ზამთრის არდადეგების შემდეგ პირველი ლიგის პირველობა ‘ყოჩები’-‘ხულიგანას’ დაპირისპირებით განახლდა. ფიცხელი ბრძოლა მხოლოდ საწყისი 15 წუთი გაგრძელდა. ‘ხულიგანამ’ შუამარბ ბექა დარბაიძის ლელოთი დაწინაურებაც მოახერხა, რის შემდგომ ქვეყნის 3-გზის ჩემპიონის უპირატესობა გამოიკვეთა.
აკაკი ცინცაძის შეგირდებმა შუასასეზონო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეს. ფიზიკურად კარგად მომზადებული ‘ყოჩები’ მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ. სწრაფ და აგრესიულ შეტევებს დროულ გადაწყობასაც კარგად უმარჯვებდნენ. ფავორიტმა 12 ლელო გაიტანა, რომელთაგან - 11, ვეტერანმა, ექს- ბორჯღალოსანმა თემურ სოხაძემ გარდასახა. ‘დუბლი’ - შუამარბმა ნიკა ჟვანიამ და ‘ყოჩთა’ შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, მღლეტელმა ნიკა თეზელაშვილმა შეასრულეს. ‘ყოჩებმა’ 82:5 იმარჯვეს და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღეს.
ტრავმებით შესუსტებული შემადგენლობით მყოფი აუტსაიდერის მდგომარეობა, მაღალი ბოჭვისა და კინკლაობისთვის 2 მოთამაშის წითელი ბარათებით გაძევებამ მეორე ტაიმის შუაწელს კრიტიკული გახადა. მამუკა ტყეშელაშვილისა და გოშა შკინინის შეგირდებს პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევთ.
‘ვეფხვებმა’ პატარძეულში ‘დინამოს’ უმასპინძლეს. უხნესი ქართული სარაგბო გუნდი ერთი ხანობა ირაკლი ლაბაძის ლელოთი 7:5 იგებდა, თუმცა ფავორიტმა სტატიკაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის მიუხედავად მეტოქეს შერკინებაში აჯობა. ბოჭვებითა და ინდივიდუალური გარღვევებითაც მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. გარე კახელებმა ‘დინამოს’ 6 ლელო დაუდეს, 41:7 იმარჯვეს და აღებული ბონუს-ქულით ცხრილში ლიდერობაც შეინარჩუნეს. ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის გუნდმა ზამთრის არდადეგები პროდუქტიულად გამოიყენა და დიდ 10-ში მოსახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგა. ‘ვეფხვებს’ 40 საცხრილო ქულა დაუგროვდათ, რაც 1 ქულით აღემატება მდევრების, ‘ყოჩებისა“ და ქუთაისის ‘არესის’ მონაგარს.
‘არესი’ ავჭალაში ‘ივერიას’ ესტუმრა და 6 გატანილი ლელოთი, მეტოქე პრემიალური ქულის თანხლებით 40:8 დაამარცხა. რიონისპირელებმა მასპინძლები უპირატესად ხელით თამაშში დაჯაბნეს. აღნიშვნის ღირსია ‘არესის’ 17 წლის შუამარბ თემურ კოხოძეს კარგი თამაში. იმედისმომცემმა ბაღდათელმა ჭაბუკმა თავის სადებიუტო შეხვედრაში ლელოც გაიტანა და მეტოქეს ხაზი რამდენჯერმე ეფექტურად გაუჭრა. ‘არესის’ ლიდერები გაგა სინაურიძე და გიორგი მინაძე, გუნდის მთავარი მწვრთნელის სერგო ფრუიძის თანაშემწის ფუნქციას ნაყოფიერად ასრულებენ და ელიტაში მოხვედრის იმედსაც არ ჰკარგავენ.
‘იუნკერებმა’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს. ოზურგეთის ‘არწივებს’ სტუმრად, ზვანში 4 ლელო გაუტანეს და 24:20 იმარჯვეს. გურულებმა ზამთარში მთავარი მწვრთნელი იცვალეს. ‘არწივებს’ სათავეში კახა უჩავა ჩაუდგა, ვისაც გუნდის გაძღოლაში ასისტენტობას ირაკლი ნინიძე უწევს. განვლილ შეხვედრაში გიორგი ზაბახიძისა და გიორგი ნოზაძის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს. მეტოქეს შერკინებასა და ხელით, გაშლილ თამაშშიც აჯობეს. კიკეთელთა რიგებში უნარიანი და შედეგიანი თამაშით ფულბეკი რევაზ ხარაზიშვილი გამოირჩა, ვინაც დადებულ ლელოს, 2 ჯარიმაც დაურთო. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და 2 ლელოს გატანაც მოახერხეს. ‘არწივების’ ფულბეკმა ოთარ მჟავიამ ლელო-გარდასახვა-ჯარიმებით 15 ქულა დააგროვა, რითაც გურულებმა ნუგეშ-ქულა აიღეს და თან კიკეთელებთან უკეთესი პირისპირ ბალანსის გამო, სატურნირო ცხრილში 6-ე ადგილი შეინარჩუნეს.
მორიგი, მე-11 ტურის მატჩები 10-11 მარტს გაიმართება. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ‘არესი’ ქუთაისში ‘ყოჩებს’ უმასპინძლებს. ორივე გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, თითო შეხვედრა აქვს წაგებული.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია