საფრანგეთი პრო დ2

13:38 | 22.03.2018 | ნანახია 2465 - ჯერ

ირაკლი მირცხულავა - 3 წლით „კოლომიეში“

ქართველმა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. 29 წლის მორაგბემ პრო დ2-ის „კოლომიესთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება დადო და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

ამჟამად მირცხულავა „ოიონას“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა. თავის ახლანდელ კლუბში მარჯვენა ბურჯმა საფრანგეთის ტოპ 14-ის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 9-ში სასტარტო თხუთმეტეულში იყო. გარდა ამისა, გამოცდილმა პირველხაზელმა „ოიონასთან“ ერთად ჩელენჯ კაპზეც მოსინჯა ძალები და 4 შეხვედრაში ითამაშა (3-ჯერ - სასტარტო შემადგენლობაში). საინტერესოა, რომ ირაკლი მირცხულავა „ოიონასთან“ ერთად პრო დ2-იდან ტოპ 14-ში ავიდა, მანამდე კი, 6 სეზონის განმავლობაში პრო დ2-ისვე „ტარბის“ ღირსებას იცავდა.

ფოთელ ბურჯს აქტივში 11 სანაკრებო კეპი დაუგროვდა. მირცხულავას დებიუტი ბორჯღალოსნებში 2012 წელს უკრაინის ნაკრებთან მატჩში შედგა, ხოლო ბოლოს ირაკლიმ სანაკრებო კვართი 2016-ში, ზაფხულის ტესტებზე ფიჯისთან სტუმრად 14:3 მოგებულ მატჩში მოირგო.

რაც შეეხება „კოლომიეს“, ამ გუნდში კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანი გამოდის, ასევე მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, ვისაც დამდეგ ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ეწურება. „კოლომიეს“ პრო დ2-ის პლეი-ოფში მოხვედრისა და ტოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლის თეორიული შანსიღა დარჩა, ისიც - მიზერული, თუმცა, არც ლიგიდან გავარდნა ემუქრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089211