უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ და ორშაბათს ‘შევარდენის’ ბაზაზე ხანგრძლივ, 3-კვირიან შეკრებაზე შევიდნენ. ჩვენი გუნდი ზედიზედ მესამედ ითამაშებს ‘მსოფლიო რაგბის’ რანგით მეორე ტურნირზე და მიზანი წელსაც ელიტაში (12 მოწინავეს შორის) ადგილის შენარჩუნებაა.
ჩემპიონატს 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის სამი ქალაქი - პერპინიანი, ბეზიე და ნარბონი უმასპინძლებს. ილია მაისურაძის, ლადო კილასოანიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები „გ“ ჯგუფში საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.
ამ შეკრების მიზანია როგორც ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწა და ფიზიკური კონდიციების ამაღლება, ასევე მოთამაშეთა მენტალური მდგრადობის გაუმჯობესება. ამ მიზნით მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორის, ნონო ანდღულაძის დახმარებით, ახალი პროგრამა დაინერგა.
გუნდის შენებისთვის
„პირადად მე და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებს არაერთი დიდი შეკრება გაგვივლია და კარგად ვიცით ეს რა სირთულეებს უკავშირდება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გართობას, აქტიურ დასვენებას, რაც მოთამაშეთა მენტალურ მდგომარებაზე დადებითად აისახება და სპეციალურად 20-წლამდელთა ნაკრებისთვის მოვიფიქრეთ პროგრამა, რომელიც ამავდროულად სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო კამპანიაა და ის საქართველოს ისტორიაზეა დაფუძნებული. რომელსაც „რჩეულთა გზა“ ეწოდება“ - გვიყვება ახალი პროგრამის დანერგვის მიზეზებზე ანდღულაძე.
პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს რაგბის კავშირი, თიბისი ბანკი, ლუდი ‘აისი’, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ზარაფხანა, 'ალექსანდერ გოცის' სახელოსნო, 'ენთერთეინმენტ ჯორჯია', გიგა ჯორჯაძე, დავით მაჭავარიანი, დავით ტურაშვილი და 'გრაფიკ ნოველ'.
რაც მთავარია, კამპანია აწყობილია ამ ბიჭების ინტერესების გათვალისწინებით, რაც მათი ჩართულობის გარანტი იქნება.
თამაშის წესები
პროექტის განხორციელებამდე ნონო ანდღულაძე უმცროს ბორჯღალოსნებს რამდენჯერმე შეხვდა და მათი ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა ფასეულობები - მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი, გულახდილობა, რწმენა და ოჯახი.
პირველი ოთხი ფასეულობა კონკრეტულ ბუნებრივ მოვლენას აღნიშნავს: მიზანდასახულობა - მიწა, პროფესიონალიზმი - ცეცხლი, გულახდილობა - წყალი, რწმენა - ცა, ხოლო ოჯახი ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალია.
შეკრებაზე მყოფი ბიჭები 4 გუნდად დაიყვნენ. თამაშისთვის შერჩეულია 5 ლოკაცია, სადაც გუნდებს მოუწევთ დავალებების შესრულება და სხვა და სხვა არტეფაქტების მოპოვება. გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი არტეფაქტი ექნება.
„ეს არის თამაში, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდის შენებას. მას აუცილებლად ეყოლება გამარჯვებული, თუმცა არავინ იქნება წაგებული. თამაში მოითხოვს ინტელექტს, ლოგიკურ აზროვნებას და ბიჭებს ის თამაშის დროს აუცილებლად გამოადგებათ“ - ამბობს ანდღულაძე.
ცოდნის კიდობანი
ამ პროგრამის პრეზენტაცია ორშაბათს შევარდენზე შედგა და მოთამაშეებსაც პირველი, მარტივი ამოცანის გადაჭრა მოუხდათ.
წესების და მიზნების კიდევ ერთხელ ახსნის შემდეგ, ნონო ანდღულაძემ ბიჭებს ძველი სკივრი - ცოდნის კიდობანი წარმოუდგინა და თამაში დაიწყო!
ლეგენდა ცოდნის კიდობანზე
ცოდნის კიდობანი, არის უძველესი ქართული საიდუმლო, რომელიც უძველესი დროიდან, თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც მთავარი ცოდნა მთავარი წარმატების მისაღწევად, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ეს საიდუმლო, ბევრისთვის დაფარული იყო…
ლეგენდის თანახმად, ცოდნის კიდობანი იღებოდა მხოლოდ მათთვის, ვინც ებგურის ფიცს დებდა, მაგრამ მეომრისთვის, მხოლოდ ფიცის დადება არ იყო საკმარისი და ძველქართული სიტყვა ებგური კი, ყველაზე ძვირფასის, განსაკუთრებულისა და მნიშვნელოვანის დარაჯსა და მცველსაც ნიშნავდა.
თუმცა მეომარი, რომელსაც სურდა ებგურის ფიცის ერთგული ყოფილიყო, გადიოდა წვრთნისა და მომზადების რთულ და გრძელ გზას, რადგან რჩეული სპა, ნიშნავდა არა მხოლოდ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციას, არამედ საუკეთესო გონებრივ და სულიერ მდგომარეობას.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესანიშნავია, წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ! ! !
წარმატებები და მივესალმაბი ასეთ წამოწყებებსა და სიახლეებს!
წარმატებები.. მჯერა რომ შომას შედეგი მოაქვს და ამის არაერთი მაგალითი გვქონია რაგბში.
წარმატებები