ორი დღე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტონგას დაპირისპირებამდე, რომელიც 8 ნოემბერს “მიხეილ მესხე” 17 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი, რომლებიც სტადიონის სალაროებში ორშაბათიდან იყიდება, 3 და 5 ლარია.
“ბორჯღლოსნებმა” ნოემბრის სამკვირიანი ტესტ-სერიისთვის მზადება 26 ოქტომბერს ტულუზაში შეკრებით დაიწყეს, სადაც სამი დღის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეების კონდიციას სწავლობდა. თბილისური შეკრება 3 ნოემბერს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყო. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 მორაგბეა, რომელთაგან მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკვე შეარჩია ის 23, რომლებიც პირველ შეხვედრაში ტონგას დაუხვდებიან.
სამწუხაროდ, გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი. ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი და შესაბამისად, გამოძახებულთა შორის არც ისინი არიან. საგულისხმოა, რომ თითოეულ ზემოთნახსენებ მორაგბეს ეროვნული გუნდის მაისურით თამაშის უდიდესი სურვილი აქვს და არაა გამორიცხული ირლანდიაში თუ არა, 23 ნოემბერს იაპონიასთან მატჩში რომელიმე მათგანი მაინც ვიხილოთ.
“ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორეს მხრივ, ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში “ახლების” ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე. მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში ყველა მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს”, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ხუთშაბათს “ბორჯღალოსნებმა” “შევარდენის” ბაზაზე ახალი ფორმით ღია ვარჯიში გამართა და მას ჟურნალისტების გარდა გულშემატკივართა ნაწილიც დაესწრო. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია “ტულონის” ბურჯ ლევან ჩილაჩავას, რომელიც საქართველოს ნაკრების ფრანგული შეკრებისას დაშავდა, მაგრამ მერე კლუბის მაისურით Top 14-ის მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლელოც გაიტანა, მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა და როდესაც სხვები ვარჯიშობდნენ, ის სამედიცინო ტესტს გადიოდა. როგორც ჩანს, ჩილაჩავამ ტესტი წარმატებით გაიარა და მწვრთნელმა ის განაცხადში შეიყვანა.
“სამწუხაროდ, დანაკლისი სერიოზულია, მაგრამ მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ამაზე არ ვისაუბრებთ, რადგან ეს სპორტია და მსგავსი რამის თავიდან აცილება გამორიცხულია. მე ყველა მათგანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ბიჭები, რომლებიც მოედანზე გავლენ მაქსიმუმს გაიღებენ წარმატები მისაღწევად. ჩემის აზრით, ამ თამაშში გადამწყვეტი იქნება სათამაშო დისციპლინა, დაცვაში კარგი თამაში და ინდივიდუალური ბოჭვა. არ უნდა მივცეთ მეტოქეს სივრცეები, რადგან თუ ტონგელმა მორაგბემ თავისუფლება იგრძნო, მისი შეჩერება მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება.
მაგრამ სწორედ ასეთი დონის მეტოქესთან თამაში გვსურდა. მსოფლიო თასის მოსამზადებელ პერიოდში რაც უფრო ძლიერ მეტოქეს ეთამაშები მით უკეთესი. ეჭვი არ მეპარება, რომ შაბათს მაყურებელი უმაღლესი დონის თამაშს იხილავს. ამის შემდეგ მივემგზავრებით ირლანდიაში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა დუბლინის “ავივაზე” სათამაშოდ მიგვიწვია. ეს ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი პატივია და ისე უნდა ვითამაშოთ, რომ პატივისცემა მოვიპოვოთ. რაც შეეხება იაპონიას, მასთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. ახლა იაპონია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2 წლის წინ. მაშინ დავმარცხდით, თუმცა ახლა სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ.
მინდა გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ დაივიწყონ ეს თამაშები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის რანგში რომ განიხილება. ჩვენ საუკეთესო გუნდი სწორედ 2015 წლის მსოფლიო თასზე გვეყოლება, რომლის წინაც 2,5-თვიან მოსამზადებელ პერიოდს გავივლით. წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს გრძელი სათადარიგო სკამი. თუმცა, მოედანზე გასული ნებისმიერი მოთამაშე თავს დადებს იმისათვის, რომ გულშემატკივარი ხარისხიანი თამაშით და კარგი შედეგით გაახაროს. ვიცით, რომ ტონგა მატჩის წინ რიტუალს შეასრულებს და ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ ნუ დაუწყებს მათ სტვენას და ტაშით დააჯილდოვოს ჩვენი მეტოქე, ჩვენს გუნდს კი, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე მხარში დაუდგეს”, - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
ტონგას ეროვნული ნაკრები თბილისში კვირის დასაწყისში ჩამოვიდა და 8 ნოემბრის ტესტისთვის “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ემზადება. მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმე დღიანი შეკრება დიდ ბრიტანეთში გაიარა და საქართველოში კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის ჩ ჯგუფში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტია. საქართველო და ტონგამ უკანასკნელად 1999 წელის 28 მარტს, მსოფლიო თასის რეპეშაჟში ითამაშეს. ის შეხვედრა “ბორჯღალოსნებმა” თბილისში ერთი ქულის სხვაობით - 28:27 მოიგეს, მაგრამ მანამდე ტონგაში 6:37 წაგების გამო მსოფლიო თასზე ვერ გავიდნენ.
8 ნოემბერი. შაბათი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი
საქართველო - ტონგა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“მონლიუსონი”, საფრანგეთი, 77 თამაში, 552 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ) (“არმაზი”, თბილისი, 72, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 73, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ორიაკი”, საფრანგეთი, 25, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“აჟენი”, საფრანგეთი, 18, 20), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 31, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი, 25); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 18, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“სეილ შარქსი”, ინგლისი, 24, 10), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 35, 10), 4. კოტე მიქაუტაძე (ტულონი”, საფრანგეთი, 23, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 61, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”, ბათუმი, 13, 5), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 28, 15), 8. გიორგი ჩხაიძე (“ლილი”, საფრანგეთი, 75, 50).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 25), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 10, 10), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი,15, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 41, 35), 20. ლაშა ლომიძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 4), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 11), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 49, 132), 23. სანდრო თოდუა (“ლელო სარასენსი”, თბილისი, 42, 15).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია