ლეგიონერები

20:50 | 8.03.2018 | ნანახია 3469 - ჯერ

ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ორიაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ამ რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ცნობა ნიკოლოზ ხატიაშვილის შესახებ: ფრანგი ჟურნალისტი აკიმოტო ჰინატო თავის ტვიტერზე წერდა, 25 წლის ქართველი ბურჯი მომავალ სეზონს სუპერ რაგბის იაპონურ ფრენშაიზ "სანვულვზში" გაატარებს, სადაც ბორჯღალოსანი კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის თანაგუნდელი იქნებაო.

ჰინატოს მტკიცებით, ხატიაშვილით გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზელანდიელი ჯეიმი ჯოზეფი დაინტერესდაო. ამ ყველაფერს არანაირი დასაბუთება არ ჰქონია, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც ხსენებული ჟურნალისტის მიერ მოვლენების განვითარების გავრცელებულ ასეთ ვერსიას თუ არ ადასტურებს, გარკვეულ საფუძველს მაინც უქმნის.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ორიაკის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და გასულ ზაფხულში დადებული კონტრაქტი გაწყვიტა, რომელიც ქართველ ბურჯს ამ ფრანგულ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. მიზეზად სახელდება მორაგბის უკმაყოფილება იმ სათამაშო დროით, რომელიც მას "ორიაკში" ეძლევა. პრო დ2-ის განვლილი 25 ტურიდან ნიკოლოზმა 15-ში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 10 თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ლელო არ მიუთვლია და პასივში 2 სინბინი აქვს.

ასეა თუ ისე, ხატიაშვილი "ორიაკს" უკვე დაემშვიდობა და სამშობლოში დაბრუნდაო, გვამცნობს ფრანგული მედია.

25 წლის ბურჯის აქტივში 4 სანაკრები კეპია. ბოლოს მას ბორჯღალიანი კვართის მორგება შარშან ზაფხულში ერთობ მოულოდნელად მოუხდა - როცა ამერიკულ ტურნეზე მყოფ საქართველოს ნაკრებს მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე საკადრო პრობლემა შეექმნა და ნიკოლოზს ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუწია არგენტინაში ჩასვლა. ხატიაშვილს აკლიმატიზაცია არც ექნებოდა გავლილი, მაგრამ შეცვლაზე 20-ოდე წუთი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 09.03.2018
BEERTRANCE (1073)

ჯერ დაველოდოთ დადასტურდეს, მარა თუ მართალია მაგარი იქნება.

22:52 | 08.03.2018
პანტელეიმონი (1218)

მართლაც შესანიშნავია, თუ ხატიაშვილიც სუპერ რაგბში ითამაშებს.

21:46 | 08.03.2018
თორღვა პანკელი (387)

გადასარევია! სუპერ რაგბმა უკვე დაადგა თვალი ჩვენს ბიჭებს, იმედია გადავა სანვულვზში და ჯაბაც და ნიკოლოზიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ, ქართველი ბურჯის ძალას და ეფექტიანობას უკვე იაპონიაში, ტოჩიმ უკვე გაუთქვა სახელი საქართველოს იაპონიაში, ახლა მორაგბეების ჯერია, წარმატებები ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.08138