24 წლის ბორჯღალოსანი თამაზ მჭედლიძე ოპტიმალურ ფორმაში შედის და „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება. ის იმედოვნებს, რომ სულ მალე ნაკრებშიც დაბრუნდება და ჰიმნზე დადგება!
სეზონის სტარტი ჩაუვარდა
მჭედლიძემ გასული ორი სეზონი კლუბსა და ნაკრებში მაღალ დონეზე ჩაატარა. 2015/16 წლების ტოპ 14-ში მან 16 მატჩში 6, ხოლო 2016/17 წლების პრო დ2-ის 21 შეხვედრაში 7 ლელო გაიტანა და გუნდს ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.
მაგრამ მიმდინარე სეზონის დებიუტში პრობლემებმა იჩინა თავი და თაზომ კლუბის სასტარტოში ადგილი დაკარგა:
„სეზონის დასაწყისში ზედიზედ ორი თამაში ჩავაგდე, რის გამოც ძირითადში ადგილი დავკარგე. ამას ფეხის კუნთის ტრავმაც დაერთო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მომიწია. ახლა ყველაფერი რიგზეა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და კუთვნილ ადგილს ვიბრუნებ. ორი თამაში შეცვლაზე ვითამაშე, ერთი კვირის წინაც სასტარტოში ვიყავი და „ტულონთანაც“.
საყვარელი პოზიცია
მჭედლიძემ კლუბსა და ნაკრებში თამაში გარემარბად დაიწყო, თუმცა მერე შუამარბად მოგვევლინა და გასული სეზონი თითქმის სრულად ამ პოზიციაზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, თაზომ პოზიცია ერთხელაც შეიცვალა და შერკინების მესამე ხაზში ითამაშა.
„ორჯერ მომიწია შერკინების მესამე ხაზში თამაში. ამ პოზიციის მოთამაშეები ტრავმირებული გვყავდა, მწვრთნელმა დამიძახა და მითხრა - დიდი ბიჭი ხარ, ფიზიკურად ძლიერი და თუ შეგიძლია მესამე ხაზში დადგომაო. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და დავთანხმდი, მით უმეტეს მაშინვე შევთანხმდით, რომ ღია თამაშში ჩემს რაგბს ვითამაშებდი. შერკინებაში ნორმალურად ვაწვებოდი, აუტში მე კომბინაციას არავინ მიცხადებდა და სიმართლე გითხრათ, პოზიციის შეცვლა არ გამჭირვებია“, - ამბობს მჭედლიძე, რომელმაც „მონპელიესლთან“ გარემარბად ითამაშა, ხოლო ამ შაბათს „ტულონთან“ ცენტრში იდგა:
„მონპელიესთან“ მწვრთნელმა ფრთაზე დამაყენა, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა. წინა ორ შეხვედრაში ფიზიკური კონტაქტი მრავლად მომიწია და მეორე, ვფიქრობდით, რომ „მონპელიე“ ფრთაზე ნადოლოს დააყენებდა და მე ის უნდა შემეჩერებინა. საბოლოოდ, ნადოლოს არ უთამაშია, თუმცა არანაკლებ ძლიერი ნაგუსას წინააღმდეგ მომიწია თამაში. ახლა, როდესაც ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები, მწვრთნელმა ჩემს საყვარელ პოზიციაზე, ცენტრში გადამიყვანა“.
ხელით მეტს ვთამაშობთ
მჭედლიძის ანგარიშზე 46 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში რომ არ იყო, შემოდგომის ტესტების და წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშების გამოტოვება მოუწია.
„ჩემთვის და ჩემს მდგომარეობაში მყოფი ალბათ ნებისმიერი მოთამაშისთვის ძალიან ძნელია, ნაკრების მატჩებს მაყურებლის თვალით უყურო. სასიხარულოა, რომ შემოდგომაზე უელსთან ასეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ამ დღეს მეც თამაში მქონდა, გასახდელში ვიყავი და ცალი თვალით ტელეფონში ვიყურებოდი.
რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველი ორი თამაში ისეთი სხვაობებით მოვიგეთ, არა მგონია, ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. განვლილ თამაშებში იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ეს გამოსწორებადია და დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება. კარგია და მომეწონა, რომ წინა წლებთან შედარებით ხელით მეტს ვთამაშობთ“, - ამბობს მჭედლიძე და ბორჯღალოსნებს მომავალ შეხვედრებში მე-16 მოთამაშის რანგში თანადგომას პირდება:
„მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო რუმინეთთან. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიქნები, მაგრამ ისე, როგორც მე-16 მოთამაშე, მათ მხარს საფრანგეთიდნ დავუჭერ“.
თაზო იმედოვნებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლასთან ერთად, ის ბორჯღალოსნებშიც მალე დაბრუნდება:
„ერთი სული მაქვს, როდის მომიწევს ნაკრების კვართის მორგება, ჰიმნზე დადგომა და თამაში. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაისში დიდი იმედი მაქ იქნება ფრანგ ბარბაროსებთან. თაზო ძალიან გვჭირდება, რუსეთნამ გერმანისათან და ბელგიასთან არა მაგრამ ესპანეთან გამოჩნდა რომ აუცილებელია თაზოს დონის მოთამაშის ყოფნა გუნდში. რუმინეთთან უფრო გამოჩნდება მისი და ბუკას არ ყოფნა.
პანტელეიმონი
უთამაშებლებს ხშირად იძახებს ხოლმე, მითუმეტეს ხაზში და ეს ხაზგასასმელია...
მაგრამ მაგას თუ გარკვეული გამართლება აქვს მე ჩვენი კომენტატორების მიკვირს, როცა გუნდის დანაკლისზე საუბრობენ თაზოს საერთოდ არახსენებენ...
იმედია ივნისში თაზო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ბუკას პრობლემაც მოგვიგვარდება ცენტრში.
მელიტონ ზალიან უდიდეს პატივს გცემ არასდროს არ გამიკრიტიკებიხარ არასდროს რაც საქართველოში ხარ და ჩვენს ნაკრებს წვრთნი მაგრამ შიგ ხომ არ გაქვს თაზოს რატო არ იძახებ დააყენე ეს კაცი ნებისმიერ პოზიციაზე და არ სჰეხედო ტავის საქმეს ხუტიანზე აკეთებს
თაზო კლუბშიც არ თამაშობდა, თვითონვე იძახის თამაშები ჩავაგდეო და რა უნდა ექნა მილტონს ფორმაში არ მყოფი კაცი გამოეძახებინა ნაკრებში? რა თქმა უნდა ფორმაში მყოფ თაზოს აუცილებლად გამოიძახებენ, ამაზე ორი აზრი არ უნდა იყოს ! ! !
მერე ეხლა ხოა ფორმასჰია არ მითხრა არაოოო და სტეჯართან მატჩისთვის გამოვიზახოთ ესეთი პრინციპული თამაშია და ვინ თუ არა თაზო