ლეგიონერები

17:38 | 5.03.2018 | ნანახია 3427 - ჯერ

პაიოგმა სეზონი დაასრულა. ეს აფრასიძის შანსია?

საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "მონპელიემ" "აჟენთან" გასვლითი მატჩი 29:31 დათმო, თუმცა ცხრილის უმაღლესი საფეხური მაინც შეინარჩუნა. ამ თამაშის შესახებ ჩვენს საიტზე მანამდეც დაწერილა - ჯერ ერთი, თამაზ მჭედლიძეს ხანგრძლივის პაუზის შემდეგ "აჟენის" სასტარტოში ადგილი მიანდეს, თანაც გარემარბის პოზიციაზე, შეცვლაზე გიორგი თეთრაშვილს უნდა ეთამაშა, ხოლო "მონპელიეში", უფრო ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, ტრავმამოშუშებული დუდუ ქუბრიაშვილის დაბრუნება იყო მოსალოდნელი.

დუდუც დაბრუნდა (სასტარტოში, 48 წთ), გიორგიმაც ითამაშა (53-ედან) და თაზომაც ირბინა ფრთაზე (შეუცვლელად), თან ამ უკანასკნელმა თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. თუმცა, ამ სტატიაში საუბარი სულ სხვა თემაზეა. ხსენებული მატჩის ბოლო წამებზე იყო ასეთი ეპიზოდი: სტუმრები საფინალო შტურმისთვის ემზადებოდნენ, ბურთი, ცხადია, მათ გამთამაშებელს, ბენაუა პაიოგს ჰქონდა, რომელმაც 47-ე წუთზე რუან პიენარი შეცვალა და ორთვიანი, კოჭის ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა მინდორზე.

საფრანგეთის ნაკრების 9 ნომერმა უკვე "გაწითლებულ დროში" ცრუმოძრაობა გააკეთა, წაიბორძიკა და ბურთიანად გაზონზე დაეცა. აჟენელები ზედ დაახტნენ, მეტოქეს რაქიდან ბურთი არ გამოატანინეს და გამარჯვების მომტანი ანგარიში შეინარჩუნეს - 31:29. პაიოგი კი მოედანზე გაუნძრევლად იწვა და რეფერიმ ექიმებს უხმო. მერე სტადიონზე საკაციანი სტიუარდებიც გამოჩნდნენ და...

მოკლედ, საფრანგეთის ნაკრების ჰავბექს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენუა პაიოგისთვის სეზონი დასრულებულია და ის თავის კლუბს მომავალ სეზონშიღა დაუბრუნდება. და რა ხდება პაიოგის გარეშე დარჩენილ ამ პოზიციაზე? მოგეხსენებათ, "მონპელიე" ჩემპიონთა თასზე ჯგუფიდან პლეი-ოფში ვერ გავიდა და მთელი ძალები მხოლოდ ტოპ 14-ზე აქვს ფორსირებული. ვერნ კოტერის განკარგულებაში კი მხოლოდ ორი ჰავბექი დარჩა - 33 წლის სამხრეთაფრიკელი რუან პიენარი და 22 წლის ფრანგი ენცო სანგა. ესპუარებში ასევე ორი 9 ნომერია - 20 წლის გელა აფრასიძე და 18 წლის არტურ გიჟი.

ორივე ჭაბუკმა უკვე მოასწრო "მონპელიეს" ძირითად გუნდში თამაში: ნორჩმა ფრანგმა პაიოგი მისი პირველი ტრავმის დროს შეცვალა, ნაახალწლევს "სტად ფრანსესთან" გამართულ მატჩში 7 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო მომდევნო ტურში "კლერმონთან" მარქაფაში იყო, თუმცა პიენარმა ის თამაში შეუცვლელად ჩაატარა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების 9 ნომერს, გელა აფრასიძემ "რაგბი ევროპის" ჩემპიონთა თასზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა: "ექსეტერთან" გასვლაზე (10:41) სასტარტოში იყო და 69 წუთი ითამაშა, ხოლო მერე "ლენსტერთან" შინ წაგებულ (14:23) მატჩში ბოლო 5 წუთი გაატარა მოედანზე.

სიტუაცია შემდეგნაირია: საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, შემდეგ კი პლეი-ოფის დროც მოვა, სადაც "მონპელიე" უკვე დღეს შეგვიძლება ფაქტობრივად გასულად მივიჩნიოთ. და ვინ იცის, შესაძლოა, ჩვენს ახალგაზრდა ჰავბექს კვლავაც მოუწიოს "მონპელიეს" მთავარი გუნდის შემადგენლობაში გამოჩენამ. დღესდღეობით გელა ვერნ კოტერის მე-3 არჩევანია ამ პოზიციაზე, წინ კი 2 თვეზე მეტი დრო და 10-მდე მატჩია. ვნახოთ...


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:23 | 06.03.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია მიეცემა შანსი.

19:38 | 05.03.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გელა ! ! !

18:17 | 05.03.2018
თორღვა პანკელი (387)

მგონი მონპელიეს თავკაცის ინტერესებშიც შედის გელამ რაც შეიძლება მალე აუღოს ალღო დიდ რაგბს, რომ შეუძლია ეს ექსეტერთან დაამტკიცა გელამ.

0.087964