მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის. გუნდი შევარდენზე 3-კვირიან შეკრებაზე 19 მარტს შევიდა და ფიზმომზადების პირველი კვირა პარასკევს, ტესტებით დაასრულა.
ფრანგული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, სადაც გუნდმა საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორი თამაში გამართა (პირველი 19:24, მეორე 14:0), პირველად შეიკრიბა. გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ განვლილ შეკრებაზე სათამაშო ელემენტების დახვეწას დიდი ყურადღება დაეთმო, ახლა კი, უპირატესობა ფიზ. მომზადებას ენიჭება:
„ფრანგული ტურნე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. დაცვითი სისტემა მაღალ ტემპში მოთამაშე გუნდთან გავტესტეთ და კმაყოფილები დავრჩით. განსაკუთრებით კარგი დაცვა გვქონდა მეორე მატჩში, ღია თამაშში სულ ორჯერ დავჯარიმდით, რაც მსოფლიო დონის გუნდების სტანდარტია. გუნდი შეიკრა და საკუთარი თავის ირწმუნა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რომ შეტევაში დეტალებზე ბევრი გვაქვს სამუშაო.
ახლა 3-კვირიან შეკრებაზე ვართ და გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში სარაგბო ელემენტები მეტ-ნაკლებად დახვეწილი იყო, უფრო მეტი ყურადღება ფიზმომზადებას ეთმობა. ვემზადებით სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, სადაც 9 აპრილს მივემგზავრებით და მესამე კვირაში ბურთის ჩართულობა გაიზრდება“.
შეკრებაზე 36 მორაგბეა და ისინი კვირის პირველი ხუთი დღე ვარჯიშობენ, პარასკევს საღამოს სახლში მიდიან და ისვენებენ, კვირას კი „შევარდენის“ ბაზაზე ბრუნდებიან:
„პირველი კვირით კმაყოფილები ვართ. გვქონდა ფიზ. მომზადების, ძალოსნური და ბურთით ვარჯიშები. გვსურს, რომ ჩვენი მზადება მაქსიმალურად მივუახლოვოთ სათამაშო სიტუაციას, სადაც ყველა ეს კომპონენტი არეულად გვხვდება და ვარჯიშებიც ასე დავგეგმეთ. დღეს ყველაზე რთული დღე გვქონდა, ბიჭები ფიზიკურად განსაკუთრებით დავტვირთეთ და სასიხარულოა, რომ დავალებას ყველამ გაართვა თავი. ჩანს, რომ მსოფლიო თასისთვის ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვიქნებით“.
მომდევნო კვირაში აქცენტი კვლავ ფიზმომზადებაზე გაკეთდება, თუმცა მწვრთნელები არც სათამაშო ასპექტებს ივიწყებენ. ამ ეტაპზე გუნდს კვლავ აკლია ლეგიონერები და 18-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები, რომლებიც 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პოლონეთში ევროპის ჩემპიონატს ითამაშებენ, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან.
შეკრებაზე არიან:
გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (იუნკერები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), რამაზ ნიქაბაძე (ლელო), გიორგი ასათიანი (ლელო).
მთ. მწვრთნელი: ილია მაისურაძე, მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი, ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი, ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია, ექიმი: ოდისეი სადოევი, მენეჯერი: ოთარ იაშვილი
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარშან და შარშანწინდელზე ძლიერი გუნდი გვეყოლება წელს. თქვენი გვჯერა ბიჭებო.
ერთი სული მაქვს როდის გნახავთ საქმეში ჭაბუკო ბორჯღალოსნებო! წარმატებებს გისურვებთ, რაგბი ჩვენი თამაშია!
თქვენი დიდი იმედი გვაქვს ბიჭებო ! ! !
წარმატებები ბიჭებო!