ქართული

17:44 | 26.03.2018 | ნანახია 2525 - ჯერ

ოპერაცია პრევენციისთვის

ზუსტად ერთი თვის წინ ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, გუნდს ივნისის ტესტებზეც დააკლდება და მოედანს მხოლოდ ნოემბრის პირველ რიცხვებში დაუბრუნდება.

24 წლის ბორჯღალოსანმა მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანება კლუბში, ‘ორიაკში’ ვარჯიშისას მიიღო:

„ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ და უმნიშვნელო ტკივილები ადრეც მქონდა, თუცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, ყინულს ვიდებდი და ვმალავდი. აღმოჩნდა, რომ მუხლის მყესი ნელ-ნელა ზიანდებოდა და ერთ-ერთი ვარჯიშისას ის ნაწილობრივ გაიხა. საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ მქონდა და ვფიქრობდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო სამ თამაშს ჩავატარებდი, მაგრამ ასე არ მოხდა“ - ამბობს შარიქაძე.

პრევენცია

იყო შანსი, რომ შარიქაძე რეაბილიტაციის პროცესის შედეგად გამოჯანმრთელებულიყო და ესპანეთის, რუსეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ ეთამაშა, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ ადრე თუ გვიან მყესი სრულად გაწყდებოდა, მენისკიც დაუზიანდებოდა და აღდგენითი პროცესი გართულდებოდა:

„ჩემი მდგომარეობა შეისწავლეს და მითხრეს, რომ ორ, სამ ან ექვს თვეში, შესაძლოა ერთ წელიწადში, მყესი აუცილებლად გაწყდებოდა და ბევრად რთულ სიტუაციაში ჩავარდებოდი. მყესის გაწყვეტა სრულად მოშლიდა მუხლს, მენისკს და დააზიანებდა სხვა მყესებს. ახლა მხოლოდ წინა ჯვარედინი მყესის ოპერაცია დამჭირდა და გაიკერა მენისკი, მისი ამოჭრა საჭირო აღარ გახდა.

„მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გარისკვა არ ღირდა, რადგან გარდაუვალი გაწყვეტის შემთხვევაში, მსოფლიო თასამდე რეაბილიტაციისთვის უფრო ცოტა დრო მექნებოდა. შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ დაზიანება მსოფლიომდე 3 თვით ადრე მიმეღო და ასეთ შემთხვევაში ნაკრებს იაპონიაში დავაკლდებოდი. სწორედ ამიტომ, კლუბისა და ნაკრების ექიმებთან შეთანხმებით, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. მერე უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის და სჯობს მათთვის მოვემზადო“.

7-თვიანი ბრძოლა იწყება!

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შარიქაძე ბორდოში, მსოფლიოს მასშტაბით მუხლის ერთ-ერთ საუკეთსო ქირურგთან, ფილიპ კოლომბესთან ჩავიდა და ოპერაცია გაიკეთა.

„როგორც წესი, სპორტსმენები რიგში დაახლოებით თვენახევარი დგანან, თუმცა კოლომბემ პატივი გვცა და ოპერაცია მესამე დღეს გამიკეთა“ - ქირურგის მადლობელია კაპიტანი, რომელმაც რეაბილიტაციის ხანგრძლივი და დამთრგუნველი პროცესი დაიწყო.

ოპერაცია 27 თებერვალს გაკეთდა და პირველი ორი კვირა „ბუკამ“ საფრანგეთში გაატარა, ახლა საქართველოშია და დაახლოებით სამი კვირა ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

„ყავარჯნებით და მუხლის სპეციალური ფიქსატორით დავდივარ. ოპერაციიდან 45-60 დღე მსუბუქ რეაბილიტაციას ეთმობა. მუხლმა უნდა გაიხსენოს თავისი ფუნქცია და ექიმებთან დღეში დაახლოებით 5 საათს ვატარებ. ამის შემდეგ აქტიური რეაბილიტაციის პროცესი იწყება - ტრენაჟორები, ველოსიპედი და ასე შემდეგ. რადგან მენისკიც „შეკეთდა“, სიფრთხილეა საჭირო და პროცესის დაჩქარება არ შეიძლება, მეც გეგმას მივყვები და ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ნოემბერში სრულ მზადყოფნაში ვიყო“.

სამი კვირის შემდეგ შარიქაძე საფრანგეთში წავა და ბიარიცის მახლობლად, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტულ სარეაბილიტაციო ცენტრში 1 თვეს გაატარებს. ზაფხულში ის სამშობლოში დაბრუნდება, ხოლო თამაშის განახლებამდე ერთი თვით ადრე კვლავ სარეაბილიტაციო ცენტრს მიაშურებს, რათა ფიზიკური კონდიციები აიმაღლოს და მოედანზე უწინდელზე ძლიერი დაბრუნდეს.

„სხვა მოთამაშეების გამოცდილებით ვიცი, რომ ეს დამთრგუნველი პროცესია - ერთფეროვანი, მონოტონური ვარჯიშები, რომელსაც შესაძლოა შედეგი ხანგრძლივი პერიოდი არ მოყვეს, ან გეგონოს ყველაფერი რიგზეა და ამ დროს გართულებებმა იჩინოს თავი. დიდია ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხი. მსგავსი ტრავმების შემთხვევაში სრულფასოვანი ვარჯიშის დაწყება მხოლოდ 5 თვის, ხოლო თამაშის 6-7 თვის შემდეგაა შესაძლებელი. ჩემი მიზანია, რომ ნოემბრის ტესტებს მზადყოფნაში შევხვდე და იწყება 7-თვიანი ბრძოლა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში საუკეთესო ფორმაში დავრუნდე!“.

რაგბი ტელევიზორში

შარიქაძეს პატარ-პატარა ტრავმები ადრეც ჰქონია, მაგრამ ოპერაცია პირველად მოუწია და... ნაკრების თამაშებსაც ტელევიზორში უყურა:

„ცოტა ხნის წინ ვიხსენებდი, ტრავმების გამო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მესამე წელია არ მითამაშია. ახლა ყველაზე მეტად გამიჭირდა, რადგან ორი თამაშის ტელევიზორში ყურება მომიწია. ამდენი წელია გუნდის ნაწილი ვარ, შიგნიდან ვიცი როდის რა ხდება და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნაკრებს ჩამოვცილდი. ეს უსიამოვნო შეგრძნება იყო. საბედნიეროდ, რუმინეთთან მატჩის წინ ჩამოსვლა მოვახერხე და შეკრებაზე ბიჭებთან ერთად ვიყავი. თამაშის სკამიდან ყურებაც ძნელია, როდესაც ვერაფერს ცვლი, მაგრამ ტელევიზორს მაინც არ შეედრება. ახლა მივხვდი რა რთულია მწვრთნელობა“

საუკეთესო დაცვა და ფეხით თამაში

კაპიტანი თვლის, რომ ბოლო წლებში გუნდის თამაშში ბევრი რამ გამოსწორდა და დაიხვეწა, თუმცა მსოფლიო თასამდე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:

„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წელს რაგბი ევროპაზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ვითამაშეთ, თუმცა სამუშაო ჯერაც ძალიან ბევრია. უნდა დავისახოთ პრიორიტეტები, როგორ გვსურს რომ ვითამაშოთ და დავხვეწოთ დეტალები. მსოფლიო თასზე ამ ყველაფერს თვალდახუჭული უნდა ვასრულებდეთ. შეკრების ოთახში უკვე ჩამოწერილი გვაქვს პრიორიტეტები და გეგმას უნდა მივყვეთ.

„თამაშის ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩემს თავზე ვიტყვი, ბოლო წლებში ღია თამაშში თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ესაა ვარჯიშის, თამაშების და მუდმივად ღია, გაშლილ თამაშზე ფიქრის შედეგი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთ პირობებში მაღალი დონის გუნდები ჩვენზე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

აშკარა პროგრესი გვაქვს შეტევაში ფეხით თამაშში და ბოლო წლებში ძალიან ბევრი ლელო სწორედ ამ გზით გავიტანეთ. ეს უკვე ჩვენს სერიოზულ იარაღად იქცა და მსოფლიო თასამდე კიდევ უფრო დაიხვეწება“.

ელიტაზე ფიქრი არ წყდება

მერაბ შარიქაძე საფრანგეთის პრო დე 2-ის ‘ორიაკში მეოთხე წელია თამაშობს და კონტრაქტის თანახმად, ამ კლუბში კიდევ ორი სეზონი უნდა გაატაროს. ის თვლის, რომ საკმაოდ მაღალ საკლუბო ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა იმედოვნებს, რომ უახლოეს წლებში ტოპ 14-ის რომელიმე გუნდს შეუერთდება:

„ქართველი ხაზის მოთამაშეები ასეთ გუნდებში თამაშით განებივრებული არ ვართ, თუმცა უფრო დიდი მიზნები მაქვს და მის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ. ზაფხულში ‘ორიაკთან’ 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ თუ მაღალი დივიზიონის გუნდიდან მექნება შეთავაზება, კლუბი არ დამაბრკოლებს“.

„ბუკა“ ფიქრობს, რომ მხოლოდ საფრანგეთის იმედად დარჩენა აღარ შეიძლება და ჩვენი საკლუბო რაგბის განვითარებისთვის გზები უნდა მოიძებნოს:

„ფრანგებს უამრავი ხაზის მოთამაშე ყავთ, იქვე არიან კუნძულელები, რომლებიც ყველამ კარგად იცით რა დონეზე თამაშობენ. გარდა ამისა, საფრანგეთში შემოიღეს კანონი და უცხოელებზე შეზღუდვები დაწესდება. ფრანგული ხაზი ძალიან შეიზღუდა, იქ წასვლა სულ უფრო გართულდება, ინგლისელებიც ფართო კარებით არასდროს გვხვდებიან და აუცილებლად უნდა მოიძებნოს ალტერნატივა, რათა ჩვენი მოთამაშეების პროგრესი არ შეჩერდეს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:54 | 26.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გვეიმედები ბუკა ! ! !

21:06 | 26.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ყველაფერში ვეთანხმები ბუკას, ყველა მის კარგ თვისებებთან ერთად რის გამოც ის ყველას უყვარს, ის ასევე ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, სამწუხაროა რომ ასეთი ტრავმა შეგემთხვა ბუკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება და უფრო ძლიერი დაბრუნდები, ძალიან მნიშვნელოვანი კაცი ხარ ნაკრებისთვის ბუკა ჯანმრთელობას გისურვებ.

21:01 | 26.03.2018
BEERTRANCE (1073)

მალე გამოჯანმრთელება.

0.122719