სიახლეები

15:50 | 13.03.2018 | ნანახია 1823 - ჯერ

აღმოსავლეთის ჯგუფში 4-ხელისუფლებიანობა დამყარდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გარდამავალი ტურნირის დასავლეთ ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 10 ქულით ‘აია სათაფლია’ გალიდერდა. რიონისპირელებმა ხაშურის ‘ლეგიონთან’ საშინაო შეხვედრაში 9 ლელო გაიტანეს, 53:0 იმარჯვეს და პრემიის თანხლებით მიჯრით მეორე მოგებული შეხვედრის შემდეგ 10 საცხრილო ქულით ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. განვლილ შეხვედრაში დათო სტეფანოვის ‘ლეგიონის’ ბიჭებმა მატჩისწინა მღელვარებას თავი ვერ დააღწიეს და თამაშის დალაგებაც ვერ მოახერხეს. გიგა გურეშიძის შეგირდებს კი პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდათ. მასპინძლები განსაკუთრებით ხელით თამაშით გამოირჩნენ. ბურჯმა გელა მუშკუდიანმა ‘დუბლი’ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ‘სათაფლიელთა’ კაპიტანი, მღლეტელი გიორგი სინაურიძე გახლდათ.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ‘აია აიამაც’ საშინაო შეხვედრა იოლად, ‘მშრალი’ ანგარიშით მოიგო. სერგო ფრუიძისა და ტიხონ ხახალეიშვილის ბიჭებმა ‘ბათუმს’ 10 ლელო გაუტანეს და 60:0 იმარჯვეს. ‘აიას’ ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ შესრულებულ ‘დუბლთან’ ერთად 5 გარდასახვაც გაიტანა. ‘აია’, თანაქალაქელ სათაფლიელებს 1 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილი უკავია. გიორგი ჩუბინიძის შეგირდები კი 2 მატჩის ჯამში გაშვებული 111 უპასუხო ქულის შემდეგ ცხრილში ბოლო ადგილზე დამკვიდრდნენ.

კიდევ ერთმა ქუთაისურმა გუნდმა ‘აია არესმა’, ტურნირზე თავისი სადებიუტო შეხვედრა მარცხით დაასრულა. მართალია, ალეკო ნიქაბაძის ბიჭები ასპინძაში, ‘ტაოსთან’, მერაბ დანელიასა და რეზო ჯულაყიძის ლელოებით 0:10 დაწინაურდნენ, თუმცა სამცხელებმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს. მასპინძლები რიონისპირელებს დინამიკაში /ხელით თამაში/ ჩამორჩებოდნენ, თუმცა მეტოქეს სტატიკაში /შერკინება/ აჯობეს. ჯერ ‘ტაოს’ შუამარბმა გიორგი ტატურაშვილმა შეამცირა ანგარიში, მატჩის მიწურულს კი მარჯვენა ფრთა ლაშა ლონდარიძემ დერეფანიდან მოგებული ბურთი ლელოდ აქცია, 15:13. ბექა ოქრუაძისა და დათო კაპანაძის შეგირდებმა ტურნირზე პირველი ქულები და გამარჯვება მოიპოვეს.

აღმოსავლეთ ჯგუფის ფავორიტებმა, ‘ლელომ’ და ‘სამთამ’ /იუნკ’ჩოხ’ყოჩ/ მესამე ტურის შეხვედრები დამაჯერებლად, ‘მშრალი’ ანგარიშებით მოიგეს. ‘არმაზსთან’, ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ‘ლელოს’ მოთამაშეებმა თავიანთი დამრიგებლის, ექს-ბორჯღალოსან ოთარ ბარკალაიას დავალება ამჯერად პირნათლად შეასრულეს. იდეალურ დაცვასა და ბურთზე მყარად დაწესებულ კონტროლს, ‘ცოფიანის’ ბიჭებმა ინდივიდუალური ხასიათის შეტევებიც მრავლად დაურთეს და საშინაო შეხვედრაში, მესამე მასივში, მეტოქე 36:0 დაამარცხეს. გიორგი ჭანიამ, გიგა მაქაძემ, ნიკა ბაგაშვილმა, ონისე დანელიამ და ლუკა კოროშინაძემ 5 ლელოს გატანა მოახერხეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აკაკი ქოპიაშვილის თამაში. მარქაფადან ჩართულმა ქოპიაშვილმა მგეზავის პოზიციაზე თავი გააზრებული და ეფექტური თამაშით გამოიჩინა.

‘სამთა’ ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ არმიას დაუპირისპირდა და ჭაბუკ ‘ჯარისკაცებს’ 13 ლელო გაუტანა, 83:0 . ‘ჰეთ-თრიკი’ შუამარბმა გიორგი კახელიშვილმა შეასრულა. ‘სამთას’ კაპიტანი და მარბიელი გიორგი ნოდია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. გიორგი ენუქიძისა და ტოლიკა/ სპირიდონ/ ლიპარტელიანის ბიჭები გუნდურად, სწრაფად და გააზრებული თამაშით მოქმედებდნენ. ‘სამთას’ მორაგბეები ხელით თამაშშიც ჩაუქობდნენ, ხაზსს იოლად ჭრიდნენ და ოვალიც ბოლომდე ჩაჰქონდათ.

რუსთავის ‘ხარებმაც’ მშრალი ანგარიშით მოიგეს. ‘შოროს’ /დავით კაკაბაძე/ ბიჭები უპირატესად ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ, ქვემო ქართლის დედაქალაქში გორის ‘ჯიქი წიქარას’ 9 უპასუხო ლელო გაუტანეს და 53:0 იმარჯვეს. ‘ხარების’ შუამარბმა ზურა ბენდელიანმა ‘დუბლი’ შეასრულა.

‘ხვამლისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრაში მიმდინარე ტურნირზე სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის შეგირდები გარე კახელებს საკუთარ არენაზე მუხიანში დაუხვდნენ, 16 ლელო გაუტანეს და საბოლოო ანგარიში 108:7 დააფიქსირეს. ‘ხვამლი’ მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში 2 თავით აღემატებოდა. მარჯვენა ფრთა ლაშა კაკაურიძემ და მღლეტელმა ნიკა მჭედლიშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ მიითვალეს. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი ‘ხვამლის’ ფულბეკი ზურა ქობელაშვილი გახლდათ.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა, მოსალოდნელისამებრ ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და ‘აკადემიას’ დაპირისპირება გამოდგა. თავიდან ‘რკინიგზელებმა’ იძალეს. მგეზავ გიორგი ყუფარაძისა და ჰავბეკ ბექა კეტაშვილის ლელოებით 12:3 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ‘მხატვრებმა’ ერეკლე თათარაშვილის ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე 12:10 შეამცირეს, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში გია კურატიშვილისა და გიორგი „ფირუზა“ ბერიაშვილის ბიჭებმა სისწრაფეს უმატეს და მღლეტელ გიორგი პიტიურაშვილის გატანილი ლელოთი 19:10, გიორგი მებულიშვილის შეგირდებს ნუგეშის აღებაც არ დაანებეს.

3 ტურის შემდეგ, 3-3 მოგებითა და 14 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ‘სამთა’, ‘ლელო’, ‘ხარები’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ ჩაუდგნენ. მე-4 ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართება. ‘ხარები’ საკუთარ არენაზე ‘ხვამლს’ დაუხვდებიან.

საქართელოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.716166