სტატიები

21:45 | 22.03.2018 | ნანახია 2015 - ჯერ

სრკ-ს პროექტის, „მაღლების“ შესახებ

რაგბის კავშირის პროექტს, რომელიც შარშან სექტემბერში დაიწყო და რომლის მიზანსაც არამორაგბე ტანმაღალი ბიჭების რაგბში ინტეგრირება წარმოადგენს, თავის დროზე არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. პროექტის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე, მწვრთნელი დავით გოცაძე, რომელიც უშუალოდ ამ კონტიგენტს ავარჯიშებს თვლის, რომ წამოწყებამ გაამართლა, პროექტი უნდა გაგრძელდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქართულ რაგბს დიდ სარგებელს მოუტანს.

“მარტივად რომ ვთქვათ, რაგბის სათამაშოდ სამი ძირითადი კრიტერიუმია საჭირო - ფიზიკური, ტექნიკური და მენტალური. ქართული ძალის ფენომენი მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და ახლახანს ეს სუმოში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თუმცა ფიზიკურში არის ერთი კომპონენტი - სიმაღლე და კომპლექცია. ბოლო დროს რაგბში ეს ერთგვარ ტენდენციად გამოიკვეთა და უკვე ყველა პოზიციაზე უპირატესობა ტანმაღალ ბიჭებს ენიჭება“.

„სტატისტიკას რომ გადავხედეთ, როგორც მსოფლიო თასზე, ასევე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ჩვენი მაჩვენებელი სასურველისგან ძალიან შორს იყო. სწორედ ამიტომ, რაგბის კავშირმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ცალკე პროექტი და მოეზიდა მაღალი ბიჭები, მათ შორის არამორაგბეები, რომლებიც დროის შეზღუდულ მონაკვეთში სარაგბო უნარებზე რაგბის ეროვნული აკადემიის ბაზაზე იმუშავებდნენ და თუ ამ პერიოდში ტექნიკურ მახასიათებლებს საშუალო მაჩვენებლამდე აიყვანდნენ, შესაძლებელი გახდებოდა მათი ძირითად გუნდში ჩართვა“ - გვიყვება პროექტის დაწყების მიზეზებისა და არსის შესახებ გოცაძე.

რაგბის კავშირის განცხადება 8 ისეთი ბიჭი გამოეხმაურა, რომლებიც სიმაღლის და ასაკის (15-16 წლის) მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. მათგან სამი არამორაგბე იყო - ერთი, რომლის სიმაღლე 197 სანტიმეტრი იყო, რაგბამდე ფეხბურთზე, წყალბურთზე და ჩოგბურთზე დაიდოდა; მეორე მძლეოსანი იყო (193); ხოლო მესამეს (196) აქამდე სპორტთან შეხება არ ჰქონდა. დანარჩენი ხუთი სპორტსმენი რაგბზე სულ რამდენიმე თვის მისული იყო და ამ პროექტის გარეთ აკადემიის სივრცეში მოხვედრის შანსი არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკური მახასიათებლებით მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

რეჟიმი ისეთივე იყო, როგორც აკადემიის სივრცეში მოვარჯიშე სხვა მორაგბეებისთვის - ვარჯიში დილის 06:30 საათზე იწყებოდა. პირველ ეტაპზე ახალბედები კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ, მერე კი ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდნენ (შაბათ-კვირის გარდა). მათთან მუშაობა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა და დროდადრო ერთვებოდნენ აკადემიის ძირითადი ჯგუფის ვარჯიშებში, რა დროსაც ხდებოდა მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ან შემოწმება.

გოცაძის თქმით, დადგა სელექციის დრო, ამ 8 ტანმაღალი ბიჭიდან 4-5 ის მორაგბე შეირჩევა, რომელთაც განვლილ პერიოდში საგრძნობი პროგრესი ჰქონდათ და აკადემიის სივრცეში ისინი დარჩებიან:

„საახალწლო შესვენებისა ბიჭებს მივეცით დავალებები. მათ უნდა ემუშავათ ფიზიკური კონდიციაბის გაუმჯობესებაზე და აღმოჩნდა, რომ ნაწილს აშკარა პროგრესი აქვს. გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს მათ ექვსი კრიტერიუმის მიხედვით მოახდინეს თვითშეფასება და გაირკვა, რომ საკმაოდ კრიტიკულები არიან, რაც ძალიან კარგია“.

„ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ამ ბიჭებიდან 4-5 მოთამაშე უნდა შეირჩეს და ისინი სრულფასოვნად ჩაერთვებიან აკადემიის სისტემაში. ამ ეტაპზეც მთავარი პრიორიტეტი სიმაღლეა, თუმცა მეორე ეტაპზე დგება კიდევ ერთი მკაცრი მოთხოვნა - ის სპორტსმენები, რომელთაც აქამდე რაგბი არ უთამაშიათ, აულიბელად უნდა გახდნენ რომელიმე კლუბის წევრი, რათა აითვისონ გუნდური პრინციპები და მოახდინონ სრულფასოვანი ადაპტაცია“.

„რაც მთავარია, ამ ბიჭებმა იგრძნეს, რომ რაგბი მათი სპორტია და თუ შრომას გააორმაგებენ, მაქვს იმედი, რომ ეს ჩვენი წამოწყება პირველივე ჯერზე ნაყოფის მომტანი იქნება“.

მაღალი მაღლებს შორის

„მაღლების“ პირველ ნაკადში ყველაზე მაღალი ლუკა ჯორბენაძეა. ის 2000 წლის 6 დეკემბერს დაიბადა, სიმაღლეში უკვე 198 სანტიმეტრია და 103 კილოგრამს იწონის.

ლუკა ბავშვობიდან დადიოდა სხვადასხვა სპორტის სახეობებზე - ჯერ ფეხბურთზე, მერე წყალბურთზე და ბოლოს ჩოგბურთზე, რომელსაც ზედიზედ ორი ტრავმის შემდეგ თავი დაანება და რაგბში 6-თვიანი „არასპორტული“ ცხოვრების შემდეგ მოვიდა.

„რაგბის თამაში ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, სანამ ჩოგბურთზე მივიდოდი, მაგრამ მუხლებზე მქონდა პრობლემა და თავს ვიკავებდი. როდესაც რაგბის კავშირმა „მაღლების“ მიღება გამოაცხადა ძალიან გამიხარდა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გამო გადატვირთული გრაფიკი მაქვს, გადავწყვიტე შანსი ხელიდან არ გამეშვა. ესაა სპორტი, რომელიც მიყვარს როგორც საყურებლად, ასევე სათამაშოდ, ვაფასებ იმ პრინციპებს, რაზეც ეს სპორტია აგებული და უნიკალური შანსი ხელიდან არ გავუშვი“ - გვაცნობს თავის გადაწყვეტილების მიზეზებს ჯორბენაძე.

ის მიიჩნევს, რომ სხვა სპორტის სახეობებში მიღებული გამოცდილება მას რაგბშიც ეხმარება:

„ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია, შენს თავზე ხარ დამოკიდებული და ყველა შანსი უნდა გამოიყენო. იქ მიღებული გამოცდილება მეხმარება ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღებაში და ხელიც კარგად მაქვს გავარჯიშებული. წყალბურთმა გუნდურობა მასწავლა. რაგბი კი ყველაზე გუნდური სპორტია, სადაც ყველა მოთამაშეს თავისი დავალება აქვს. მნიშვნელოვანია, ის ყველამ კარგად შეასრულოს, რათა გუნდს გამოადგეს“.

რაგბის აკადემიაში ვარჯიშის პარალელურად, ლუკა ინდივიდუალურად ვარჯიშობს გამძლეობასა და სირბილის ტექნიკაზე. ის თვლის, რომ ფიზმომზადების მხრივ პროგრესი აქვს და ამან საკუთარი თავის რწმენა შემატა:

„თავიდან განვიცდიდი, როდესაც რაღაც შემეშლებოდა, მაგრამ ახლა ფიზიკურადაც უკეთ ვარ და ტექნიკურადაც. ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკის მხრივ მათ გავუტოლდი ვინც რაგბზე ბავშვობიდან დადიოდა, მაგრამ პროგრესი ნამდვილად მაქვს და შეცდომებმაც იკლო. ახლა ვხვდები, რომ თუ ადამიანი თავის შეცდომებს ვერ ხედავს ვერასდროს გაიზრდება, შეცდომა კი ყველას მოსდის“.

ჯორბენაძე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლობს, აბიტურიენტია და პარალელურად რამდენიმე საგანში ემზადება. მისთვის სწავლა უმნიშვნელოვანესია, თუმცა განიცდის, რომ ამის გამო ჯერჯერობით რომელიმე სარაგბო კლუბის წევრი ვერ ხდება.

არის დღეები, როდესაც გადაბმულად 15 საათი გარეთ ვარ. ძალიან ბევრ მასწავლებელთან დავდივარ და ჯერჯერობით მხოლოდ აკადემიის ვარჯიშებით შემოვიფარგლები. თავს არ ვზოგავ, ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მაქსიმალურად ავითვისო სარაგბო უნარები, ზაფხულიდან კი, კლუბში აუცილებლად მივალ. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში სწავლა და განათლება უმნიშვნელოვანესია. ადამიანი სპორტშიც ვერ მიაღწევს დიდ წარმატებას თუ განათლება არ ექნება. სწავლას აუცილებლად ბოლომდე მივყვები, თუმცა რაგბი ისე მიყვარს, რომ მზად ვარ ყველანაირ დატვირთვას გავუძლო და ეს ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო“.

ლუკას სპორტული კუმირი მამუკა გორგოძეა და როგორ თავად ამბობს, რაგბიზე მისვლაც სწორედ გორგოძის მაგალითზე გადაწყვიტა:

„როდესაც მიღება გამოცხადდა 16 წლის ვიყავი და მამუკა გორგოძის მაგალით გამახსენდა. რაგბის თამაში მანაც ამ ასაკში დაიწყო და მონდომებით ყველაფერს მიაღწია. მის მაგალითს ბევრი უნდა მიყვეს. რომ არა გორგოძის ამბავი და ეს პროექტი, ალბათ რაგბს აღარასდროს ვითამაშებდი, თუმცა მივიღე შანსი და მას აუცილებლად გამოვიყენებ“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:32 | 23.03.2018
maxo_65 (458)

კარგი პროექტია, უკანა ხაზელებზეც კარგი იქნებოდა ასეთი პროექტი, სხარტი, მუხლმაგარი და მოქნილი ბიჭების მოსაძიებლად...

17:28 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

25 ში U18 იწყებს ევროპის ჩემპიონატს - გააშუქეთ!
წელს თასმა შეიძლება ბინა თბილისში დაიდოს...
(და მერე ამ ტურნირსაც გააუქმებენ, ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებთ ქართელებიო - მიზეზით)

17:21 | 23.03.2018
ოვალური კორბენი (276)

ხუთიოდე ბავშვზე დაკვირვება და მათზე იმედის დამყარება ცოტაა...
იმედია ის ოჯახები, სადაც დედაც და მამაც მაღლები არიან და ბიჭი (უკეთესია ბიჭები) ეზრდებათ, დაინტერესდებიან ამით. თუნდაც ცეკვის წრეზე სიარულს, რაგბი ბევრად სჯობს.
გადატენილია ცეკვის სტუდიები, არადა ამდენი ტანცორი ვის რად უნდა ? აშკარად ართმევენ სპორტის სხვადასხვა სახეობებს კონტინგენტს. ქალთა სპორტი სულს ღაფავს ქვეყანაში და ამდენი გოგონა ცეკვის სტუდიებში დადის. ჰა-ჰა მათმა უმეტესობამ ქორწილებში გაიქნიოს ხელი, პროფესიონალური თვალსაზრისით ბევრისთვის უპერსპექტივო თემაა. გადადით სპორტში !!!
ძალიან მაღალი ბიჭების ცეკვისთვის ვისაც გიყურებიათ, დამეთანხმებით რომ მაგაზე სასაცილო სანახავი არაფერია ჰოდა მაღალო დედებო და მამებო, აგერ მშვენიერი ვარიანტი თქვენი ვაჟებისთვის.

14:43 | 25.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

22:25 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

კი ნამდვილად მასეა კორბენ.

17:27 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)


:UP:

მიშამ სამხრეთ აფრიკელი ბურები რომ ჩამოასახლა გარდაბანში...
ეგენი ხომ ცნობილი მეორე ხაზელები არიან, ხოდა იქაა მოსაძებნი (!)

18:01 | 23.03.2018
ოვალური კორბენი (276)

არის შანსი მათში ახალი ებენ ეცებეთის პოვნის ?

18:25 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

თუ არ ცადე...

რა იცი და ბოთა და მეტფილდი გარდაბანში დაიარება..

16:29 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

16-18 წელი...
მამაკაცის სხეული ზრდას 23-24 წლის ასაკში ასრულებს, ბოლო აქტიური ფაზა 19-20 წლის ასაკზე მოდის
ამ ასაკში დაწყებული რაგბი, რა ვიცი - იქნება ყველა მამუკა აღმოჩნდეს

16:17 | 23.03.2018
პანტელეიმონი (1218)

კარგი პროექტია ნამდვილად. მეც მქონდა და მაქვს სურვილი ჩემი 14 წლის ბიჭი (სიმაღლე 189 სმ) ამ პროექტში ჩავრთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფრით ვერ დავითანხმე კალათბურთის სიყვარული უფრო აქვს და გარკვეული მიღწევებიც აქვს კალათბურთში. ვნახოთ ბოლოს ჩემი ლობირება რაგბისკენ , თუ იქნება წარმატებული.

14:44 | 23.03.2018
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად კარგი პროექტია, იმედია ეს ბიჭები იმედებს გაამართლებენ.

მძლეოსნობის ფედერაციის იმედი ვერ გვექნება და ალბათ რაღაც პერიოდის მერე ანალოგიური პროექტი იქნება გასაკეთებელი მორბენალებზე.

22:58 | 22.03.2018
თორღვა პანკელი (387)

კარგი ბიჭები ხართ, მონდომებით და შრომით ყველაფერს მიაღწევთ, კარგი ადამიანებიც გამოხვალთ და კარგი მორაგბეებიც.

0.085021