ამბები

18:23 | 5.11.2014 | ნანახია 5662 - ჯერ

გვაჩვენეთ რაგბი ტელევიზორში!

საქართველოში რაგბი დღითიდღე რომ პროგრესირებს არახალია. ახლახანს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რაც დამატებითი სტიმული უნდა გახდეს, მაგრამ მიღწეულის შენარჩუნება და მით უმეტეს განვითარება, ურთულესი რამაა.

საქართველოს რაგბის კავშირი და პირადად მისი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე 24 საათი მუშაობს რაგბიში ინვესტიციების მოსაზიდად და სპორტის ამ სახეობის პოპულარობის ასამაღლებლად. მისი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოში გაჩნდა რაგბის განვითარების დამატებითი კერები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რაგბის პროგრესი არ გამორჩა სახელმწიფოს და სპეციალური პროგრამით გაიზარდა დაფინანსება, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო მიმართულებით და დღეს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები სახელმწიფოსგან ყოველწლიურად ფინანსდებიან.

მაგრამ ერთი ორგანიზაცია ყველა საქმეს ვერ გაწვდება. ვერც სახელმწიფო შეასრულებს იმ როლს, რაც კერძო სექტორის შესასრულებელია, მაგრამ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად აუცილებელია რაგბი სათანადოდ შუქდებოდეს როგორც ინტერნეტ და ბეჭდვითი მედიის, ასევე ტელევიზიის საშუალებით. კერძო ტელევიზიებთან აბა ვის რა ხელი აქვს, მაგრამ საქართველოში არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მათდამი მოთხოვნის წაყენება, რომ გაშუქდეს სპორტის იმ სახეობის შიდა ჩემპიონატი, რომლის ეროვნულმა გუნდმა და 7-კაცა ნაკრებმა 4-4-ჯერ მოიპოვეს მსოფლიო თასის საგზური, მიუღებელი არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი მასშტაბურობით და მაყურებლების რაოდენობით მესამე მოვლენაა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, 7-კაცა რაგბი კი, 2016 წლიდან ოფიციალურად შევა ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში.

ტელევიზიების დაინტერესება სპორტით უკვე სახეზეა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა სპორტულ კლუბ “საგარეჯოზე” აიღო პატრონობა და დროა, ქართულ რაგბისაც სათანადოდ მიეხედოს, თუ კერძო ტელეკომპანიის მიერ არა, საზოგადოებრივი ტელეეთერის საშუალებით მაინც (ან ორივეთი ერთად)!

ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რის სანაცვლოდ უნდა მოხდეს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყველა შეხვედრის, ასევე 7-კაცა ტურნირების, ევროთასებისა და შიდა ჩემპიონატის გაშუქება, მაგრამ რომელ სერიალზე ნაკლებია ის “სერიალი”, რასაც საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი ჰქვია?

18 ტური, თითოეული ორ, ზოგ შემთხვევაში 3 დღეზე გაწელილი, დაუმატეთ ამას პლეი ოფები და სულისშემძვრელ, დრამატულ თამაშებს, როგორებითაც საქართველოს ჩემპიონატი ახლა უკვე დახუნძლულია, უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი დაელოდება ტელეეთერთან.

ზაფხულში ნიჟარაძემ “მსოფლიო სპორტის” ფორუმელებთან შეხვედრის სურვილი რომ გამოთქვა, ქომაგებისა და სრკ-ს პრეზიდენტის გულღია საუბარმა შუაღამემდე, თითქმის სამ საათს გასტანა. ქომაგებმა იქვე პირობა დადეს, რომ თავადაც შეიტანდნენ წვლილს ქართული რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. სიტყვას საქმე მოაყოლეს. ამ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა, სრულიად უანგაროდ და დამოუკიდებლად, შეიმუშავეს პეტიციის ტექსტი, დაბეჭდეს ფურცლები, ინტერნეტ სივრცეში შექმნეს სპეციალური გვერდი, მოიარეს რეგიონები ხელმოწერების შესაგროვებლად და ახლა ყველა ჩვენთაგანის ჯერია, რომ მარტივი პროცედურით განვავითაროთ მათი ეს დიდი წამოწყება და ქართული რაგბის საკადრისად გაშუქებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან თანხმობა მივიღოთ.

ქვევით გთავაზობთ პეტიციის ტექსტს და ლინკს, სადაც ხელმოწერები გროვდება. ხელმომწერთა რიცხვის რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული იმ არგუმენტის სიმყარე, რომლითაც ქართული რაგბის ქომაგები საზოგადოებრივ მაუწყებელს სპორტის ამ სახეობის დამსახურებულად დაფასებას მოითხოვენ:

http://manifest.ge/main/show/173#.VFis3jSUfmS


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07246