საერთაშორისო

18:56 | 11.03.2018 | ნანახია 3299 - ჯერ

6 ერი: ირლანდია ჩემპიონია!
ინგლისი პარიზში დაეცა

ირლანდიის ნაკრები გუშინ “ავივა სთედიუმზე” შოტლანდია ბონუსით სძლია, ხოლო ინგლისი “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთთან დამარცხდა და შესაბამისად, “სამყურებმა” ჩემპიონობა მიმდინარე 6 ერის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

პირველი შეხვედრა დუბლინში გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია ბონუსით მოიგებდა, ინგლისი ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდებოდა და ტიტულის შესანარჩუნებლად ორივე დარჩენილ მატჩში ბონუსით უნდა გაემარჯვა. თავის მხრივ, ტიტულზე გაბრძოლების მცირე შანსი ჰქონდა შოტლანდიასაც და მათი მიზანიც სწორედ მოგება იყო. ამრიგად, ცხადი გახლდათ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნებოდა და ასეც მოხდა.

შეხვედრის დასაწყისი თანაბარი გამოდგა. შოტლანდიელები მეტოქეს არაფერს უთმობდნენ და მე-12 წუთზე გრეიგ ლეიდლოუმ ჯარიმით ანგარიშიც გახსნა. უნდა ითქვას, რომ ამ მომენტში გამოცდილი მსაჯი უენ ბარნსი შეცდა, რომელმაც იქამდე შოტლანდიელებისგან წინ თამაში ვერ დაინახა, რაც მასპინძლებს გაშვებულ 3 ქულად დაუჯდათ.

ირლანდიელთა ლელოს არაფერი მოასწავებდა. ბურთს სტუმრები აკონტროლებდნენ და შეტევას ამზადებდნენ, როდესაც პიტერ ჰორნმა ძალიან ცუდი გრძელი გადაცემა გააკეთა, რომელიც ჯეიკობ სტოკდეილმა ჩაჭრა, მაღალი სისწრაფით გაირბინა და ბურთი ძელებს უკან დაამიწა, ჯონათან სექსტონმა კი მარტივად გარდასახა. “ნარშავებს” 29-ე წუთზე ლელოს დადების 100%-იანი შანსი ჰქონდათ: ჰიუ ჯონსმა მარცხენა ფრთაზე ფეხით სუსტად გადაკიდა ბურთი, რომელსაც თავად მიჰყვა, შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე გააბითურა და მეტოქის 22-მდე ჩავიდა, მას მარტო დარჩენილი სტიუარტ ჰოგი მიჰყვებოდა და მისთვის გადაცემის შემთხვევაში გარდაუვალი ლელო იყო, მაგრამ ჯონსმა არაზუსტი გადაცემა გააკეთა და სტუმრებმა ნაღდი ლელოს გატანის შანსი გაუშვეს.

შოტლანდიელებმა მეორე ლელო გაწითლებულ დროში გაუშვეს და ისიც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ: ბოლო წუთზე საკუთარი დერეფანი წააგეს, რასაც ირლანდიელთა შეტევა მოჰყვა, რომელიც მარცხენა ფრთაზე ჯეიკობ სტოკდეილის მეორე გატანილი ლელოთი დასრულდა, სექსტონი კვლავ ზუსტი გახლდათ და ტაიმი 14:3 დასრულდა.

ირლანდიასთვის მეორე ტაიმი მშვენივრად დაიწყო, მასპინძელთა მოლს კონორ მარი ბურთიანად მოწყდა, თავადვე მიეძალა და სტუმრები მესამედ დაალელოვა, სექსტონი ისევ ზუსტი იყო. შოტლანდიელებს შანსები ისევ ჰქონდათ, მაგრამ კვლავ ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, როგორიც პირველ ტაიმში ჯონსის და ჰოგის ნახსენებ ეპიზოდში დაუშვეს. დაცვაში არადამაჯერებელ თამაშზე ვთქვით და შესაბამისად, როდესაც ირლანდიის დონის გუნდს ამდენ საჩუქარს უკეთებ, აუცილებლად წააგებ და ასეც მოხდა. “ნარშავებმა” რაც შეძლეს ერთი ლელოს გატანა იყო: 51-ე წუთზე უპირატესობა გამოიყენეს და 5-იანთან შერკინება მოითხოვეს, რომელიც მარჯვენა ფრთაზე გაშალეს და ახალგაზრდა ბლეირ კინგჰორნმა სადებიუტო ლელო ზედ კიდესთან დადო, ლეიდლოუმ გარდასახვა ძელს მოარტყა.

კონორ ოშის გუნდს საკუთარი მიზნის შესასრულებლად მეოთხე ლელოს გატანა სჭირდებოდა და ამის გაკეთება 69-ე წუთზე შეძლეს: მასპინძელთა მოლი ჩაიშალა, თუმცა შონ კრონინიმ უმალ გამოიტანა ბურთი და ლელოში თავად შევარდა, სექსტონმა ამჯერადაც ივარგა და შეხვედრა 28:8 დასრულდა.

შოტლანდია კი ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც უკანასკნელ ორ წელში უდიდესი პროგრესი განიცადა, მაგრამ ყველა მატჩის ერთნაირად მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ უჭირს და ამაზე გრეგორ თაუნსენდმა აუცილებლად უნდა იმუშაოს.

ზემოხსენებული შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებების ჯახი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინგლისს ჩემპიონობა თუ სურდა ფრანგები ბონუსით უნდა დაემარცხებინა, ხოლო შემდეგ ბოლო ტურში ასევე ბონუსით უნდა მოეგოთ ირლანდიისთვის.

ინგლისელებს 4 ლელო სჭირდებოდათ, მაგრამ საწყის 20 წუთში მიღებული გადაწყვეტილებები თითქოს იმაზე მეტყველებდნენ, რომ “წითელ ვარდებს” ამის თავადაც არ სჯეროდათ. ოუენ ფარელმა და ელიოტ დეილიმ ჯარიმები აუტში გადატანის ნაცვლად, კარში დაარტყეს და 6 ქულა მოიპოვეს, მაგრამ რაში სჭირდებოდათ ეს 6 ქულა რთული სათქმელია. 28-ე წუთზე ფარელმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ “სამფეროვანთაგან” ასევე სამი ჯარიმა გაიტანა მაქსიმ მაშნომ და ტაიმი 9:9 დასრულდა.

ედი ჯონსის გუნდი კვლავ მოიკოჭლებდა რაქებში თამაშში და ფრანგებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბურთის ამოღლეტვა და მეტოქის დაჯარიმება. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი უკანახაზით თამაშობდნენ, ძალიან უჭირდათ მასპინძელთა ხაზის გაჭრა და კომბინაციური თამაში. ფრანგების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მათი დაცვა გმირულად თამაშობდა და თავგანწირვის, უდიდესი მონდომების ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მეორე ნახევარი ჟაკ ბრუნდელის გუნდისთვის მშვენივრად დაიწყო: 48-ე წუთზე ტრინ-დუკმა ხეირზე ითამაშა და მარცხენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, რემი გროსოს ჯონი მეიმ დაასწრო, მაგრამ ბურთი ვერ შეიმარგა და ბენჟამინ ფოლმა უმალ აიტაცა, ლელოსაც დებდა, მაგრამ ენტონი უოტსონმა მაღალი ბოჭვით შეაჩერა. იაკო პეიპერმა ვიდეორეფერი მოითხოვა და მასთან კონსულტაციის შემდგომ, საჯარიმო ლელო ჩათვალა, ხოლო უოტსონი გაასინბინა.

ფრანგებს ცოტა ხანში კიდევ ერთი ლელოს გატანა შეეძლოთ, 51-ე წუთზე ხელდახელ შესანიშნავი შეტევა გაშალეს და ლელოსთან ძაან ახლოს იყვნენ, მაგრამ მაშნომ ბურთი ვერ დაამიწა. მსაჯმა აღნიშნა, რომ ბურთი ჩაიხურა და 5-იანთან ფრანგების შერკინება დაინიშნა, თუმცა ინგლისელთა შერკინებამ ივარგა, მეტოქე დააჯარიმა და სტუმრები გადარჩნენ. 63-ე წუთზე კი მაშნომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს.

ვიღას ახსოვდა 4 ლელო და ტიტული, ინგლისელები იმასღა ცდილობდნენ, რომ როგორმე თამაში გადაერჩინათ და ზედიზედ მეორედ არ წაეგოთ. 70-ე წუთზე ფრანგები კიდევ ერთხელ იყვნენ ლელოსთან ახლოს, მაგრამ ამჯერად ორიოდე მეტრი დააკლდათ და შემდეგ დაჯარიმდნენ.

73-ე წუთზე ფრანგებმა საკუთარ 5-იანთან დერეფანი წააგეს, რასაც 6-ფაზიანი მიძალება მოჰყვა, შემდეგ კი შეტევა მარცხენა ფრთაზე გაშალეს და ჯონი მეიმ ლელო გაიტანა, რომელიც ფარელმა გარდასახა.

დარჩენილმა წუთებმა უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა: 77-ე წუთზე ლიონელ ბოქსისმა ჯარიმა გაიტანა და საფრანგეთი 6 ქულით დაწინაურდა, ანუ მხოლოდ გარდასახული ლელო სჭირდებოდა მოსაგებად. “წითელმა ვარდებმა” მძლავრად შეუტიეს, მეტოქის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფარელმა ზედ 5-იანში ჩააგდო. სტუმრებმა საკუთარი დეფერეფანი წააგეს, მაგრამ ბოქსისმა, რომელიც მიმდინარე 6 ერში ძალიან ცუდად გამოიყურება, ბურთი მოედანს მიღმა ვერ გადაიტანა და საფრანგეთს კინაღამ წააგებინა, ინგლისელებმა კიდევ ერთი ჯარიმა მოიპოვეს, ისევ 5-იანიდან მოაწოდეს აუტი და ლელოდან ორ მეტრში წინ გადაუვარდათ ბურთი – 22:16.

ედი ჯონსი ტურნირის დაწყებამდე ამბობდა, რომ მათი მიზანი “ოლ ბლექსის” დაჯაბვნა და პირველობაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინგლისს ამ რთული ამოცანის შესრულება ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდება.

ირლანდია - შოტლანდია 28:8 (14:3)

საფრანგეთი - ინგლისი 22:16 (9:9)

1. ირლანდია 4 4 0 0 136:67 19
2. ინგლისი 4 2 0 2 87:68 10
3. საფრანგეთი 4 2 0 2 95:80 10
4. შოტლანდია 4 2 0 2 72:101 8
5. უელსი 3 1 0 2 67:56 6
6. იტალია 3 0 0 3 51:136 0

თეგები6 ერი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:37 | 12.03.2018
პანტელეიმონი (1218)

ირლანდია +1

0.207221