ლეგიონერები

1:24 | 22.03.2018 | ნანახია 7668 - ჯერ

გიორგი ჯავახია "ორიაკში" ითამაშებს - ინტერვიუ ახალგაზრდა მორაგბესთან
როდესაც გავიგე, რომ "ორიაკიც" იყო დაინტერესებული და 3-წლიან კონტრაქტს მთავაზობდა კარგი პირობებით, მერაბის და გიორგის ფაქტორიდან გამომდინარე "ორიაკში" გადასვლა ვამჯობინე


გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბე გიორგი ჯავახია სეზონის დასრულებისთანავე ტოპ 14-ის "ლიონს" დატოვებდა და კარიერას პრო დ2-ის "ორიაკში" განაგრძობდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე ირიცხებიან.

21 წლის მორაგბეს უმალ დავუკავშირდით და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აღსანიშნავია, რომ გიორგიზე თითქმის ყველა უცხოურ სარაგბო გამოცემას უწერია, რომ პოზიციით მესამეხაზელია, თუმცა მასთან საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ გიორგის მეორე ხაზში თამაში ურჩევნია, მაგრამ გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე, უარს არც ზემოხსენებულ პოზიციაზე თამაშს ამბობს და "ლიონის" ძირითად გუნდშიც სწორედ ფლანკერის (6-7 ნომრები) ამპლუაზე მოუწია თამაში.

ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც, რასაც ქვემოთ გაეცნობით.

- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კარიერას "ორიაკში" განაგრძობთ. კონტრაქტის დეტალები როგორია?

- კონტრაქტს რაც შეეხება, მე 22 წლის ვხდები და ერთი წელი ესპუარის კონტრაქტით თამაში მომიწევს, ხოლო შემდეგი ორი სეზონი პირველ გუნდთან ანუ პრო-კონტრაქტი მექნება. პირველი კი ესპუარი, მაგრამ ძირითად გუნდთან ვიქნები, როგორც მითხრეს და როგორც კონტრაქტშია აღნიშნული, თუმცა შეიძლება 1-2 თამაში ესპუარებში მომიწიოს ჩემი შესაძლებლობლების უკეთ დასამტკიცებლად.

- "ლიონიდან" წამოსვლის მიზეზზე გკითხავთ, ალბათ სათამაშო პრაქტიკას უკავშირება არა?

- "ლიონში" მესამე სეზონია ვთამაშობ, პირველ წელს ოთხი თამაში ვითამაშე პირველ გუნდში. შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი, სადაც კუნთი გავიწყვიტე. რეაბილიტაცია ძალიან გაიწელა, 5 თვე ვერ ვვარჯიშობდი და მოსამზადებელი ეტაპიც ვერ გავიარე პირველ გუნდთან, ამის შემდეგ ესპუარებში მომიწია თამაში, ხოლო ჩემთვის მნიშვნელოვანი პირველ გუნდში ბევრი თამაშია, რაც "ლიონში" ვერ გამოვიდა.

- "ორიაკში" მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე დაგხვდებიან, რამაც ადაპტაცია უფრო უნდა გაგიადვილოთ. იმოქმედა ქართველების ფაქტორმა, როდესაც "ორიაკში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ?

- რა თქმა უნდა იმოქმედა, ძალინ გამიხარდა, როდესაც გავიგე "ორიაკში" გადავიდოდი, რადგან მერაბ შარიქაძესთან, ჩვენი ნაკრების კაპიტანთან ერთად მომიწევდა ვარჯიში და იმედი მაქვს, ვითამაშებ მის გვერდით, რაც შეეხება გიორგი ცუცქირიძეს, მას ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კიდევ იყო რამდენიმე გუნდის ვარიანტი, მაგრამ იქ ქართველები არ თამაშობენ და როდესაც გავიგე, რომ "ორიაკიც" იყო დაინტერესებული და 3-წლიან კონტრაქტს მთავაზობდა კარგი პირობებით, მერაბის და გიორგის ფაქტორიდან გამომდინარე "ორიაკში" გადასვლა ვამჯობინე.

- ჩვენი მეორე ჟურნალისტი სულ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ "ორიაკში" ბევრი ძლიერი მორაგბე თამაშობს, რის ხარჯზე აპირებ იმ კონკურენციის დაძლევას, რომელიც "ორიაკშია'?

- ჩემი სტილის თამაშით, გუნდში კომუნიკაციით, ჩემი ძალით და ქართული სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ადგილი დავიმკვიდრო.

- ბიოგრაფიაში და უცხოური ვებგვერდების პროფილებზე გიწერიათ, რომ ფლანკერი ხართ, თუმცა...

- კი ფლანკერის პოზიციაზეც ვთამაშობ და 8 ნომრადაც, სადაც გუნდს დავჭირდები იქ ვითამაშებ. პრო დ2-ში "ლიონის" რიგებში 6 და 7 ნომრებზე ვითამაშე, მაგრამ ჩემი მიზანი მეორე ხაზში თამაშია.

- მაშინ შემდეგი კითხვა სწორედ მეორე ხაზზე გვექნება. ჩვენს ნაკრებს მეორე ხაზში შედარებით შეზღუდული რესურსი აქვს, რაც ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, "ორიაკში" თავის დამკვირდრების შემთხვევაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშზე თუ ფიქრობთ?

- ძალიან მაგარი, ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები გვყავს მეორე ხაზში, მაგრამ ცოტა. 2019 წელს რაც შეეხება, იაპონიაში არამგონია ვიყო. ჩემი მიზანი პირველ რიგში არის, რომ ბევრი ვივარჯიშო, "ორიაკის" პირველ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და მსოფლიო თასის შემდეგ, ალბათ მომეცემა შანსი, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო ნაკრებშიც.

- საფრანგეთში წლებია თამაშობთ და კარგად ხედავთ, თუ რამდენი ქართველია სხვადასხვა ლიგებში. ბოლო პერიოდში კი ფრანგებმა ლეგიონერებზე შეზღუდვები დააწესეს და კიდევ უფრო გამკაცრებას ვარაუდობენ. თქვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში რამდენად ექნებათ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს საფრანგეთში მოხვედრის შანსი?

- ძალიან რთული იქნება, რადგან ყველა ფრანგული გუნდი აქცენტს აკეთებს "ჟიფ" მოთამაშეებზე. "ჟიფი" როგორც მოგეხსენებათ, ფრანგ მოთამაშესთან გათანაბრებული უფლებებით სარგებლობს, რაც ადრე სამ წელში შეგეძლო გამხდარიყავი, ახლა ხუთ წლამდე გაზარდეს, რაც აკადემიებში ლეგიონერების ჩამოსვლას ძალიან ართულებს.

- როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში , რა არის ქართული რაგბის განვითარებისთვის გამოსავალი?

- გამოსავალი ის იქნება, რომ შიდა ჩემპიონატი გაძლიერდეს საქართველოში, რადგან შეიძლება ბევრი ქართველი ვერ წავიდეს საფრანგეთში ან სხვა ძლიერ ქვეყანაში. შესაბამისად, უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ქართული საკლუბო რაგბი.

- პირველი ნაბიჯები რომ გვითხრათ კარიერის. რამდენი წლის იყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყეთ და რომელ ქართულ კლუბში თამაშობდით?

- რაგბის თამაში 9 წლის ასაკში დავიწყე. ვთამაშობდი სენაკის გუნდ "ჯიხაში". ჩემი პირველი მწვრთნელი იყო მალხაზ კილასონია. რაგბის თამაში დავიწყე ბებიას და ბაბუას რჩევით, რომლებიც ძალინ დამეხმარნენ ყველაფერში. 15 წლის ასაკში ფოთში ვთამაშობდი ორი წელი "ბ" და "ა" ლიგებში, სადაც ჩემი მწვრთნელი იყო ამირან შავგულიძე და შემდეგ პროფესიონალურ დონეზე დავიწყე თამაში - 17 წლის ასაკში ქუთაისის "აიაში" გადავედი, სადაც საფრანგეთში წასვლამდე ვთამაშობდი.

- და ბოლოს, შეგიძლიათ ის თქვათ, რაც მოგესურვებათ და მიმართოთ ხალხს, თქვენს ახლობლებს, გულშემატკივრებს...

- ჩემი "ორიაკში" გადასვლა სიახლეა გულშემატკივრებისთვის. ჩემი ოჯახი და ხალხი, ვინც მიცნობს და მაფასებს, ყველა მადევნებს თვალს და ბევრ სითბოს იჩენს. ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი. მაქსიმუმს გავაკეთებ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ჩემს გულშემტკივრებს და მეგობრებს იმედები არ გავუცრუო. მაქსიმუმს ვიზამ, რომ ის ხალხი გავახარო ჩემი წარმატებებით, ვინც მგულშემატკივრობს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:50 | 23.03.2018
rugbyisourgame (5)

ძალიან კარგი სიახლეა, რამდენიმე წელში საკმაოდ სერიოზული მესამე ხაზი გვეყოლება, წესით ტოპ კლასისაც კი. ოთია გიორგაძე, ცუცქირიძე, ჯავახია, ცხადაძე არის ბორდოს ესპუარებში და ძალიან დიდი იმედი მაქ გაუფორმებენ კონტრაქტს. გორგაძეს ტრამვამ შემაშინა მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, და მჯერა ბექა მსოფლიო დონის 8 ნომერი დადგება (ყოველშემთხვევაში მონაცემები ნამდვილად აქ). რაც შეეხება მეორე ხაზს. სიმაღლის პრობლემა არის ჩვენ ნაკრებში მაგრამ არა კატასტროფული. სარაგბო ინტელექტისა და შესაძლებობების განვითარების პრობლემა უფრო მგონია. მაგალითისთვის მარო იტოჯე არის 195 და რა დონის მეორე ხაზელიც არის ყველამ ვიცით. 20 წლამდელების ბაბუნაშვილი 196-ია სიმაღლეში. ჯაიანი საერთოდ 201. ეფრემიძეც 195 სმ-ია და შეიძლება ამ ბიჭებისგან მაღალი დონის მეორე ხაზელების გამოდნობა(თუმცა ადგილობრივი ჩემპიონატის ხარჯზე ძალიან რთული იქნება, თუ არ წავიდნენ ისევ და ისევ საფრანგეთში). დღეის მდგომარეობით მიქაუტაძე-ჭეიშვილის დუეტი 200-202 არიან სიმაღლეში და იქვეა ნემსაძეც 196 სმ-ით. მოკლედ იმის აღნიშვნა მინდოდა რომ სავალალო მდგომარეობა ნამდვილად არ დგას დღეს ნაკრებში მეორეხაზელების კუთხით (თუმცა სამუშაო ნამდვილად ბევრია).

22:36 | 22.03.2018
თორღვა პანკელი (387)

წამოვიდნენ უნდა ბიჭები ამ პოზიციაზე თორემ მომავალში მაგრად გაგვიჭირდება, წარმატებები გიორგის.

14:38 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

2015 წლის შემდეგ 5 მეორე ხაზელი წავიდა საფრანგეთში, მაგრამ...
გიორგაძე გაამესამე ხაზელეს და ალბათ ასეც ჯობდა
ცხადაძე თუ არ ვცდები ჯერაც იქაა და მხტომელია
აი ზოიძე, კვაჭაძე და ბაბუნაშვილი "დააბრუნეს", მიზეზი ალბათ: სიმაღლეში 195 მდე იყო სამივე, ზოიძემ თუ ჯანი აკრიფა სავარაუდოდ სიმაღლესტან ერთად უნარები აუწუნეს, კვაჭაძე უნარები თუ არ ჰქონდა დასაწუნი, ისეთი ჯანი ვერ აკრიფა და ბაბუნაშვილს თუ უნარები არ დაეწუნება ჯანში აშკარად მოიკოჭლა
გიორგიც თუ 195 ზე მეტი ვერ არის სიმაღლეში, მაშინ ეს მომენტი ჯანით (რაც ეტყობა და სულ ეტყობოდა) და შესაბამისი უნარებით უნდა დააბალანსოს

მაგალითისთვის პრო დ 2ში ერთი ნორვეგიელი მეორე ხაზელი ირიცხება 207_ია, ამ დროს ნორვეგია რა სარაგბო ქვეყანაა ვიცით
სიმაღლე მინიმუმ რამდენიმე ფაქტორით თუ არ ბალანსდება ფრანგი არჩEვანს უცხოტომელზე არ გააკეთებს

16:16 | 22.03.2018
DataN24 (215)

სამწუხაროდ სიმაღლის პრობლემა ყველა სპორტში გვაქვს თითქმის რაგბში განსაკუთრებით, მაგრამ ნემსაძეც არაა 2 მეტრა და მშვენიერია ჰაერში თამაშიც მიწოლაშიც უბრალოდ როგორც თითონ თქვა ნამდვილი პროფესიანოლაური ვარჯიში გვიან დაიწყო, ჯავახიას თამაში არ მინახავს სამწუხაროდ ჯანი კი ეტყობა და იმედია აუტებზე, მოლებში და გადაყრაზეც ყოჩაღი იქნება. ამ ბოლო დროს ყველა მორაგბეს უნივერსალიზმისკენ ავითარებენ და სავარაუდოდ ესეც მესამე-მეორეხაზელი იქნება ისევე როგორც ბევრია მონპელიეში და ტულონში.
კარგი იქნებოდა წელვე რომ ქონოდა პრაქტიკა ზაფხულის ტესტებზე მემგონი ღირს გამოცდა შეკრებაზე, მინიმუმ 4-5 მეორეხაზელი მაინც უნდა გვყავდეს მსოფლიოსთვის კანდიდატად

18:48 | 22.03.2018
GiorgiG83 (525)

ნემსო 196 ია - უკვე რაღაცაა
195 ზე ნაკლები გინდა არ გინდა იჩაგრება გრეი 205 ია ისეთი რა ნახტომი უნდა ჰქონდეს რომ ამწევს შეუმსუბუქოს და იმანაც ა უნდა აწიოს ისე რომ ეგ 10 სმ მოაგებინოს ( მერე მაგას პროპორციულად ხელის სიგრძეც დაუმატე და ეგააა რა)

195 _ს ქვემოთ მორაგბე ჩEმი აზრით ჯობია მე-3 ხაზს მიაწვეს

22:59 | 22.03.2018
DataN24 (215)

ხო მართალია მაგრამ არ გვყავს ეს 2 მეტრიანი ბიჭები და რაგინდა რო ქნა გააჩნია რა ფორმაციის მესამე ხაზთან მოუწევს თამაში კოკი და კიდე მეორე ხაზელიც დაბალი აუტში ცუდად წაგვივა სადმე მაგრამ აი მაგალითად: მიქაუტაძე ან ნემსაძე, ვიტო, გორგაძე, ლომიძე ამათთან კიდე არაუშავს. არცერთი ახალგაზრდა არ მეგულება ახალგაზდულებშიც მაღალი რო იყოს ერთადერთი ლაშა ჯაიანი მახსენდება და იმედია სატანადოდ განვითარდება 2.01 უკვე სერიოზული სიმაღლეა

17:01 | 23.03.2018
GiorgiG83 (525)

ხო სიმაღლე ბოლო წლებია ეროვნულ/სპორტუული ტკივილია
ყველა ვინც 1994 წლიდან საფრანგეთში ესპუარად წავიდა მეორე ხაზში ან დააბრუნეს ან გაამესამე ხაზელეს

ჯაიანი 19 წლისაა ყველაფერი წინ ააქვს, საღინაძეც კი ვერ იმეორე ხაზელებს - ტიპური მარბიელია წელს მკაცრად მე-3 ხაზში იქნება U20 ზე

14:34 | 22.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე გიორგი, წარმატებას გისურვებ ! ! !

10:56 | 22.03.2018
temuchin (431)

წარმატებები გიორგი!

10:14 | 22.03.2018
DataN24 (215)

მოკლედ ზალიან მიხარია თქვენი გვერდის გააქტიურება სტატიების მხრივ, ფიზიკური მონაცემები კარგი აქვს რაც შეილება მალე გამოვცდით მეორე ხაზში კარგი იქნება

10:04 | 22.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები.

0.095489