ამბები

11:11 | 9.11.2014 | ნანახია 5158 - ჯერ

ტონგამ გვაჯობა, წინ 10 თვეა

2014 წლის 8 ნოემბერს ტონგას ნაკრები საქართველოსაზე ძლიერი იყო. შედეგიც ლოგიკური დადგა, მაგრამ წინაა დაახლოებით 10 თვე, რომელიც “ბორჯღალოსანთა” თავკაცმა მილტონ ჰეიგმა სათანადოდ უნდა გამოიყენოს და უკვე სრული შემადგენლობით, გლოსტერში კუნძულელებს ის განსხვავებული თამაში შესთავაზოს, რომელიც წარმატების მომტანი იქნება.

იმისათვის, რომ თამაში მოიგო, უნდა შეუტიო, გუშინ კი, ჩვენ ბურთი არ გვქონდა და შესაბამისად, ვერც შევუტევდით. ძნელად გასახსენებელია თამაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასე უშანსოდ ყოფილიყოს. მეტოქის 22-ში, პრაქტიკულად, არ შევსულვართ და ასე ლელოს გატანა წარმოუდგენელია. ამ დღეს ჩვენ მოედანზე არ გვყავდა შემოქმედი მორაგბე, რომელიც მოწინააღმდეგეს რაღაც განსაკუთრებულს შესთავაზებდა და მის მწყობრ დაცვას გაარღვევდა.

და მაინც, ასეთ პირობებშიც კი, “ბორჯღალოსნებმა” ტაიმნახევარი შეძლეს ტონგელთა იერიშების მოგერიება და ტრიბუნებზე შეკრებილ 18 ათას მაყურებელსაც გამარჯვების იმედი თითქმის ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ არ გამოჩნდა მორაგბე, რომელიც შეხვედრაში გარდატეხის შეტანას შეძლებდა. ასეთი კუნძულელებს ყავდათ და მათ დასკვნით 15 წუთში სამჯერ შეძლეს დაღლილი და მორღვეული ქართველთა დაცვის გარღვევა, რის შემდეგაც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - 9:23.

თამაში თავიდანვე ტონგელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელმა თამაშმა მათი მონდომება მიანელა და მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც იმ დღეს ხუთიდან 3 შანსი გამოიყენა, მე-12 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნა. ტონგამ მდევრის როლში ყოფნა არ ისურვა და რადგან საქართველოსგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და ლელო ვერ გაიტანა, ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს კვირიკაშვილმა მესამე შანსი მიიღო, მეორე დარტყმა გამოიყენა და შესვენებაზე საკუთარი გუნდი 3-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა - 6:3.

მეორე ტაიმი კვლავ სტუმართა იერიშებით დაიწყო და მალევე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა, 5-წუთში კვირიკაშვილმა ქართველებს 3-ქულიანი უპირატესობა ბოლოჯერ დაუბრუნა. ამ პერიოდში ერთადერთი კომპონენტი შერკინება იყო, სადაც საქართველო ტონგას ჯაბნიდა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში, დაღლილობამ თავი რომ იჩინა, სტუმრებმა ყველა დანარჩენ კომპონენტში უპირატესობის გამოყენება შეძლეს, 3 ლელო გაიტანეს და სქართველოდანაც თავაწეულები წავიდნენ. მომავალი შეხვედრა 19 სექტემბერს გლოსტერში, მსოფლიო თასზე შედგება, სადაც ორივე გუნდი სახეცვლილი წარსდგება და იმედია, იმ ჯერზე სიტუაცია სხვაგვარი იქნება.

16 ნოემბერს საქართველო დუბლინში, “ავივა სტედიუმზე”, ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიას ეთამაშება, ხოლო 23 ნოემბერს იაპონიას მასპინძლობს.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელი): “პირველი ტაიმი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა. მეორე ნახევარში ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და არც სწრაფი თამაში გამოგვივიდა. მეორე ტაიმში მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისეთი მოთამაშეები შემოიყვანა, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს და შედეგიც შესაბამისი დადგა. პირველი ნახევრის საწყისი 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ დაცვაში ვთამაშობდით. მეორე ტაიმში უფრო გახსნილი თამაში ვცადეთ, ბურთის მაქსიმალური შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

წაგების მთავარი მიზეზი სწორედ უბურთოდ თამაშია, რის გამოც ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. გასახდელში ბიჭებს სწორედ ბურთის შენარჩუნება ვთხოვე, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა. წნეხის ქვეშ ვიყავით და ბურთის მოშორებაზე უფრო გვიწევდა ფიქრი, ვიდრე მის შენარჩუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ირლანდიასთან გვაქვს და შეცდომების გამოსწორებას უნდა ვეცადოთ. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვიზრდებით და ხარვეზებს ვამცირებთ, ასე უნდა იყოს ირლანდიაშიც.

ტონგასთან დაცვა და შერკინება ძალიან კარგი იყო, დერეფანი გასაუმჯობესებელია. რაც გამოსარჩევი და აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრები პირველიდან ბოლო წამამდე მთელი გულით თამაშშია. ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს, ჩვენც გვყავს გამორჩეული მორაგბეები და ახალგაზრდებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა ისინიც საუკეთესოები გახდნენ. ამ შეხვედრას და ანგარიშს ვივიწყებთ და ირლანდიასთან თამაშზე ვფიქრობთ. ბიჭებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება და იქ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

ტონგას ნაკრები ყოველთვის აგრესიულად თამაშობს. ამ გუნდში მოქნილი და სწრაფი მორაგბეები არიან და მსოფლიო თასზეც მხოლოდ მოგებას ეცდებიან, მაგრამ იქ სულ სხვა თამაში იქნება. გპირდებით, ინგლოსში ჩვენი ნაკრები ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება”.

მანა ოტაი (ტონგას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სასიამოვნო დახვედრისა და კარგი თამაშითვსის. კომპლიმენტებს ვერ დავიშურებ საქართველოს ნაკრების მიმართ, რადგან ჩვენ დიდი ხანი დაგვჭირდა საკუთარი თამაშის მისაგნებად. საქართველომ ძლიერი დაცვა ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხარვეზები მაინც ვუპოვეთ და შედეგიც სახეზეა. ახლა ვერ ვიტყვი, რომ თქვენი რომელიმე მორაგბე ჩავარდა. როდესაც ზეწოლას ზრდი, იქ სისუსტეებიც ჩნდება და როდესაც შენზე სამი კაცი მოდის, იქ ძნელი გასათვლელია ვინ უნდა შებოჭო. ჩვემ არ აგვირჩევია შეტევისთვის კონკრეტული მიმართულება და ეს თავისთავად მოხდა.

მებრძოლები ვართ და ვიცით, რომ ხალხს “სიპი ტაუზე” რეაქცია აქვს. ის პასუხი, რაც ქართველი გულშემატკივრისგან მივიღეთ, სასიამოვნო იყო. ვიცით, რომ ქართველები ტონგელებივით მებრძოლი ერია და სხვაგვარად ვერ იქნებოდა. ტესტ-მატჩებს თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს და დღეს მსოფლიო თასზე არ გვიფიქრია. ინგლისში ორივე ნაკრები განსხვავებული სახით წარდგება”.

ნილი ლატუ (ტონგას ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “მსოფლიო თასზე ამ გუნდებს შორის განსხვავებული შეხვედრა იქნება და იქ ჩვენ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ. 2015 წლისთვის გაძლიერებულად ვემზადებით და ამ მხრივ ნოემბრის ტესტ-მატჩები ძალიან დაგვეხმარება. დღევანდელი თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ასეთ ატმოსფეროში მოგება ორმაგად სასიამოვნოა. გაგვიმართლა, რომ ადაპტირება სწრაფად მოვახერხეთ”.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “უწინარესად, ტონგას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. წაგების მიზეზებზე მწვრთნელმა საწვრილებით ისაუბრა. არ შეიძლება მეტოქეს სივრცეები მისცე და მხოლოდ დაცვაში ითამაშო. დანაკლისზე აღარ ვისაუბრებ, თუმცა, ჩემის აზრით სწორედ ეს გახდა დღევანდელი წაგების გადამწყვეტი ფაქტორი. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. წაგებაში შეიძლება პოზიტივიც დავინახოთ. მოტივაცია გაიზარდა და მწამს, რომ მსოფლიოზე ბიჭები გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებენ. რატომღაც მჯერა, რომ იქ ტონგას აუცილებლად დავამრცხებთ”.

8 ნოემბერი. შებათი. ტესტ-მატჩი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 18000 მაყურებელი

საქართველო - ტონგა 9:23 (6:3)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი (23. სანდრო თოდუა 72), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 74), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 75); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 67), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 70), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 67), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 74), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 29-40), 8. გიორგი ჩხაიძე (20. ლაშა ლომიძე 67).

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: თხილაიშვილი (74)

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტევიტა ჰალაიფონუა, 13. სიალე პოატაუ, 12. ჰემანი პაეა (23. ოტულეა კატოა 62), 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი (22. ლატიუმე ფოსიტა 62), 9. სონატანე ტაკულუა (21. ტანიელა მოა 61); 1. ტევიტა მაილაუ (17. სიუა ჰალანუკონუკა 54), 2. ალეკი ლუტუი (16. ალვის ტაიონე 70), 3. სილა პუაფისი (18. პაეა ფაჰანუნუ 54), 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯო ტუჰინეაუ (19. ლისიატე ფაჰაოსო 77), 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ (20. ჰეილ თი’პოული 77), 8. ვილიამ მაჰაფუ.

3 ლელო: მოა (1, 2), ლილო

1 გარდასახვა: ფოსიტა

2 ჯარიმა: მორათი

მწვრთნელი: მანა ოტაი

რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

კიდეებზე: ენდრიუ მაკ’მენემი (შოტლანდია), ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

ვიდეო რეფერი: კარლო დამასკო (იტალია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092063