ლეგიონერები

17:15 | 4.03.2018 | ნანახია 4039 - ჯერ

თამაზ მჭედლიძის ლელო "მონპელიესთან" მატჩში (+VIDEO)

ტოპ 14-ის მე-19 ტურის მატჩში ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი "აჟენი" საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ "მონპელიეს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 31:29 დაამარცხა.

სტუმრებს მე-5 წუთზე უხეში თამაშისთვის მეორეხაზელი ჯერად ჰოეატა გაუძევეს და ფაქტობრივად მთელი თამაშის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში, ხოლო ათი წუთის განმავლობაში სულაც 13 იყვნენ მინდორზე (32-ე წუთზე პოლ უილემსი გაასინბინეს). მიუხედავად იმისა, რომ ვერნ კოტერის გუნდი საწყისი 15 წუთის შემდეგ ორი გარდასახული ლელოთი იგებდა, სათამაშო ინიციატივა პირველივე ტაიმში დათმო, სამი გარდასახული ლელო გაუშვა და ტაიმი 21:17 წააგო. მეორე ტაიმმა ძალიან დაძაბულად ჩაიარა, თუმცა მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე წარმატების მიღწევა მაინც შეძლეს და საბოლოოდ 31:29 იმარჯვეს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი სასიხარულო ის გახლავთ, რომ "აჟენის" პირველი ლელოს ავტორი თამაზ მჭედლიძეა, რომელიც უკანახაზს დაუბრუნდა და ფრთაზე (14 ნომრად) თამაშობდა. "ბორჯღალოსანმა" მორაგბემ მეტოქე მე-20 წუთზე დაალელოვა. მან შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ თამაზმა მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში "მონპელიეს" დამწუხრება მოახერხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 53-ე წუთზე გამოჩნდა მარჯვენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, ხოლო "მონპელიეს" სასტარტო თხუთმეტეულში იმყოფებოდა დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და შემოდგომის შემდგომ პირველად ითამაშა. "დუდუ" 47-ე წუთზე შეცვალეს.

კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგა "იუ არენაზე", სადაც მე-2 ადგილოსანი "რასინგ 92" აწ უკვე გასავარდნ ზონაში მყოფ "ბრივს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 17:13 აჯობა. მასპინძელთა შემადგენლობაში 53-ე წუთზე გამოჩნდა მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი. "ბრივის" რიგებში სასტარტოში იყო კახა ასიეშვილი და მოედანზე 55-ე წუთამდე დაჰყო, ხოლო ამავე დროს ჩაერთო თამაშში მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:50 | 06.03.2018
federer (17) (469)

მართლა ძალიან საინტერესოა რატო არ არის თაზო ნაკრებში და შეიძლება არც არის რაიმე საგანგაშო და უბრალოდ ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე არ თამაშობს ნაკრებში, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა დაიწეროს ან ითქვას რაიმეე

17:27 | 05.03.2018
maxo_65 (458)

დუდუ ქუბრიაშვილის გამოჩენაც სასიხარულოა..

17:24 | 05.03.2018
maxo_65 (458)

ძალიან გვჭირდება ეს კაცი ნაკრებში

14:25 | 05.03.2018
გიგო (5)

თაზო უალტერნატივოა თავის პოზიციაზე ეროვნულში,ერთადერთი ქართველი უკანახაზელია რომელიც მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატში თამაშობს (TOP14) და არა მარტო ჟურნალისტების არამედ არ მესმის კომენტატორების ერთხელ არ უხსენებიათ მისი არ ყოფნა და შესაბამისად არც მიზეზები.

13:12 | 05.03.2018
buratino (480)

თაზო და ასეიშვილი გვჭირდებიან ბოლო 2 თამაშში (რუსეთ-რუმინეთთან)

10:05 | 05.03.2018
ilarioni (138)

აუცილებელი შეიძლება მთლად შესატყვისი სიტყვა არ იყოს ამ შემთხვევაში, თუმცა ფაქტია რომ ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი ისეთი უკანახაზელები, რომლებიც ტოპ 14-ში თამაშობენ. სხვა საკითხია ფორმაში თუ არ არის, თუმცა ფორმაში რომ იყოს და არ გამოიძახოს ძალიან დამაფიქრებელი იქნებოდა. ესე იგი სხვა რამეშია საქმე და ჟურნალისტების საქმეა, რომ იაქტიურონ და გაარკვიონ რა ხდება

18:06 | 05.03.2018
თორღვა პანკელი (387)

ფორმაში რომ არ იყოს არც კლუბში არ ათამაშებდნენ.

20:27 | 04.03.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

20:25 | 04.03.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

18:23 | 04.03.2018
თორღვა პანკელი (387)

რუსეთთან და რუმინეთთან თაზო უბრალოდ აუცილებელია.

21:51 | 04.03.2018
jora84 (183)

რატომ არის უბრალოდ აუცილებელი?

18:04 | 05.03.2018
თორღვა პანკელი (387)

და რატომაც არა?

14:27 | 05.03.2018
გიგო (5)

მისი დონის უკანახაზელი არ გვყავს მის პოზიციაზე და არც მასთან მიახლოებული

13:55 | 05.03.2018
federer (17) (469)

რუსეთთან ნებისმიერი შემადგენლობით მოვიგებთ იოლად, მაგრამ რუმინეთთან რევანში გვაქვს ასაღები და სასურველია ოპტიმალური შემადგენლობით ვიყოთ და თაზოს დონის უკანახელი ჩვენს ნაკრებში მაქსიმუმ 2 იყოს კიდევ

13:56 | 05.03.2018
federer (17) (469)

მის პოზიციაზე კი არც ყავს კონკურენტი, თან თაზოს პოზიციების შეცვლაც შეუძლია და საჭიროებიშ შემთხვევაში შერკინებაშიც გვინახავს მისი გარჯა

0.089422