საერთაშორისო

23:20 | 23.03.2018 | ნანახია 1987 - ჯერ

არგენტინაში ლეგიონერებზე გული მოუბრუნდათ

არგენტინის რაგბის კავშირმა შესაძლოა, სულ მალე ნაკრებში გამოძახების წესები შეცვალოს.

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდგომ, “პუმებმა” ლეგიონერებზე უარი თქვეს და ფონს მხოლოდ სუპერ რაგბიში მოთამაშე “ხაგუარესის” მორაგბეებით გადიან, ხოლო ევროპაში წასული არგენტინელებისთვის ნაკრების კარი დაიკეტა.

არგენტინელი რაგბის მამების მიზანი, ევროპაში მოთამაშეების გადინების პროცესის შეჩერება გახლდათ, თუმცა მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს და შედეგად “პუმებს” რამდენიმე ძალიან ძლიერი მოთამაშე გამოაკლდათ. ბოლო პერიოდში ევროპაში გადაბარგდნენ: რამირო ერერა, ლუკას ნოგუერა, ფაკუნდო ისა, სანტიაგო კორდერო, ხოლო ხუან იმოფი, ხუან პაბლო სოსინო, ხუან ფიგალიო და კიდევ რამდენიმე მორაგბე ამ წესის მიღებამდეც ევროპაში თამაშობდა. ამრიგად, “პუმები” ვერცერთ ამ მოთამაშეს ვეღარ იყენებენ, ხოლო “ხაგუარესში” არსებული რესურსი ნაკრებს აღარ ყოფნის და მათი რეგრესი აშკარაა: მსოფლიო თასის მე-4 ადგილოსანმა უკანასკნელი 25 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგო, ხოლო უკანასკნელ რაგბი ჩემპიონშიფში (4 ერში) ყველა მატჩი წააგო.

არგენტინის რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა მარსელო როდრიგესმა განაცხადა, რომ ზემოხსენებულ წესზე გადახედვას აპირებს და სურს, რომ ნაკრებში უძლიერესებმა ითამაშონ. არგენტინელები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და შესაძლოა, ივნისის ტესტებზე ლეგიონერებს ნაკრებში დაბრუნების შესაძლობლობა მიეცეთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087957