ესპანეთის ნაკრებს ისტორიულ წარმატებასთან ერთი გამარჯვებაღა აშორებს. “ლომებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, გასვლაზე ბელგიასთან ბონუსის გარეშე მოგებაც აწყობთ, რითაც 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილში რუმინეთს მოიტოვებს და იაპონიის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.
სანტიაგო სანტოსის შეგირდებმა მიმდინარე წელს ძალიან დასუსტებულ გერმანიას უმასპინძლეს და მეტოქე იოლად დაამარცხეს. ესპანეთში რაგბის მიმართ ინტერესი აშკარად მატულობს და ამაზე არაერთხელ ვთქვით. მხოლოდ იმას დავწერთ, რომ მადრიდში, “ესტადიო ცენტრალ კომპლუტენსეზე” ანშლაგი იყო, ტრიბუნები ბოლომდე შეივსო და ცუდი ამინდის მიუხედავად მატჩს 15800 მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრის აღწერას არ შევუდგებით, რადგანაც შედეგი ყველაფერს ნათლად ასახავს. ესპანელები ძალიან ლაღად, სწრაფ ტემპში და ხელდახელ მშვენივრად თამაშობდნენ, რითაც დამსწრე პუბლიკა ასიამოვნეს. “ლომებმა” მეტოქე ჯამში 12-ჯერ დაალელოვეს, რომელთაგან 9 გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს. საპასუხოდ კი, ერთი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვეს – 84:10.
ცნობისთვის, დღევანდელ მატჩს დაესწრო ესპანეთის მეფე ფელიპე VI, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ესპანეთში რაგბით სერიოზულად დაინტერესდნენ. ეს კი ევროპული რაგბისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც ძალიან სასარგებლო უნდა იყოს. ესპანელი მონარქი შეხვედრის დასრულების შემდგომ, მორაგბეებს შეხვდა, მოგებული შეხვედრა მიულოცა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა. ერთ-ერთმა მორაგბემ კი, მეფეს საჩუქრად საკუთარი კვართი გადასცა.
გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები 18 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ ესპანეთი ! ! !
ყოჩაღღ
მგონი ესენი უფრო მალე შევლენ 6 ერში ვიდრე ჩვენ
ეგ თუ მოხდა და ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ!!
იმედია ჩვენ არ დავუშვებთ დაბლა და თამაშით ესპანეთი ვერ გვაჯობებს და სხვა მხრივ რა სინდისით უნდა მიიღონ ჩვენზე ადრე?
არა მგონია მაგრამ თუ მსგავსი თავხედობა გამოიჩინეს, მაშინ მეც გეთანხმები მაგ ბოიკოტში და მაქსიმალურად უნდა გაუტ-კოთ და გავაპროტესტოთ.
ყოჩაღ