ბორჯღალოსნები

19:20 | 19.03.2018 | ნანახია 2836 - ჯერ

დამაჯერებელი რევანში და დამსახურებულად დაბრუნებული თასები

საქართველოს ნაკრები 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის მფლობელია. “ბორჯღალოსნებმა” პრინციპული მეტოქე, რუმინეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს და ყოფილი ერთა თასი მეათედ მოიგეს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ზედმეტი კითხვის ნიშნის გარეშე დაამარცხეს “სტეჟარები” და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს. დიახ, შესაძლოა, გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილო დარჩა და კვლავ გვქონდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა ეს ზემოხსენებულს არ ცვლის – საქართველოს ნაკრები თამაშს აკონტროლებდა, მთელი მატჩის განმავლობაში წინ გახლდათ და ჩვენი გუნდის წარმატებაში, ალბათ ერთი წუთითაც არავის შეპარვია ეჭვი.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირთამდე გაივსო “დინამო არენა” და მხოლოდ ზედა ადგილებში, კანტიკუნტად ჩანდა ცარიელი ადგილები. მინიმუმ 50000 გულშემატკივარი რომ მაინც ესწრებოდა მატჩს ცხადია, თუმცა კვლავ ერთ რამეზე უნდა შევჩერდეთ: მიუხედავად ბევრი თხოვნისა თუ მოწოდებისა, გულშემატკივარმა კვლავ ვერ ისწავლა დროული მოსვლა: ტრადიციასავითაა, რომ ტრიბუნა მხოლოდ მე-20 წუთისთვის ივსება, არადა ჰიმნის შესრულებისას გადაჭედილ სტადიონს სულ სხვა ეშხი აქვს. მიუხედავად ამისა, ეროვნული ჰიმნი მაინც შთამბეჭდავად შესრულდა და ქომაგების დიდი ნაწილი მღეროდა, რაც საქართველოში იშვიაში მოვლენაა. ამ მხრივ აშკარად წინ მივიწევთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ქომაგები სტუმრებსაც თან ახლდათ, რომლებიც ბევრ ლუდს სვამდნენ, მხიარულად გამოიყურებოდნენ და ომახიანად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს.

საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოს ნაკრების გადაწყვეტილებამ, რომელთაც მოედანზე გამოსვლისას მაისურზე ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის გვარი ეწერათ. როგორც გიორგი ნემსაძემ განაცხადა, მათ ამ ფორმით ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს.

შეხვედრა “ბორჯღალოსნების” უპირატესობით დაიწყო და თუ მატჩის რაღაც მცირე მონაკვეთებს არ ჩავთვლით, მთლიანად ასე გაგრძელდა. მე-7 წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, გიორგი ნემსაძემ კი მსაჯს კარისკენ მიუთითა და სოსო მათიაშვილმა ზუსტი დარტყმით დაგვაწინაურა. სამ წუთში რუმინელებმაც ჯარიმა გამოიმუშავეს, ფლორინ ვლაიკუმ კი საკმაოდ რთული პოზიციიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

“ბორჯღალოსნები” მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ: მე-14 წუთზე ნემსაძემ ხაზი გაჭრა და მისი შეჩერება ლელოდან 7 მეტრში მოახერხეს, შემდეგ ბურთი ფრთაზე გათამაშდა, სადაც რუმინელები თამაშგარეში ჩარჩნენ და ჩვენებმა ხეირზე დაიწყეს თამაში, მარჯვენა ფრთაზე ანზორ სიჭინავამ ვიქტორ კოლელიშვილს ამოუგდო ბურთი, მაგრამ ოდნავ ძლიერად და ბურთი აუტში გადავიდა, მსაჯმა კი უპირატესობა დაგვიბრუნა და შერკინება მოვითხოვეთ: თუ წინა წელს, რუმინეთში წაგებულ მატჩში შერკინებაში ძალიან გაგვიჭირდა, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა, მეტოქე ამ კომპონენტში ძალიან დავჩაგრეთ. ორჯერ ზედიზედ დავაჯარიმეთ და ხეირზე ვითამაშეთ, მაგრამ შეტევა სათანადოდ ვერ განვავითარეთ და ლუდოვიკ კეირმა ისევ უპირატესობა დაგვიბრუნა, მესამედ დაჯარიმების შემდგომ კი მარცხენა ბურჯი იონელ ბადიუ გაასინბინა, რომელიც შერკინებაში ლევან ჩილაჩავამ დატანჯა. მეოთხე შერკინება კი უკვე ლელოთი დასრულდა: ჩვენები მაგრად მიაწვდნენ მეტოქეს, ლელოში შეიტანეს და ბურთი ლაშა ლომიძემ დაამიწა, გარდასახვა კი მათიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა.

ამის შემდეგ რუმინეთსაც შეეძლო ლელოს დადება: 27-ე წუთზე სტუმრებმა ხაზი გაგვიჭრეს და ჯეკ უმაგა ლელოდან ორ მეტრში შევაჩერეთ, შემდეგ კი კიდესთან ცდილობდნენ ლელოს დადებას, მაგრამ შალვა მამუკაშვილმა მშვენივრად ითამაშა, მოწინააღმდეგე აუტში გადაიყვანა და ლელოს გატანის საშუალება არ მისცა. “მუხებმა” ტაიმის ბოლოს ანგარიშის შემცირება მაინც მოახერხეს: ნემსაძემ მოწინააღმდეგე მხრით შებოჭა და ყვითელი ბარათი მიიღო, ვლაიკუმ კი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:6 დასრულდა.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართველთათვის მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო: მოედნის ცენტრთან ვასილ ლობჟანიძეზე ფლორინ სურუ-ჯიუმ ჰაერში ითამაშა და დაჯარიმდა, ხმალაძემ ბურთი აუტში ლელოდან 30 მეტრში გადაიტანა, რომელიც მამუკაშვილმა კარგად მოაწოდა და დერეფნიდან მოლი დავაყენეთ, რომლითაც 22-მდე ვიარეთ, ხმალაძემ ჩვეულ სტილში ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, რომელიც ფელეკინ ფერკუმ ვერ დაიჭირა, რითაც ანზორ სიჭინავამ ისარგებლა და მეტოქის ლელოში შევარდა. მათიაშვილი კვლავ ზუსტი გახლდათ. სიჭინავაზე კი უნდა ვთქვათ, რომ ნაკრებში საუკეთესო თამაში ჰქონდა, საკმაოდ აქტიური, პროდუქტიული გახლდათ და სტუმართა დაცვას პრობლემებს უქმნიდა. კაპიტნის დაბრუნებამდე კი შერკინებაში კიდევ ერთხელ ვიყოჩაღეთ, მეტოქე დავაჯარიმეთ და მათიაშვილმა კვლავ გაიტანა, ნემსაძის შემოსვლისას, ანუ 48-ე წუთზე უკვე 20:6 ვიგებდით.

რუმინელები თამაშის განახლებისთანავე 14 დარჩნენ: იოჰან ფარ’ჰირდენმა ვიქტორ კოლელიშვილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და მოედნის 10 წუთით დატოვება მოუწია. რიცხობრივი უპირატესობის დროს “ბორჯღალოსნებმა” ქულა ვერ გააკეთეს და ამ დროში არაფერი მომხდარა, ხოლო 61-ე წუთზე დავით კაჭარავა რაქში თამაშისას დაჯარიმდა, ვლაიკუმ კი კვლავ რთული პოზიიდან დაარტყა და გაიტანა.

დასკვნით ათ წუთში გუნდებმა თითო ლელო გაიტანეს: 70-ე წუთზე სტუმართა ფულბექი კეტელინ ფერკუ საკუთარ ლელოში ბურთიანად შევიტანეთ და 5-იანთან ჩვენი შერკინება დაინიშნა, კვლავ მივაწექით და მსაჯმა ხელი ჩვენს სასარგებლოდ გაიშვირა, თუმცა უპირატესობის დაბრუნება არ დაგვჭივებია, რადგან კახა ასიეშვილმა შესანიშნავად ითამაშა, მძლავრად მიეძალა და ლელო ჩვეულ სტილში დადო, მათიაშვილს კი სიზუსტემ პირველად უმტყუნა. “სტეჟარებმა” პრესტიჟის ლელო შეხვედრის ბოლოს გაიტანეს: ჯარიმა აუტში ჩვენს 5-იანთან გადაიტანეს, დერეფანი კი მოიგეს და მოლი დაგვიყენეს, რომელიც ქართველებმა ვერ შეაჩერეს და ანდრეი რადიოს ბურთი დაამიწა, ვლაიკუმ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 25:16 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნაკრების ოფიციალურმა ლუდმა "აისიმ" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი დაასახელა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა: როგორც ყოველთვის, საიმედო გახლდათ დაცვაში, ასრულდებდა მისთვის საფირმო ბოჭვებს და თამაშსაც კარგად ამწვავებდა.

საქართველოს ნაკრები რუმინეთს 22-ედ შეხვდა და მე-12 გამარჯვება მოიპოვა. 9-ჯერ “რუმინელებს” აქვთ მოგებული, ხოლო 2013 წელს ბუქარესტში ფრედ 9:9 ვითამაშეთ. ცნობისთვის, “ბორჯღალოსნებმა” “გრანდ სლემით” (ანუ ყველა მატჩი მოიგეს) რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ იმარჯვეს და ახალმა თასმა ბინა თბილისში დაიდო.

საბოლოო

სხვ

გატ

მ-წ

$

საქართველო

24

+153

26

188

5-0

4

რუმინეთი

14

+118

28

198

3-2

2

ესპანეთი

13

+72

19

146

3-2

1

რუსეთი

11

+58

19

142

2-3

3

ბელგია

9

-76

14

106

2-3

1

გერმანია

0

-325

3

34

0-5

0


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:05 | 19.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვება მთლად ისეთი დამაჯერებელი არ გამოვიდა როგორის სურვილიც გვქონდა, მაგრამ გამარჯვება, გამარჯვებაა და მითუმეტეს ტურნირის ხუთივე მატჩში. ბევრად უფრო სხვა სურათი გვექნებოდა რომ არა ალხაზიშვილის კატასტროფული თამაში დერეფანში (თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში) და მეკოს ფეხით ორჯერ არასწორად გადატანილი ბურთი.
დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ორივე თასი საქართველოში დატოვეს და განსაკუთრებული მადლობა მილტონ ჰეიგს და მწვრთნელთა საბჭოს ახალგაზრდების დაწინაურებისთვის ნაკრებში და იმედი გვაქვს რამდენიმე მათგანი კიდევ გამოჩნდება წელს ძირითად შემადგელობაში.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

20:52 | 19.03.2018
BEERTRANCE (1073)

კი მეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი რო ჰიმნის სიმღერა მოვახერხეთ და არ შეგვრცხვა.

დროულად მისვლას რაც შეეხება, კი ბატონო არის პრობლემა, მარა ისიც უნდა ახსენო ავტორო რო ტურნიკეტები გაუმართავია და შესვლა ძალიან შენელებულია სტადიონზე თორე ბევრად ადრეც შეივსებოდა.

22:51 | 19.03.2018
temuchin (431)

ჰო, ტურნიკეტებს ვერაფრით ეშველა.

0.194837