ქართული

22:54 | 12.03.2018 | ნანახია 1505 - ჯერ

პირველი ლიგა: პირველობის გამარჯვებული პატარძეულში გაირკვევა

პირველი ლიგის პირველობის 11-ე ტური ‘შევარდენზე’, ‘იუნკერებისა’ და ‘ხულიგანას ‘დაპირისპირებით დაიწყო. კიკეთელები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ, 9 ლელო გაიტანეს და ბონუსით, დამაჯერებლად 64-13 იმარჯვეს. მარჯვენა ფრთა ბონდო ლომიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა ‘იუნკერებმა’ მეტოქე შერკინებასა და რაქში დაჯაბნეს. კიკეთელები ხაზსსაც იოლად ჭრიდნენ და მიყოლასაც დროულად ახდენდნენ. ლელოთა დიდი ნაწილი კიკეთელებმა სწრაფი, ხელდახელ გაშლილი თამაშით გაიტანეს. გუნდის დამრიგებლის, ‘სენატორას’ /გიორგი ენუქიძე/ თავკაცობით შერკინებისა და ხაზის მწვრთნელთა: გიორგი ზაბახიძისა და გიორგი ნოზაძის ნაყოფიერმა მუშაობამ სათანადო შედეგი გამოიღო. განახლებულ ჩემპიონატში ‘იუნკერებმა’ 9 საცხრილო ქულა აიღეს და სახიფათო ზონასაც გვარიანად დაშორდნენ. საკადრო პრობლემებს მიძალებულ აუტსაიდერ ‘ხულიგანას’ კი პირველ ლიგაში დარჩენის შანსი მკვეთრად შეუმცირდა.

უხნესი დედაქალაქური გუნდების, ‘დინამოსა’ და ‘ ივერიას’ შეხვედრასაც ‘შევარდენის’ არენამ უმასპინძლა. სერგო რამიშვილისა და ვაჟა პაიჭაძის დამმოძღვრილმა ‘დინამომ’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში აიღო. 2006 წლის ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა 4 გატანილი ლელოთი პრემიაც აიღო 22:5. თავი, გიგია არაბულმა, აჩიკო ზანგურაშვილმა და ფიჯელმა ლეგიონერმა სტუდენტებმა: როპატე ნდანგიამ და ნაიჯელ ქრისთოფერმა გამოიჩინეს. დინამოელებმა მეტოქე უპირატესად შერკინებაში დაჯაბნეს. ოთხივე ლელო კი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად იქნა გატანილი. ‘დინამო’ ცხრილში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს და მდევარ ‘იუნკერებს’ კვლავ 2 ქულით უსწრებს. ‘ივერიას’ კი ფლეი-აუტში მონაწილეობის თავიდან ასაცილებლად დარჩენილ შეხვედრებში ‘არწივებთან’ მოუწევთ ჭიდილი.

დამაინტრიგებლად დაიწყო შეხვედრა პატარძეულში, სადაც ოზურგეთის ‘არწივები’ ადგილობრივ ‘ვეფხვებთან’, ფრთის მოთამაშე ბადრი ევგენიძის ლელოთი ერთი ხანობა პოზოტიურ ანგარიშს ( 5:7) ინარჩუნებდნენ. ფავორიტი დროულად გამოფხიზლდა. უკეთესი შერკინებისა და ხელდახელ, სწრაფი ბურთაობის ხარჯზე გარე კახელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გურულებს 8 უპასუხო ლელო გაუტანეს 50:7. ფრთის მოთამაშე გიორგი ზუკაკიშვილმა ‘დუბლი’ შეასრულა. ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდებმა ლიდერობა განიმტკიცეს და მეორე ადგილზე დამკვიდრებულ ‘ყოჩებს’ 2 ქულით უსწრებენ. ტურნირის გამარჯვებულისა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელის ვინაობა დიდი ალბათობით, პირველობის ბოლოსწინა ტურში პატარძეულში, ადგილობრივი ‘ვეფხვებისა’ და ‘ყოჩების’ დაპირისპირებაში გაირკვევა.

ტურის გამორჩეულმა შეხვედრამ ქუთაისში, ადგილობრივ ‘არესსა’ და ქვეყნის 3-გზის ჩემპიონ ‘ყოჩებს’ შორის ქომაგის დიდი ინტერესი გამოიწვია. ენთუზიაზმზე მობურთავე სამოყვარულო კლუბ ‘არესს’ პირველ წრეში სტუმრად დამაჯერებლად ემარჯვა და მეორე მატჩის მოგების შემთხვევაში ელიტაში მოხვედრის კარგ შანსსაც ინარჩუნებდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინალით გამოირჩა. რიონისპირელები ანგარიშში წინ ირაკლი ცხადაძის ლელოთი გავიდნენ, რასაც აკაკი ცინცაძის შეგირდებმა თეიმურაზ ჯინჭარაძის, თემურ სოხაძისა და გიორგი ტყეშელიაძის 3 ლელოთი უპასუხეს და ყოჩები 7:21 დაწინაურდნენ. მარბიელი ტყეშელიაძე შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ. ‘ყოჩების’ ლიდერ, ვეტერან მგეზავსა და ექს-ბორჯღალოსან თემურ სოხაძეს აზრიან ბურთაობაში არც ‘არესის’ მოთამაშე-მწვრთნელი და ორივე ფრთაზე ერთნაირი წარმატებით მოთამაშე გაგა სინაურიძე ჩამორჩა. სოხაძის მსგავსად, გაგამაც მოახერხა ლელოს გატანა. მეორე ტაიმში ‘ყოჩებმა’ რამდენჯერმე საკუთარი დერეფანი დათმეს, ხელით თამაშშიც ჰქონდათ პრობლემები, თუმცა ხეირი მეტოქის შერკინებაზე ჰპოვეს. ბოლო წუთებში ‘არესს’ მეტოქის 5-მეტრიან ზონასთან 2 მიძალება გაუცუდდა და თავდადების ხარჯზე მხოლოდ ნუგეშს დასჯერდა 21:26. მასპინძლები უპირატესად გამოუცდელობამ და სასურველი მარქაფას არყოლამ დააღალატა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:59 | 13.03.2018
პანტელეიმონი (1218)

სახელმწიფომ და სპონსორებმა უნდა გაზარდონ რაგბის დაფინანსება.

საქართველოში რაგბი ისეთი პოპულარულია, რომ მემგონი აზრი აქვს რომ რაგბის კავშირის სპონსორობაზე კონკურსი გამოცხადდეს, დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში გამოჩნდებიან სპონსორები, რომლებიც TBC -ზე მეტს გადაიხდიდნენ სპონსორობაში.

00:09 | 13.03.2018
temuchin (431)

მიხარია ახალი სახეების გამოჩენა ქართულ რაგბში, ეჰ ცოტა ფინანსებიც და მთლად დავიხატებოდით.

0.081805