საქართველოსა და ტონგას ტესტ-მატჩის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მისულ გულშემატკივარს საინტერესო სიურპრიზი გველოდა. “ბორჯღალოსანთა” ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტთა შეკითხვებს პასუხი ქართულად გასცა!
დიახ, ამ ადამიანს დრო ტყუილად არ დაუკარგავს. ქართული რაგბის და კერძოდ საქართველოს ნაკრების თამაშის განვითარების პარალელურად, მას ქართული ენაც აუთვისებია და უცხოელისთვის საკმაოდ გამართულად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ხვალინდელ თამაშებს ეხება. ბევრი გინახავთ ისეთი უცხოელი მწვრთნელი, რომლებსაც ქართულად “გამარჯობასა” და “მადლობას” მეტი ქართულად რაიმე სიტყვა ესწავლა? ჰეიგმა ეს გააკეთა და მისი მუშაობის პარალელურად, ეს საქციელი დასაფასებელია, რადგან თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მისთვის არა მხოლოდ საკუთარი წარმატება, არამედ ყველაფერი ქართული ძვირფასია.
დიახ, და მან ამაყად განაცხადა, რომ - “უცხოურ პორტალებს ქართული რაგბის პროგრესზე წარმოდგენაც არ აქვთ. ისინი უყურებენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგს და კონკრეტული მატჩის წინ ფავორიტსაც ამის მიხედვით ადგენენ. მათ არ იციან ის რეალობა, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს. შარშან სამოასთან დავამტკიცეთ, რომ თბილისში თამაშისას წარმოუდგენლის მიღწევა შეგვიძლია, თუმცა, ის უკვე დავიწყებულია და წელს ახლიდან უნდა შევძლოთ იგივეს გამეორება. ტონგასთან ხვალინდელ მატჩში, ჩემთვის ფავორიტი საქართველოა და უცხოური პორტალების გადაწყვეტილებასაც უსამართლოდ მივიჩნევ, რის დამტკიცებასაც ხვალ მოედანზე შევეცდებით”.
უცხოური პორტალები თუ ტოტალიზატორები კი, უპირატესობას მართლაც ტონგას ანიჭებენ. ტოტალოზატორები ქართველთა გამარჯვებაზე 2,3, ხოლო ტონგაზე 1,7 “კუშს” გამოდიან. დღეისათვის “ბორჯღალოსნები” 70,46 ქულით რეიტინგში მე-15, ხოლო ტონგა 72,58 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ქართველები ამ მაჩვენებელს მკვეთრად შეცვლიან და სხვაობაც მინიმუმამდე შემცირდება, 15 და მეტი ქულით მოგებით კი, ჰეიგის შეგირდები სულაც მათთვის სარეკორდო მე-13 ადგილზე აღმოჩნდებიან. რაღა თქმა უნდა მნიშვნელობა ექნება იტალიისა და სამოას შეხვედრას.
ახლა რეიტინგს და ვარაუდს შევეშვათ და კვლავ მილტონ ჰეიგს მოვუსმინოთ, რომელიც ფიქრობს, რომ კუნძულელებს სწრაფი თამაშით და სწორი ტაქტიკით უნდა აჯობოს: “გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და ეს იმედისმომცემია. სწრაფი თამაშის იმედად ვართ და ტონგას სისწრაფესთან ერთად სწორი ტაქტიკით უნდა ვაჯობოთ. მართალია, ტრავმის გამო რამდენიმე ლიდერი გვაკლია, მაგრამ ვინც ჩემს განკარგულებაშია ყველა კარგ ფორმაშია და მათ შანსი უნდა გამოიყენონ. ტონგა ძლიერი მეტოქეა და მასთან შესაბამისი მომზადების გარეშე ვერაფერს გახდები, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ კუთხით ყველაფერი ზუსტად შევასრულეთ”.
თავის მხრივ იმედიანად არიან ტონგელებიც, რომლებიც ამ ეტაპზე 2015 წლის მსოფლიო თასზე სულაც არ ფიქრობენ და ყველა ტესტ-მატჩში, მათ შორის ხვალ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაში, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. გუნდები თამაშს ერთნაირ პირობებში ხვდებიან, ანუ რამდენიმე ტრავმირებული მორაგბე ტონგასაც აკლია, თუმცა, ამას მთავარი მწვრთნელი მანა ოტაი სულაც არ დარდობს:
“გასულ კვირაში სამდღიანი შეკრება გვქონდა ინგლისში, ორშაბათიდან კი საქართველოში ვართ. მადლობა თქვენ, ასეთი კარგი ამინდი რომ დაგვახვედრეთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გეწვიეთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩვენს თავებში მსოფლიო თასი ტრალებს, მაგრამ ხვალ და უახლოეს კვირეებში ამაზე სულაც არ ვფიქრობთ. ხვალინდელი ამოცანა მხოლოდ თამაშის მოგებაა. ნებისმიერ ტესტ-მატჩში ჩვენი ამოცანა სწორად ეს იქნება და ვეცდებით სრული პოტენციალი გამოვავლინოთ. წესით, ყველა კლუბი ვალდებულია, რომ ნოემბერში მოთამაშეები გაათავისუფლოს, მაგრამ არ გვინდა ჩვენ მორაგბეებს ზიანი მიადგეს, გარკვეულ კომპრომისზე წავედით და ზოგიერთ კანდიდატზე უარი განვაცხადეთ, მაგრამ შემადგენლობა კარგადაა დაბალანსებული. აი, მსოფლიოს თასზე უკვე საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება. რადგან ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონემ დაიწია, აქცენტს ლეგიონერებზე ვაკეთებთ და ტონგას პირველობიდან მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს”.
ნილი ლატუ (ტონგას ნაკრების კაპიტანი): “სქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და არავისთვისაა უცხო, რომ განსაკუთრებით მისი შერკინება გამოირჩევა. რაგბი იმდენად განვითარდა, რომ იოლ თამაშს აღარავისთან უნდა ელოდო და ჩვენც შესაბამისი მონდომებით ვემზადებით”.
ხვალინდელ თამაშში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. თუ არ ჩავთვლით მსოფლიო თასის შეხვედრებს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში და პირველად საქართველოში, მატჩს ვიდეო-რეფერი მოემსახურება. ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში სატელევიზიო ტექნიკა იმ დონეზე არაა განვითრებული, რომ ვიდეო-რეფერის მაღალი დონის სრული სურათის განხილვის საშუალება მიეცეს, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაიდგა და დანარჩენი დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ თამაშის დღეს სტადიონზე გაიყიდება “წიგნი+ერისა” და “მსოფლიო სპორტის” ერთობლივი პროექტის მიერ გამოშვებული ავტობიოგრაფიული წიგნი - “მამუკა გორგოძე”. მისი ფასი 5 ლარია. 5 და 3 ლარი ღირს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასიც.
8 ნოემბერი. შაბათი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი
საქართველო - ტონგა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“მონლიუსონი”, საფრანგეთი, 77 თამაში, 552 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ) (“არმაზი”, თბილისი, 72, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 73, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ორიაკი”, საფრანგეთი, 25, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“აჟენი”, საფრანგეთი, 18, 20), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 31, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი, 25); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 18, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“სეილ შარქსი”, ინგლისი, 24, 10), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 35, 10), 4. კოტე მიქაუტაძე (ტულონი”, საფრანგეთი, 23, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 61, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”, ბათუმი, 13, 5), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 28, 15), 8. გიორგი ჩხაიძე (“ლილი”, საფრანგეთი, 75, 50).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 25), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 10, 10), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი,15, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 41, 35), 20. ლაშა ლომიძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 4), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 11), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 49, 132), 23. სანდრო თოდუა (“ლელო სარასენსი”, თბილისი, 42, 15).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტევიტა ჰალაიფონუა, 13. სიალე პოატაუ, 12. ჰემანი პაეა, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. ტევიტა მაილაუ, 2. ალეკი ლუტუი, 3. სილა პუაფისი, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯო ტუჰინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ (კაპ.), 8. ვილიამ მაჰაფუ.
სათადარიგოები: 16. ალვის ტაიონე, 17. სიუა ჰალანუკონუკა, 18. პაეა ფაჰანუნუ, 19. ლისიატე ფაჰაოსო, 20. ჰეილ თი’პოული, 21. ტანიელა მოა, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. ოტულეა კატოა.
მწვრთნელი: მანა ოტაი
რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
კიდეებზე: ენდრიუ მაკ’მენემი (შოტლანდია), ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)
ვიდეო რეფერი: კარლო დამასკო (იტალია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია