შიდა რაგბი

0:50 | 20.03.2018 | ნანახია 1679 - ჯერ

პირველი ლიგა | პატარძეულმა ლიდერობა განიმტკიცა

პირველი ლიგის პირველობა დამაგვირგვინებელ ფაზაში შევიდა. ტურნირის გამარჯვებულისა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელის ვინაობა დიდი ალბათობით მომავალ ტურში პატარძეულში, ადგილობრივი ‘ვეფხვებისა’ და ‘ყოჩების’ დაპირისპირებაში გაირკვევა. კახელებს ფრეც აძლევთ ხელს. ‘ყოჩებს’ კი ლიდერობის მოსაპოვებლად ნებისმიერი სხვაობით მოგება დააკმაყოფილებთ.

12-ე ტურში გარე კახელები ავჭალაში ‘ივერიას’ ესტუმრნენ და დამაჯერებლად 7:52 იმარჯვეს. ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში 38 უპასუხო ქულა მიითვალეს და მთლიანობაში 8 ლელო გაიტანეს, დაგეგმილი პრემია იოლად აიღეს და 50 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობაც შეინარჩუნეს. ‘დუბლი’- ვაჟა მამულაშვილმა, გიორგი ქუთათელაძემ და ლაშა ბრეგვაძემ შეასრულეს. ‘ვეფხვების’ ხაზი საიმედოდ მოქმედებდა, რასაც გარე კახელთა მხრიდან ხელდახელ გაშლილი, სწრაფი თამაშიც დაერთო. ‘ივერიამ’ ხელი მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიღო. ლელოს დადება მარბიელმა გიორგი ბუბუნაურმა მოახერხა, რითაც საკუთარი გუნდი მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ‘ივერიას’ ფლეი აუტის თავის დასაღწევად მომავალ ტურში, შინ ოზურგეთის ‘არწივებთან’ პრაქტიკულად გადამწყვეტი შეხვედრა ელის.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

ქუთაისის ‘არესმა ’ მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო და ელიტაში მოხვედრის მიზერული შანსიც დაკარგა. რიონისპირელები ავჭალაში ნიკა სირაძის, გიორგი მინაძისა და თეიმურაზ კოხოძის ლელოთა წყალობით ‘იუნკერებს’ ტაიმის მიწირულამდე 17:0 უგებდნენ. შემდგომში ‘სერჟის’ /სერგო ფრუიძე/ გუნდი საკუთარ დერეფანში უხეირო თამაშმა და უამრავმა თერნოვერმა /უპირატესად ბურთის წინ ვარდნა/ დააღალატა. თანაც კიკეთელებმა თამაში დაალაგეს, დაცვა გააძლიერეს, შეტევებიც გაამძაფრეს, რასაც გიორგი კურტანიძისა და ბექა სიმსიანის ლელოები მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთზე კი ბურჯი ნიკა კაპანაძის გატანილი ლელო ურთულესი მდგომარეობიდან /მოედნის კიდიდან/ კიკეთელთა მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა გარდასახა და ‘სენატორას’ /გიორგი ენუქიძე/ ბიჭებმა დრამატულ ბრძოლაში 18:17 იმარჯვეს. მიჯრით მესამე მოგებით ‘იუნკერებმა’ მეოთხე ადგილზე აინაცვლეს და თან პირველ ლიგაში ადგილიც ვადამდე დაიბევეს.

‘ყოჩები’-‘დინამოს’ დაპირისპირებასაც ავჭალის სარაგბო არენამ უმასპინძლა. მატჩი შედეგიანი და თვალსასეირო გამოდგა. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონმა მართალია 6 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა სასურველი ბონუსის აღება ვერ შეძლო. ‘ყოჩთა’ დამრიგებელ აკაკი ცინცაძეს მარქაფამ არ გაუმართლა. შეცვლილი შერკინების ხაზი შეტევებს ანელებდა და ‘ყოჩებს’ სტატიკაში პრობლემებსაც გვარიანად უქმნიდა. სამაგიეროდ ჩვეული შემართებითა და ოსტატობით ირჯებოდნენ ‘ყოჩთა’ მგეზავი თემურ სოხაძე და ჰავბეკი თენგიზ ჯინაშვილი. კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი ტყეშელიაძემ. ‘ყოჩთა’ მარბიელმა ‘ჰეთ-თრიკის’ შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილიც დაიდო. სერგო რამიშვილისა და ვაჟა პაიჭაძის შეგირდთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი ‘დინამო’ მეტოქეს არ ეპუებოდა, მთლიანობაში 4 ლელოს დადებაც მოახერხა და ბოლო წუთებზე ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილის გატანილმა ლელომ ‘ყოჩებს’ საშური პრემიის აღება არ დაანება 41:27.

დრამატული გამოდგა ტურის დასკვნითი შეხვედრა ზვანში. ოზურგეთის გარეუბანში, ადგილობრივმა ‘არწივებმა’ მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიური მხარდაჭერით ‘ხულიგანას’ 25:23 სძლიეს, პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს და პირველ ლიგაში ადგილი პრაქტიკულად შეინარჩუნეს. ფლეი აუტისგან თავის დასაღწევად, მე-7 ადგილზე მყოფ ‘ივერიას’, გურულების ბონუსით დამარცხების შემთხვევაშიც კი, ბოლო ტურში მოტივირებულ ყოჩებთან მატჩის პოზიტიური შედეგით დასრულება მართებთ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან შერკინებაში უპირატესობას გურულები ფლობდნენ, ხელით თამაში კი უკეთ ხულიგანას გამოსდიოდა. წამყვანი ბურჯის დაშავების შემდეგ მამუკა ტყეშელაშვილისა და გოშა შკინინის გუნდმა თამაში ცრუ შერკინებით, კაცნაკლულმა განაგრძო. მიუხადავად ამისა, ხულიგანამ ბოლო წუთებში მასპინძლები სერიოზული წნეხის ქვეშ მოაქცია, მსაჯს ‘არწივების’ 2 მოთამაშე გაასინბინებინა და ბოლო სალელოვე შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში კარის წინ დაუვარდა ოვალი. ‘ხულიგანას’ პირველ ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიღა შერჩა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076991