ქართული

18:55 | 21.03.2018 | ნანახია 3144 - ჯერ

ბექა გორგაძე: "ჩემი გული ნაკრებთანაა"

ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე თითქმის ერთი წელია ტრავმას ებრძვის. 22 წლის მორაგბემ ტრავმა შარშან, 13 მაისს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქართველ მესამეხაზელს ექიმები ჯერაც ვერ ეუბნებიან კონკრეტულ თარიღს - როდის შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

ჭრილობა არ შეხორცდა

2017 წლის 13 მაისი დიდხანს დარჩება გორგაძის მეხსიერებაში. პრო დ2-ის ნახევარფინალში, ტოპ 14-ში აღზევებისთვის მებრძოლი "მონ-დე-მარსანი" "მონტობანთან" 13:24 დამარცხდა. ბექა საკუთარი გუნდის ძირითადში იყო, ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი ცუდად ჩაყვა და 47-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ტრავმა რაგბს დიდი ხნით ჩამოაშორებდა:

„წვივის დიდი და მცირე ძვალი ერთმანეთს დაშორდა, რამაც კოჭთან ახლოს, მათ შორის მდებარე მყესის გაგლეჯვა გამოიწვია. გარდა ამისა, დამიზიანდა კოჭის შიდა მხარის პატარ-პატარა მყესები“.

„ფეხი თაბაშირით დამიფიქსირეს და ზაფხულში საქართველოში სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარე. საფრანგეთში დაბრუნებულმა ვარჯიში დავიწყე, მაგრამ ტკივილები გამიძლიერდა და 4 აგვისტოს ოპერაცია გავიკეთე. მიზანი იყო, რომ ძვლები პირვანდელ ადგილს დაბრუნებოდა. ჩამიდგეს რკინები, დავისვენე თვენახევარი და წავედი სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც 3-კვირიანი პროცედურები გავიარე. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მყესი აღდგენილია, მაგრამ რაღაც ისე მაინც არ მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო“.

ფიზმომზადების გავლის შემდეგ, გორგაძეს ნოემბრის მიწურულს ესპუარებში უნდა ეთამაშა, მაგრამ თამაშის კვირას კოჭი ისევ ატკივდა, ამჯერად რკინების ზონაში. ამასობაში იანვარიც მოვიდა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჯობდა რკინები ამოეღოთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა თავი ახალმა პრობლემამ იჩინა, ნაოპერაციები ჭრილობა ჯერაც არ შეხორცებულა:

„ექიმები ფიქრობენ, რომ ამ 6 თვეში კოჭმა ძალიან ბევრი გადაიტანა - ორი ოპერაცია, ძლიერმოქმედი პრეპარატები, და შეხორცება ამის გამო უჭირს. ვარჯიშის დაწყება რამდენიმე დღის წინაც ვცადე, თითქოს ჭრილობა დახურული იყო, მაგრამ დატვირთვის შემდეგ ვარდისფერმა სითხემ კვლავ გამოჟონა. შესაძლოა, სხვადასხვა ეტაპზე ვარჯიში ადრე დავიწყე, ან სხვა სახის პატარ-პატარა შეცდომები დავუშვი, მაგრამ ფაქტია, თითქმის 11 თვე გავიდა, რაც მოედანზე არ გავსულვარ და ბურთით არ მითამაშია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერავინ მეუბნება, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როდის შევძლებ მოედანზე გასვლას...“ - გვიყვება მოლოდინის რეჟიმით დაღლილი გორგაძე.

პრე-კონტრაქტი "ბორდოსთან"

გორგაძე იმედოვნებს, რომ მოედანს აპრილში მაინც დაუბრუნდა, "მონ-დე-მარსანს" და მის გულშემატკივრებს თამაშით დაემშვიდობება და ტოპ 14-ის "ბორდოსთან" გაფორმებული პრე-კონტრაქტის ამოქმედებასაც არაფერი დაემუქრება.

ირკვევა, რომ ჟირონდელები ქართველ მესამეხაზელს აგერ უკვე მესამე წელია, აკვირდებიან და მიუხედავად ტრავმისა, მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, თუმცა მაშინ "ბორდოს" ხელმძღვანელობას სხვა მოლოდინები ჰქონდა:

„ბორდოსთან" პრე-კონტრაქტს ხელი ნოემბერში მოვაწერე, მაშინ ნაოპერაციები ვიყავი, თუმცა ვიცოდი, რომ მოედანზე მალე დავბრუნდებოდი და გართულებებს არ ველოდი. რა თქმა უნდა, "ბორდოს" სურდა, რომ მათთან საუკეთესო ფორმაში მყოფი მივსულიყავი. ამ კლუბთან ოფიციალური კონტრაქტი აპრილში უნდა გავაფორმოთ და ვნახოთ, რა იქნება. იმედია, მანამდე მოედანზე დაბრუნებას მოვახერხებ, რადგან მსურს, რომ "მონ-დე-მარსანს", კლუბს, რომელმაც ამდენი გამიკეთა, კარგად დავამახსოვრო თავი და სეზონის ბოლოს მაინც დავეხმარო“, - ამბობს გორგაძე და "ბორდოში" გადასვლის უპირატესობაზე გვიყვება:

„ეს კლუბი ჯერ კიდევ 2015 წლიდან მაკვირდება და ჩემს შესახებ მის ხელმძღვანელობას სრული ინფორმაცია აქვს. მათგან პირველი შემოთავაზება შარშან მარტში მივიღე, მაგრამ ჩემს აგენტთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, არ მეჩქარა. ახლა სხვა სიტუაციაა, მსურს, რომ უფრო მაღალი დონის გუნდში გადავიდე, სადაც სათამაშო დრო საკმარისი მექნება და თანაც რეგიონის გამოცვლაც არ მომიწევს, რაც ადაპტაციას გამიადვილებს“.

„ჩემი სული და გული ნაკრებთანაა“

გორგაძემ ბორჯღალოსნების კვართით პირველად 2015 წელს ითამაშა, ბოლოს - შარშანდელ "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე და ზუსტად ერთი წელია, ეროვნული გუნდის თამაშებს თვალს მაყურებლის რანგში ადევნებს. ის ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი დაიხვეწა:

„ერთი წელია, ნაკრების შეხვედრებს მაყურებლის რანგში ვადევნებ თვალს და აშკარა პროგრესი გვაქვს. კარგი თამაშები გვქონდა ივნისის ტურნეზე და ნოემბერში. განსაკუთრებით მომეწონა უელსთან მატჩი, რომლის შედეგი ისტორიას დარჩება. ახლა "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი მიდის და პროგრესი აშკარაა. დიახ, გვაქვს ხარვეზები, მაგრამ ხაზი თამაშში მეტადაა ჩართული და ეს ყველასთვისაა თვალსაჩინო. მომენტებიც მრავლად იქმნება და საცოდაობაა, ასეთი ეპიზოდები ლელოს გარეშე რომ სრულდება“.

„წლიდან წლამდე ასე ხდება, წლის პირველი ორი-სამი თამაში ისეთი არ გამოდის, როგორიც გვინდა რომ იყოს, მაგრამ მერე ხარისხი აშკარად მატულობს. სამწუხაროდ, რუმინეთთან მე კვლავ მაყურებლის რანგში ვიყავი, თუმცა ჩემი სული და გული ყოველთვის ნაკრებთან ერთადაა“.

მსოფლიო თასის მოლოდინები

ბუნებრივია, იაპონიის მსოფლიო თასამდე 18 თვით ადრე, ყველა ბორჯღალოსნის ფიქრები ამ ტურნირს უტრიალებს. გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც გორგაძეა, რომელიც ადასტურებს, რომ მიზანი ორი თამაშის მოგებაა, თუმცა დარწმუნებულია, ფიჯისთან ურთულესი თამაში იქნება:

„იაპონიაში ყველაზე რთული თამაში ფიჯისთან გვექნება. მათ ჩვენი სტილი უნდა მოვახვიოთ თავს, ისეთი თამაში, როგორიც ყველაზე მეტად არ უყვართ. მეტოქის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, სათითაოდ ყველა დიდი ვარსკვლავია, გამოცდილებაც ჩვენზე მეტი აქვთ, მაგრამ დისციპლინაში მოიკოჭლებენ და ეს უნდა გამოვიყენოთ. გამოწვევა იქნება მათი ხაზის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ფიჯის დამარცხება ერთხელ უკვე მოვახერხეთ და კიდევ უნდა შევძლოთ!“.

ბექა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე კანადის ნაკრებს ელოდა და ურუგვაელთა წარმატებით გაოცებულია:

„ამ ქვეყანაში რაგბი სამოყვარულ დონეზეა, წესიერი ჩემპიონატიც არა აქვთ და თავდადებით, გულიანი თამაშით ძალიან ბევრს მიაღწიეს, რაც დასაფასებელია. 2015 წლის მსოფლიო თასზე მათ ასევე დიდი გულით ითამაშეს და არც იაპონიაში დაყრიან ფარ-ხმალს. ჩვენ მათთან 2003 წელს განცდილი მარცხისთვის რევანში გვაქვს ასაღები და ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. სხვათა შორის, 2015 წლის 20-წლამდელთა ალაფაზე სწორედ ამ განწყობით გავედით, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ურუგვაისგან ველოდით და არც შევმცდარვართ“.

რაღა თქმა უნდა, გორგაძე ჯგუფის ფავორიტებად უელსსა და ავსტრალიას მიიჩნევს:

„პირველი თამაში უელსთან გვიწევს და დარწმუნებული ვარ, ისინი უძლიერეს შემადგენლობას დააყენებენ. ყველამ იცის, რას წარმოადგენს ეს გუნდი. იმას, რომ ნოემბერში უელსს მხოლოდ 7 ქულით ჩამოვრჩით, იაპონიაში მნიშვნელობა აღარ ექნება და სულ სხვა გუნდთან მოგვიწევს თამაში.

უელსთან ერთად ჯგუფის ფავორიტია ავსტრალია. მათთან პირველი, ისტორიული თამაში მსოფლიოზე გვექნება და ეს დიდი გამოწვევაა. ავსტრალია 2015 წელს ფინალში გავიდა და 2019 წელსაც იგივეს გამეორებას ეცდება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 22.03.2018
McCaw (168)

ბექუშ გამოჯამრთელება ზალიან მალე ქართული რაგბის მომავალი ხარ იაპონის მიწა წყალზე გრიგალი უნდა დაატრიალო არ ვიცოდი ასე რთულად თუ იყო საქმე ძალიან ძალიან მძიმე ტრავმა მიუღია ცუდია ეტყობა ეკიმებმა ვერ უწამლეს დროულად

14:02 | 22.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა დაგიბრუნოს ჯანმრთელობა ბექა ! ! !

00:12 | 22.03.2018
NIKA..01 (335)

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურებ ბექას.მგონი სჯობია ზედმეტად არ დაატანოს ძალა ფეხს,ბოლომდე მოიშუშოს და შემდეგ გადავიდეს ფიზიკურ დატვირთებზე ნელნელა.ძალიან საწყენია ასე ხანგრძლივად რომ მოწყდა რაგბს.იმედია მსოფლიოსთვის მწყობრში და ფორმაში იქნება

00:03 | 22.03.2018
temuchin (431)

ძალიან დიდ ხანს გამოგვაკლდი ბექა და აწი ისე ყოფილიყოს რომ მთელი შენი მომდევნო კარიერის ტრავმები ჩატეულიყოს ამ ტრავმაში, აწი სულ ჯანზე და ფორმაში ძმაო!

23:29 | 21.03.2018
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს.

21:43 | 21.03.2018
krasni (587)

მადლობა ღმერთს მოგვიძებნეს ბექა. მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. ძალიან საჭირო კაცი ნაკრებისათვის.

21:33 | 21.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ბექას დიდი მომავალი აქვს და ნაკრებისთვისაც დიდი ძალაა, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ ბექა.

20:27 | 21.03.2018
DataN24 (215)

მიდი ბექა შენი დიდი იმედი გვაქვს მსოფლიოზე

19:53 | 21.03.2018
GiorgiG83 (525)

გამოჯანმრთელდი ბექსონ!
პ.ს.
ორი დღეა სტატიებით (!) ვნებივრობთ

0.097102