საერთაშორისო

0:10 | 11.03.2018 | ნანახია 5032 - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: მე-20 მოგება რუსეთთან და ტიტულთან ერთ ნაბიჯში

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში, კრასნოდარში რუსეთის ნაკრებს სძლია და ტიტულისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა. კრასნოდარში ცუდი დარი იდგა, წვიმდა, ხოლო მეორე ნახევარში სულაც სეტყვა წამოვიდა. რასაკვირველია, ამ ფაქტორმა მრავალმხრივ იმოქმედა. პირველ რიგში, სტადიონზე ცოტა ხალხი მოვიდა, რომელთაგან საკმაოდ ბევრი ქომაგი ქართველი იყო. გარდა ამისა, გასაკვირი არაა, რომ ამინდმა თამაშის ხარისხზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ბევრი იყო ტექნიკური წუნი, მოთამაშეებს სველი ბურთი ხელიდან უსხლტებოდათ და შესაბამისად, ხშირი იყო წინ თამაში და შეჩერებები.

საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში საკმაოდ გაუჭირდა. რუსებმა არსებულ პირობებს ალღო უკეთესად აუღეს და ცდილობდნენ, რომ ამით მაქსიმალურად ესარგებლათ. “დათვები” მეტოქეს სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თამაში “ბორჯღალოსანთა” ნახევარზე ყოფილიყო. რუსებმა პირველ ნახევარში საკუთარი ამოცანა საკმაოდ კარგად შეასრულეს, თუმცა ეს მხოლოდ მათი დამსახურება არ ყოფილა. მილტონ ჰეიგის გუნდი ხშირად უშვებდა მარტივ შეცდომებს, რამდენჯერმე საკუთარი დერეფანიც წავაგეთ და ერთ შემთხვევაში ჩვენი შერკინებიდანაც კი დავკარგეთ ბურთი.

რუსების კაპიტანმა იური კუშნარიოვმა საწყის 40 წუთში სამი ჯარიმა გაგვიტანა, რასაც ერთი ლელოთი ვუპასუხეთ: 25-ე წუთზე 5-იანთან აუტი მოვაწოდეთ, რომელიც მოვიგეთ და მოლი ავაგორეთ, რასაც ანტონ ფეიქრიშვილის ლელო მოჰყვა, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა. აქვე გეტყვით, რომ სოსოს კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და ერთადერთი გარდასახვა, მერაბ კვირიკაშვილს გაუცუდდა. ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 9:7 დასრულდა.

“ბორჯღალოსნებს” შესვენება ძალიან წაადგათ და გასახდელიდან გუნდი სულ სხვა განწყობით გამოვიდა. ქართველებმა თამაშს მოუმატეს და შეცდომებს უკლეს. ეს ყველაფერი დროის გასვლასთან ერთად, ტაბლოზე ნათლად აისახა და საბოლოოდ ბონუსით ვიმარჯვეთ. სტუმრებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და კარიდან ზედ 15 მეტრში ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც სოსო მათიაშვილმა გამოიყენა და 48-ე წუთზე ქართველები მინიმალურად დაწინაურდნენ.

ლელოების გატანა კი დასკვნით 15 წუთშიღა შევძელით. 66-ე წუთზე 5-იანთან მოგებული დერეფნის შემდეგ, კვლავ მოლი შევკარით და ამჯერად ლელოში ბურთი კახა ასიეშვილმა დაამიწა. 72-ე წუთზე ისევ მოლით შევუტიეთ, რომელიც ამჯერად ჩაიქცა, მაგრამ ცვლილებაზე შემოსულმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ბურთი აიტაცა და შალვა სუთიაშვილის დახმარებით მეტოქე დაალელოვა. უკანასკნელი ლელო 77-ე წუთზე გავიდა: ვასილ ლობჟანიძემ ხეირზე თამაში მშვენივრად გამოიყენა და ფრთაზე ფეხით შეაცურა ბურთი, რომელსაც ანზორ სიჭინავა და მერაბ კვირიკაშვილი მიყვნენ და ბურთი “აკადემიას” მორაგბემ დაამიწა – 9:29.

გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 22-ე მატჩიდან მეოცედ დაამარცხა. ერთადერთი მარცხი შორეულ 1993 წელს ვიწვნიეთ, ხოლო 2002 წელს გამართული რკენა ფრედ დასრულდა. “ბორჯღალოსნებს” “დათვები” ზედიზედ 17-ჯერ ჰყავთ დამარცხებული. მეტოქეს სტუმარად მეორედ გავუტანეთ 4 ლელო, ხოლო 20-ქულიანი სხვაობით პირველად ვძლიეთ.

საიუბილეო მე-80 კეპი მოიხვეჭა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, 50-ე მიხეილ ნარიაშვილმა, მე-40 ლაშა ლომიძემ, ხოლო 30-ე – კახა ასიეშვილმა.

დღის მეორე მატჩში რუმინეთმა ასევე ბონუსით მოუგო (62:12) ბელგიის ნაკრებს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულის შენარჩუნების მინიმალური შანსი შეინარჩუნა. “მუხები” ჩემპიონები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებს ბონუსით მოუგებენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ტურის დასკვნით მატჩში ესპანეთის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს და წესით, “ლომებს” გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.

4 რაუნდი

სხვ

გატ

მ-წ

$

საქართველო

19

+144

23

163

4-0

3

რუმინეთი

14

+127

27

182

3-1

2

ესპანეთი

8

+6

6

52

2-1

0

რუსეთი

6

+4

10

85

1-3

2

ბელგია

5

-84

14

88

1-3

1

გერმანია

0

-197

2

21

0-3

0


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:09 | 12.03.2018
BEERTRANCE (1073)

რუმინეთის მწვრთნელმა მაგარი დრო კი მონახა გადასადგომად.

17:34 | 11.03.2018
პანტელეიმონი (1218)

84 - 10 დაამარცხა შესანიშნავ სტილში ესპანეთმა - გერმანია გადავსებული ტრიბუნების და ესპანეთის მეფის ფილიპეს თვალწინ. ამ ტურნირზე როგორც ჩანს ესპანელების სახით საქართველომ სერიოზული კონკურენტი შეიძინა.
კიდევ ერთი ახალი ამბავი ის არის, რომ რუმინეთის მთავრი მწვრთნელი გადადგა თანამდებობიდან.

16:26 | 11.03.2018
temuchin (431)

ესპანეთს უყურებთ რა დღეშია გერმანიასთან? ძალიან მაგარ კომბინაციებს კინძავენ, მეფიქრება მაგ გუნდის უკვე, მიხარია მაგათი წარმატება იმიტომ რომ შედარებით მაღალი დონის მეტოქე გვიჩნდება, მაგრამ თან ცოტა მეშინია მაგათ თამაშებს რომ ვუყურებ. ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. მასე ხელით ვერც ბელგიასთან მოვახერხეთ ჩვენ თამაში და ვერც გერმანიასთან. თუმცა რა თქმა უნდა მოტივაციის თემაცაა აქ.

14:24 | 11.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

გატრუხდა ეს ტურნირი

14:23 | 11.03.2018
erovnuli-nakrebi (224)

ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ თუ მოვინდომეთ. ამ ტურნირზე არავინ არაა ჩვენი მომგები. ოღონდ გუნდი ვერ განეწყობა სათამაშოდ ამ მიზეზის გამო

12:32 | 11.03.2018
ოვალური კორბენი (276)

თუ ბონუსით ვერ გვაჯობეს რუმინელებმა და ვთქვათ 1-2 ლელოს სხვაობით დაგვამარცხეს, ამ შემთხვევაში ტურნირს ჩვენ ვიგებთ და ანთიმოზ ივერიელის თასი მათ დარჩებათ, ხომ ასეა ?

16:03 | 11.03.2018
არჩილ სოხუმელი (484)

არც მინდა გავიფიქრო, რომ რუმინეთმა შეიძლება მოგვიგოს. როგორ მოვიგებთ ამაზე ვფიქრობ, ბონუსით თუ უბონუსოდ.

13:22 | 11.03.2018
პანტელეიმონი (1218)

კი, მასეა.

0.124493