15:49 | 6.03.2018 | ნანახია 2331 - ჯერ

გარდამავალი ტურნირი დასავლეთში სენსაციით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გარდამავალი ტურნირის დასავლეთ ჯგუფში 7-მა გუნდმა მოიყარა თავი. შეჯიბრება აღმოსავლეთის მსგავსად 1 წრედ იმართება. ერთ სარაგბო სტრუქტურაში შემავალი, პირველობაზე მონაწილე 3 ქუთაისური გუნდის თავკაცებმა კლუბებს სახელები შეუცვალეს და შემადგენლობები ისე დააბალანსეს, რომ ჭაბუკებმა სათანადო სათამაშო პრაქტიკის მიღებასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე შეთამაშება და ოსტატობის ამაღლებაც მოასწრონ.
‘აია სათაფლიამ’ ბათუმში ადგილობრივ გუნდს 9 უპასუხო ლელო გაუტანა და მეტოქე 51:0 გაანადგურა. ტიხონ ხახალეიშვილისა და სერგო ფრუიძის გუნდში ფულბეკმა გიორგი ზაქრაძემ ‘დუბლი’ შეასრულა.

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში კი ადგილობრივმა ‘პონტომ’ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ‘აია აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა. აჭარლები მირიან ტაკიძის ჯარიმით მატჩის მიწურულამდე იგებდნენ. კოკისპირულმა წვიმამ და გვარიანად ატალახებულმა მოედანმა ფავორიტს ჩვეული, ლაღი ბურთაობის შესაძლებლობა არ მისცა და თანაც სტუმრები საჯარიმოებს კარში შეგნებულად არ ურტყავდნენ. გიგა გურეშიძის ბიჭებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ბურჯი ნიკა ძნელაძის ლელო, ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ გარდასახა და შეხვედრა ‘აიამ’ 3:7 მოიგო.

ხაშურში, ადგილობრივმა ‘ლეგიონმა’ სტრუქტურულად გამართულ და შემადგენლობის მხრივ კარგად დაბალანსებულ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ სენსაციურად 20:12 მოუგო. შიდა ქართლელთა რიგებში კარგი თამაშით ძმები, ცოტნე და საბა მესხიშვილები გამოირჩნენ. მღლეტელმა ცოტნემ წყვილი ლელოს დადებაც მოახერხა. ბოლო წუთებზე ხაშურელთა მგეზავ მიშიკო ჩადუნელის ჯარიმამ ‘ტაოს’ ნუგეშის აღებაც არ დაანება. ‘ლეგიონი’ საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ატარებს. ‘ანტიკურ’ არენად ქცეული, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ხაშურელთა სტადიონი, წლებია რაც გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებს და დღემდე მარტოოდენ ადგილობრივი არაერთი ხელისუფლების დაპირებებით ‘საზრდოობს’. ხაშურში რაგბის არსებობა და მისი განვითარება ადგილობრივი სპეციალისტის დათო სტეფანოვის გარჯისა და ენთუზიაზმის შედეგია. ელემენტარული ხელშეწყობის შემთხვევაში, ‘ლეგიონის’ დამრიგებლის თქმით, ხაშურსა და ქარელში უამრავი ნიჭიერი ჭაბუკი მორაგბე მოიძებნება და სპორტული შედეგებიც უფრო სოლიდური იქნება.

აღმოსავლეთის ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ გალიდერდა. დედაქალაქელმა ‘რკინიგზელებმა’ ბონუსით ამჯერად ‘არმიასთან’ იმარჯვეს. გია კურატიშვილისა და ფირუზ ბერიაშვილის ბიჭებმა მეტოქეს რაგბის თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს, 4 ლელო გაუტანეს და შეხვედრა ‘მშრალი’ ანგარიშით 28:0 მოიგეს. ‘რკინიგზელთა’ მარჯვენა ფრთა გიორგი ჩოგოვაძემ ‘დუბლი’ შეასრულა.

ლიდერს 1 ქულით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’; ‘სამთა’ და რუსთავის ‘ხარები ‘ ჩამორჩებიან. პატარძეულში, ადგილობრივ ‘ვეფხვებთან’ დამაჯერებელი გამარჯვების /3:50/ მიუხედავად, ‘ლელოს’ დამრიგებელი, ექს-ბორჯღალოსანი ოთარ ბარკალაია შეგირდების თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. ჩემპიონმა კოლექტიური თამაში ვერაფრით დაალაგა და თან უნებლიე შეცდომაც მრავლად დაუშვა. გარე კახელები კი კვლავ შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან.

კახელების მსგავსად, გორის ‘ჯიქი წიქარაც’ შემადგენლობის დაბალანსებას ეშურება და ამად პოზიტიურ შედეგზე ჯერჯერობით ფიქრიც არ უწევს. შიდა ქართლელებმა, გორში ‘ხვამლისგან’ 11 ლელო მიიღეს და დიდი ანგარიშით 7:71 დამარცხდნენ. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის გუნდში იმედისმომცემმა მარბიელმა ზურა ლუტიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა.

‘ხარებმა’ პრემია ‘აკადემიასთან’ გასვლით შეხვედრაში, ‘შევარდენზე’ აიღეს. დავით კაკაბაძის შეგირდები შეტევაში უკეთ გამოიყურებოდნენ. მეტოქეს ხაზს იოლად უჭრიდნენ, თუმცა მიყოლას დროულად ვერ ახდენდნენ. მიუხედავად ამისა, ‘შოროს’ ბიჭებმა 5 ლელოს გატანა მოახერხეს და 17:33 იმარჯვეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ქვემო ქართლელთა მარბიელ გიორგი სიხარულიძისა და ფრთის მოთამაშის გიორგი ელოშვილის კარგი თამაში.

მეორე ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. ‘არმაზი’ თავის ახალ არენაზე ‘სამთას’ (იუნკ’ჩოხ’ყოჩ) დაუხვდა. მატჩი მოსალოდნელისამებრ უშეღავათო გამოდგა. ‘არმაზელი’ დავით გოგინაშვილის ლელოს, კიკეთელებმა გიორგი ნოდიასა და არჩილ ქავთარაძის ლელოებით უპასუხეს, თუმცა დათო კიკნაძისა და რატი გეგეშიძის შეგირდები ბოლო წუთებზე 13:12 იგებდნენ, მაგრამ ვაზისუბნელებს გამოცდილება და სათანადო შეთამაშება არ ეყოთ. ‘სამთას’ ჰუქერ ლუკა ღოღობერიძის გატანილმა ლელომ, გიორგი ენუქიძისა და ტოლიკა ლიპარტელიანის ბიჭებს მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება ( 13:17) არგუნა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074528