მის ბოლოს გვექნება თამაში ძალიან მაღალი დონის სანაკრებო გუნდთან“.
რადგან ივნისის დასაწყისში ბორჯღალოსნები ოკეანეთის ტურნეზე მიემგზავრებიან, ფრანგებთან თამაში სამუშაო დღეს, ხუთშაბათსაა ჩანიშნული. ამის გათვალისწინებით შეხვედრა საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დაიწყება, რათა გულშემატკივარს სტადიონზე მისვლაში ხელი არ შეეშალოს. ზუსტ დროს და ინფორმაციას ბილეთების შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
ტონგა - საქართველო. სუვა, ფიჯი
‘ფრანგ ბარბაროსებთან’ მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები ოკეანეთში, ფიჯიზე გაემგზავრებიან და სუვაში ორ თამაშს გამართავენ.
9 ივნისს ჩვენი მეტოქე ტონგა იქნება, რომელთანაც 5-ჯერ გვითამაშია და ბალანსი ჩვენს სასარგებლოდაა - 3:2. ამ გუნდს პირველად 1999 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში შევხვდით და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 იმარჯვეს. განმეორებითი შეხვედრა ‘ეროვნულზე’ (ახლადნელი დინამო არენა) 28:27 მოვიგეთ, მაგრამ მსოფლიო თასზე ვერ გავედით.
2014 წელს ტონგა ტესტ-მატჩის გასამართად თბილისში გვეწვია და 23:9 იმარჯვა. რევანში 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში შედგა და მეტოქეს 17:10 ვძლიეთ, მოგვიანებით ნამიბიასაც მოვუგეთ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მსოფლიო თასზე 2 გამარჯვება ვიზეიმეთ, რითაც 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოვიპოვეთ.
2016 წელს ტონგას ოკეანეთის ტურნეზე, სუვაში ვეთამაშეთ და 23:20 დავამარცხეთ. შეგახსენებთ, მომავალი შეხვედრაც სუვაში, იმავე სტადიონზე გაიმართება.
ფიჯი - საქართველო. სუვა, ფიჯი
ერთი კვირის თავზე სუვაში მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა და ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება.
ფიჯისთან აქამდე ორჯერ გვითამაშია. პირველად მათ 2012 წლის ნოემბერში, ‘მიხეილ მესხზე’ ვუმასპინძლეთ და შეხვედრა 19:24 დავთმეთ. 2016 წელს კუნძულელებს სუვაში ვეწვიეთ, 14:3 დავამარცხეთ, რევანში ავიღეთ და იმ წელს ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად დავასრულეთ.
ცნობისათვის, ფიჯიმ და ტონგამ 2019 წლის მსოფლიო თასის ოკეანეთის ზონა პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და იაპონიის საგზური მოიპოვეს.
უკეთ უნდა მოვემზადოთ
ჰეიგი ფიქრობს, რომ ორი წლის წინანდელთან შედარებით, ტონგა და ფიჯი ბორჯღალოსნებს უფრო მოტივირებული დახვდებიან და ჩვენც უკეთ უნდა მოვემზადოთ, რათა შარშანწინდელი შედეგი გავიმეოროთ:
„ყველა გუნდი, ვის წინააღმდეგაც გვითამაშია და განსაკუთრებით კუნძულელები, ახლა უკვე კარგად იაზრებენ ქართული რაგბის სტატუსს. 2015 წლის მსოფლიო თასი, 2016 წლის ოკეანეთის ტურნე, 2017 წელს საქართველოში გამართული „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატი - ეს ყველაფერი ამის წინაპირობაა. უკვე ყველამ იცის, რომ საქართველო აღარაა „მძინარე გოლიათი აღმოსავლეთ ევროპიდან“ და ის უკვე საკმაო ძალას წარმოადგენს მსოფლიო რაგბში როგორც სპორტული, ასევე რაგბის ოპერირების თვალსაზრისით.
„ტონგამ, ფიჯიმ და იაპონიამ კარგად იცის, რომ რა გუნდითაც არ უნდა ჩავიდეს მათთან საქართველო, ის აუცილებლად იქნება მებრძოლი გუნდი, რომელიც იოლად არაფერს დათმობს. შესაბამისად, ისინი უწინდელზე დიდი მონდომებით მოემზადებიან ჩვენთან შესახვედრად.
„ორი წლის წინ კუნძულელები ფიქრობდნენ, რომ საქართველო კარგი გუნდი იყო, მაგრამ ამხელა მანძილის გავლის შემდეგ მას სერიოზულ საფრთხედ ბოლომდე ვერ აღიქვამდნენ, რითაც ჩვენ კარგად ვისარგებლეთ და ისტორია შევქმენით. ამჯერად ასე აღარ მოგვიდგებიან და მზად ვარ უკანასკნელ ლარს ჩამოვიდე ფსონზე, რომ წელს განსაკუთრებულად მომზადებულები დაგვხვდებიან, რათა მაგიდა თავის სასარგებლოდ მოაბრუნონ
„და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ჩვენც განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ ეს სწორედ ისაა, რისკენაც ბოლო წლებში მივილტვით - გავხდეთ უკეთესები. რთული და აუცილებელი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს“.
იაპონია - საქართველო. ტოიოტა, იაპონია
ფიჯიდან ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩავლენ და მასპინძლებს ტოიოტაში, იმ სტადიონზე ეთამაშებიან, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას უელსთან გამართავენ.
ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლისთვის, მეტოქე კი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია - იაპონია, რომელიც ერთადერთია ტიერ2-ის გუნდებიდან, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს.
აქამდე იაპონიაში ერთადერთხელ, 2006 წელს გვითამაშია და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წლიდან, ანუ ბორჯღალოსანთა თავკაცად ჰეიგის დანიშვნის შემდეგ, აზიის საუკეთესო გუნდს კიდევ ოთხჯერ შევხვდით, აქედან 3-ჯერ თბილისში. მეტოქე 2012 წელს ‘მიხეილ მესხზე’ გვეწვია და ბოლო წუთზე საკუთარი ლელოდან დაწყებული კონტრშეტევა გამარჯვების 3 ქულით დაასრულა - 25:22.
რევანში 2014 წელს შედგა, იაპონელებს ვაკეში ლამაზ სტილში, 35:24 მოვუგეთ. 2015 წლის მსოფლიო თასის წინ მეტოქეს ინგლისში, გლოსთერში ვეთამაშეთ (10:13), ხოლო 2016 წელს კვლავ ვაკეში მივიღეთ და ერთსაათიანი დომინირების მიუხედავად გამარჯვება ისევ სტუმრებს დარჩათ - 22:28.
ჰეიგი მომავალი თამაშის დაგეგმვასთან და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გვიყვება:
„როდესაც ჯეიმი ჯოზეფთან (იაპონიის მთ.მწვრთნელი) ამ თამაშის შესაძლებლობას განვიხილავდით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ყოფილიყო ერთგვარი რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ და იაპონელებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს. შესაძლოა ყველაფერი დროში არ ემთხვევა, მაგრამ ვიცხოვრებთ იმავე სასტუმროში, რომელშიც 2019 წელს გავჩერდებით და ვითამაშებთ იმ სტადიონზე, სადაც მსოფლიო თასზე უელსს უნდა შევხვდეთ.
„ზაფხულში იაპონიაში ძალიან ცხელა და ტენიანობაც მაღალი იქნება, მაგრამ ბიჭები გაეცნობიან გარემოს, სირთულეებს, რომელთა გადალახვაც გაისად მოგვიწევს. ასეთი რეპეტიციის გავლას მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრები ისურვებდა. ეს იქნება ძალიან კარგი ტესტ-მატჩი მოთამაშეებისთვის და უდიდესი გამოცდილება მენეჯმენტისთვის.
„გარდა ამისა, მე 7 წელია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ვარ და ამ პერიოდში იაპონია თბილისში 3-ჯერ გვეწვია, საჭირო იყო იაპონიაში საპასუხო ვიზიტით ჩასვლა. ეს პატივისცემის გამოხატულებაა.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იაპონია მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზეა, ჩვენ მე-12-ზე ვართ და ეს შეხვედრა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. საქართველო და იაპონია განსხვავებული სტილის გუნდები არიან. ჩვენ ვცდილობთ ახლებური სტილით თამაშს, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი სტატიკაში და მიწოლაში ძლიერი თამაშია. იაპონია უფრო გაშლილ, მორბენალ, პასზე ორიენტირებულ მკვირცხლ რაგბს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ განსხვავებული სტილი იყო იმის მიზეზი, რომ ედი ჯონსის მწვრთნელობის დროს იაპონიას ასე ხშირად ვეთამაშებოდით.
ჰეიგი მოხარულია, რომ იაპონიას ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაში ვეთამაშებით:
„2016 წელს იაპონიასთან ორით ნაკლები შეცდომა რომ დაგვეშვა, თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ის, რომ მეტოქემ ჩვენი ეს შეცდომები გამოიყენა, მათ სიძლიერეზე მეტყველებს. მოდით ვაღიაროთ, იმ მატჩში იაპონია ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული. ჩვენ ეს თამაში გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი და კარგია, რომ ამჯერად იაპონიას უფრო მომზადებულები შევხვდებით, რადგან მანამდე ‘ფრანგ ბარბაროსებს’ და კუნძულელებს ვეთამაშებით“.
განვითარების ახალ ეტაპზე
რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ზაფხულში სამი ურთულესი ტესტ-მატჩი გველის:
„2015 წლამდე ზაფხულში ‘თბილისის თასს’ ვთამაშობდით, თუმცა ახლა განვითარების სხვა ეტაპზე გადავედით და უკვე მესამე წელია მაღალი დონის გუნდებთან ვთამაშობთ. ამ ზაფხულშიც სამი ურთულესი თამაში გველის - სუვაში ტონგასა და ფიჯისთან ხოლო ტოიოტაში იაპონიასთან“.
„ტონგასა და ფიჯის ორი წლის წინ კუნძულებზე მოვუგეთ და ეს მათ დამატებით მოტივაციას შესძენს. რაგბის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია და არაერთხელ დაუმარცხებიათ ტიერ1-ის ნაკრებები. მესამე შეხვედრა იაპონიაში, მასპინძლებთან გვაქვს, რომელიც სტუმრადაც ძლიერად თამაშობს და საკუთარ კედლებში განსაკუთრებულად მოინდომებს“.
„ჯერ არ ვიცით ზაფხულში რა ფორმაციის შემადგენლობა გვეყოლება, თუმცა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდში სამივე ტესტი უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით გამოსარჩევია იაპონიასთან შეხვედრა, რომელსაც იმ სტადიონზე ვეთამაშებით, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს უნდა შევხვდეთ. ტოიოტაში იმავე სასტუმროში ვიცხოვრებთ და ისეთივე გრაფიკი გვექნება, როგორიც 2019 წელს და ეს ადაპტაციის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება“.
ზაფხულის განრიგი
31 მაისი. დინამო არენა
საქართველო - ფრანგი ბარბაროსები
ივნისის ტესტები. ოკეანეთის და იაპონიის ტურნე
9 ივნისი. სუვა (ფიჯი)
ტონგა - საქართველო
16 ივნისი. სუვა
ფიჯი - საქართველო
23 ივნისი. იაპონია. ტოიოტა
იაპონია - საქართველო
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარი ტესტებია
კარგია ყველა მაგარი თამაში იქნება და კაი ბრძოლები გველის, თბილისის თასთან შედარებით გადასარევია ასეთ გუნდებთან სპარინგი, წინ ამაზე უკეთესი ტესტები გველის, მსოფლიოზე გამობრძმედილი და კარგად შეთამაშებული გუნდით უნდა ჩავიდეთ, რაგბი ჩვენი თამაშია!
კარგი ტესტებია