„რაგბი ევროპის“ სამსაჯო კომიტეტი ბელგია-ესპანეთის მატჩზე რუმინელი არბიტრის, ვლად იორდაჩესკუს მუშაობის დეტალურ განხილვას იწყებს.
დეტალური ანალიზი „მსოფლიო რაგბს“ წარედგინება. 26 მარტს ჩანიშნულია პრესკონფერენცია და განხილვის შედეგები საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შექმნილი სიტუაციის გამო წუხილს გამოთქვამენ და სიტუაციის გამჭვირვალედ დარეგულირებას ემხრობიან, რათა „არ დაზიანდეს რაგბის იმიჯი, გუნდები, მსაჯები და ზოგადად სპორტი“.
ალბათ ჯობდა, “რაგბი ევროპას” და მის რუმინელ პრეზიდენტს, ოქტავიან მორარიუს ამ იმიჯზე მაშინ ეფიქრა, ვიდრე საეჭვო რეპუტაციის მქონე თანამემამულე რეფერის და ზოგადად რუმინელ მსაჯთა ბრიგადას, რუმინეთის ნაკრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თამაშის განსჯას ჩააბარებდა.
იორდაჩესკუ: მისი განსჯილი თამაშები აქამდეც არაერთხელ გამხდარა ამა თუ იმ გუნდის სასარგებლოდ „შეცდომებით დახუნძლული“, მათ შორის საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 2015 წლის თებერვალში, ის საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების ცენტრალური მსაჯი იყო. ამ შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო შერკინებამ, ამ კომპონენტში არაფრით გამორჩეულ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ხშირ შემთხვევებში ჯარიმდებოდა, თანაც თავის შერკინებებში!
ამ უპირატესობის ხელიდან გამოცლის შემდეგ, მასპინძლებმა პირველ წუთზე გატანილი ერთადერთი ლელო იკმარეს, ქულები ჯარიმებითღა აკრიფეს და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაძში, მხოლოდ 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 20:15. იორდაჩესკუმ ორი ქართველი მორაგბეც გაასინბინა, მაგრამ ვერც იმ თამაშში და ვერც იმ წელს რუმინეთმა საქართველოს ერთა თასი ვერ ჩამოართვა.
მანამდე, 2012 წელს, ამერიკაში გამართულ 20-წლამდელთა „ალაფაზე“, ფინალურ შეხვედრაში მთავარი მსაჯი იორდაჩესკუ იყო. ფინალში მასპინძელთა ნაკრების მეტოქე ძალიან ძლიერი იაპონია იყო. თამაშიდან გამომდინარე, ელიტაში აღზევებას აზიელები უფრო იმსახურებდნენ, მაგრამ რეფერის აქაც მოუვიდა შეცდომები, ისე მოხდა, რომ მასპინძლების სასარგებლოდ, და 37:33 მოგების შემდეგ, ტრიბუნაზე შეკრებილმა პუბლიკამ აშშ-ს აღზევებით გაიხარა.
მსაჯი ადამიანია და მას შეცდომები მოსდის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, რომელშიც ესპანეთს მსოფლიო თასზე მოსახვედრად ერთი პრემიალური ქულაც ჰყოფნის, მაგრამ ჯარიმდება 24-ჯერ, ხოლო მისი მეტოქე ბელგია - მხოლოდ 4-ჯერ, თამაში სრულდება 18:10 და ესპანეთის ნაცვლად მსოფლიო თასზე იორდაჩესკუს რუმინეთი გადის...
ცნობისთვის, ესპანელებმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, რუმინელი მსაჯების შეცვლა მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. თამაშის ვიდეოჩანაწერის შემდეგ დაგროვდა 10-წუთიანი მასალა, სადაც ჩანს არარსებული და პირიქით დანიშნული ჯარიმები, ესპანელებისთვის დაბრუნებული ჯარიმის უპირატესობა, როდესაც ლელო გარდაუვალი იყო, ბარათით არდასჯილი ბელგიელები, დაბნეული მსაჯის უაზრო ჟესტები, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ესპანეთს 7-ზე მეტი ქულის სხვაობით უნდა წაეგო.
დაინახავს ამას „რაგბი ევროპა“? ძნელი სათქმელია. და თუ დაინახა, შეიცვლება რამე ესპანეთისთვის? ესეც მალე გაირკვევა. ფაქტი ერთია: მსაჯების დაუსჯელი ქმედებების შედეგად, რაგბი ბევრს კარგავს და თუ „რაგბი ევროპას“ ეს „რუმინული შეთქმულება“ გაუვიდა, სამართლიანი თამაშის პრინციპებს დიდი დარტყმა მიადგება!
რუმინელი მსაჯის „შეცდომები“ ესპანეთის წინააღმდეგ:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ ვაჟკაცური სპორტის გაბანძება არ უნდა დაუშვას მსოფლიო რაგბიმ!
სიბინძურეა ეს
რა მაგარიაა თურმე წუხილს გამოთქვამენ ! ერთ ადგილში გაიკეთონ ეგ "წუხილი" @