საერთაშორისო

1:00 | 4.03.2018 | ნანახია 5617 - ჯერ

დაგეგმილი გამარჯვება და ბევრი კითხვის ნიშნები

გამარჯვება ყოველთვის კარგია. საქართველოს ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება ამჯერადაც მოიპოვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გვერდს ვერაფრით ვერ ავუვლით იმ ხარვეზებსა და პრობლემებს, რომლებიც დღევანდელ მატჩში გამოჩნდა და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ.

“მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იყო, რომელმაც ორი კვირის წინ მადრიდში რუმინეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურთან ერთ ნაბიჯშია. “ლომებს” გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად აქვთ მომატებული. ამის მიზეზი სამწვრთნელო შტაბის და მთლიანად იქაური რაგბის კავშირის სწორი მუშაობის შედეგია, რომლის წყალობითაც ესპანეთი გაცილებით ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. გარდა ამისა, პირენეის ნახევარკუნძულელთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ნატურალიზირებულ მოთამაშეებს, რომლებიც მრავლად არიან, უმეტესად, ესპანეთი-საფრანგეთის მოსაზღვრე რაიონებიდან არიან (უმეტესობას წინაპრები ესპანელები ჰყავდათ, ხოლო ზოგიერთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იქნენ გადასახლებულნი) და საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში (უმეტესად პრო დ2-ში და ფედერალ 1-ში) თამაშობენ.

როგორც ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ ესპანეთს აქამდე ასეთი ძლიერი გუნდისთვის თავი არასდროს მოეყარათ და წელს ამის გაკეთება მოახერხეს. თუმცა, “ლომების” გურუმ საწყის ორ მატჩში ნათამაშები შემადგენლობა ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა და მხოლოდ სამი მოთამაშე დატოვა, რისთვისაც მას ნამდვილად ვერ გავამტყუნებთ, რადგან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი “ლომებისთვის” გადამწყვეტია: თუ ბელგიას და გერმანიას დაამარცხებენ 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ. ამრიგად, ესპანელებმა თბილისში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგი თამაშამდე ამბობდა, რომ ესპანეთი ძალიან გაძლიერდა და მათთან ყურადღებით თამაში იყო საჭირო. ამაზე აზრზე გახლდათ კაპიტანი გიორგი ნემსაძეც, რომლის აზრითაც “ლომები” ძალიან კარგი გუნდი არიან.

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, “ბორჯღალოსნების” რიგებში მაინც იყო მოტივაციის პრობლემა, რადგან მეტოქე მთლიანად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. თანაც, წინა ორი მატჩი იმდენად იოლად იყო მოგებული, რომ ბიჭები შეიძლება ცოტათი მოდუნდნენ კიდეც. იმაზე ლაპარაკი კი ადრეც ყოფილა და კვლავ იქნება, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირისთვის უკვე გადაზრდილია...

მოკლედ ზემოხსენებული თუ სხვა ფაქტორების გამო, თამაში საკმაოდ რთული და მძიმე გამოდგა. შესაძლოა, ჩვენს ნათქვამში არის სიმართლის მარცვალი და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებდით, გვიჭირდა შეტევების გაშლა და მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევა. ესპანელთა სასახელოდ კი უნდა ვთქვათ, რომ შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და ბევრი გულშემატკივარი ამით გააკვირვეს. განსაკუთრებით უნდა ითქვას, რომ მშვენივრად ასპარეზობდა ესპანელთა ხაზი და ხშირ შემთხვევაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებასაც ახერხებდნენ.

შეხვედრა ქართველთა შეტევებით დაიწყო და ლელოს დადებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ მსაჯმა ბურთის დამიწება ვერ დაინახა და შერკინება დაინიშნა. მეტოქე რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, თუმცა კარში არ ვარტყამდით და ლელოს დადებას ვცდილობდით, თუმცა ესპანელებმა თავი ძალიან კარგად დაიცვეს და ბოლოს “ბორჯღალოსნებმა” უპირატესობის გამოყენება და კარში დარტყმა გადაწყვიტეს: სოსო მათიაშვილმა მე-10 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

მიხეილ ნარიაშვილმა 25-ე წუთზე მშვენივრად ითამაშა, რაქში ბურთს ჩაუჯდა და მეტოქე დააჯარიმა, რომელიც მათიაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაზარდა. 30-ე წუთზე კი ჩვენ დავჯარიმდით და მატიო პენიუშონმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატში პირველი ქულები გაგვიტანა. ტაიმის ბოლოს კი ისევ ქართველებმა დააჯარიმეს მეტოქე და მათიაშვილმა კვლავ ზუსტად დაარტყა – 9:3.

მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო, 48-ე წუთზე ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ესპანელებმა წესების დარღვევით თავი დაიცვეს და ლელო არ დაგვადებინეს. ქართველებმა 5-იანთან შერკინება აირჩიეს, მეტოქე პირველივე შერკინებაში დააჯარიმეს და შემდეგ ისევ შერკინება აირჩიეს, რომლის ჩაქცევის გამოც მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა.

ქართველებმა აქტიურობა განაგრძეს და ორ შემთხვევაში ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს ვიყავით: 67-ე წუთზე ხელდახელ მშვენიერი შეტევა გავშალეთ და სანდრო თოდუა უკანასკნელ მომენტში გადაიყვანეს კიდეზე, ხოლო 70-ე წუთზე ოთარ გიორგაძეს ლელოდან ორიოდე მეტრის მოშორებით წინ გაუვარდა ბურთი.

შეხვედრის ბოლოს შეტევისთვის ესპანელებმაც მოიცალეს და შვიდი წუთის განმავლობაში ქართველები საკუთარ 22-ში გამოკეტეს, მძლავრად მიეძალეს და ქართველები რამდენჯერმე დააჯარიმეს, რასაც ბოლოს 79-ე წუთზე დავით კაჭარავას გასინბინება მოჰყვა, ესპანელებმა ჯარიმა კვლავ გაათამაშეს და საბოლოოდ ამდენი მიძალების შემდეგ ლელო მაინც გაიტანეს: აფა’ესე ტაულიმ რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო, გარდასახვა კი პელიუშონმა შეასრულა ზუსტად.

გაშვებულმა ლელომ ქართველები ძალიან გააბრაზა. სოსო მათიაშვილმა ცენტრიდან განაახლა თამაშიდა ბურთი მეტოქის 22-ში გადაკიდა, ოვალი ესპანელებმა ჩაიგდეს ხელში, მაგრამ შეცდომა დაუშვეს და არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთი ლელოდან ათიოდე მეტრის მოშორებით აუტში გადავიდა. ქართველებმა მოწოდებული აუტი მოიგეს, მოლი არ დააყენეს და კოლელიშვილმა კოშაძეს გამოუტანა ბურთი, რომელიც ლელოდან ორი მეტრის მოშორებით შეაჩერეს, მაგრამ გიორგი მელიქიძის შეჩერება სამმა ესპანელმა ვერ შეძლო და “სტად ფრანსეს” ბურჯმა ნაკრების კვართით პირველი ლელო გაიტანა, რომელიც მათიაშვილმა გარდასახა და საქართველომ 23:10 იმარჯვა.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის სხვა მატჩებს, რუმინეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუსეთი 25:15 დაამარცხა, ხოლო ბელგიამ შინ გერმანია 69:15 გაანადგურა და ფაქტობრივად, ბოლო ადგილოსნის ვინაობა გაირკვა.

საქართველო – ესპანეთი 23:10 (9:3)

საქართველო: 2 ლელო – საჯარიმო ლელო (51), მელიქიძე (80+1); 3 ჯარიმა – მათიაშვილი (10; 25; 37); 1 გარდასახვა – მათიაშვილი (80+2)

ესპანეთი: 1 ლელო – აფა’ესე ტაული (80); 1 ჯარიმა – პელიუშონი (31); გარდასახვა – პელიუშონი (80)

სატურნირო ცხრილი

1. საქართველო 3 3 0 0 134:10 14
2. რუმინეთი 3 2 0 1 120:43 9
3. ესპანეთი 3 2 0 1 52:46 8
4. რუსეთი 3 1 0 2 76:52 6
5. ბელგია 3 1 0 2 76:110 5
6. გერმანია 3 0 0 3 21:218 0


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:04 | 04.03.2018
temuchin (431)

ერთი გრამატიკული ხასიათის შენიშვნა: ''ბევრი კითხვის ნიშანი'' და არა ''ბევრი კითხვის ნიშნები.''

21:05 | 04.03.2018
temuchin (431)

უკვე შეუნიშნიათ და ბოდიში გამეორებისთვის

16:24 | 04.03.2018
jora84 (183)

ირაკლი, ცხრილი მაინც გაასწორე, ტეხავს კავშირის საიტზე მზამზარეული დევს და შენ ფლეშსქორის საიტიდან აიღე არასწორი. 14 ქულა აქვს ნაკრებს.

18:30 | 04.03.2018
ika (35)

მადლობა, გამომრჩა

15:42 | 04.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ისე კი ყომარის ნიშნები უკვე ხშირად შეიმჩნევა ნაკრების თამაშში და იმედია ვცდები.

16:25 | 04.03.2018
jora84 (183)

უფრო კონკრეტულად რომ თქვა არ გინდა? რას ამჩნევ გაგვანათლე

21:29 | 04.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

რუსეთთან ბოლო მატჩს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თამაშის დაწყებამდე ინტერნეტსივრცეში მატჩის ზუსტი ანგარიში გავრცელდა. ღმერთმა ქნას დამთხვევა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ფაქტია რომ დაემთხვა ამ საიტზეც დაიპოსტა სადაც თარიღები და დრო დაფიქსირებული იყო და იყო მატჩის დაწყებამდე

21:47 | 04.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

რუმინეთთან მატჩმა და იქ დაყენებულმა შემადგენლობამაც ბევრი კითხვა გააჩინა. ბოლო მატჩი კი ფორაზე ყომარს გავდა, ესპანეთს კაი კუში ჰქონდა ფორაზე. კიდევ ვიმეორებ, დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები თქო, მაგრამ ეს ფაქტორები თვალში მომხვდა და ამიტომაც ავღნიშნე

15:41 | 04.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ბევრი კითხვის ნიშნები თუ ბევრი კითხვის ნიშანი? სათაურია ბოლოსდაბოლოს, ჟურნალისტი ხარ და ტეხავს კრიტიკული წერილის სათაურში მასეთი შეცდომა რომ მოგდის. თუ მექანიკური შეცდომაა, სათაურია და აქამდე უნდა ჩაგესწორებინათ მკითხველს და საკუთარ თავს თუ პატივს სცემთ.

18:29 | 04.03.2018
ika (35)

მექანიკური შეცდომის გარდა, სხვა რამეზე რომ გაამახვილოთ ამხელა სტატიაში ყურადღება არ შეიძლება? ეგეც ტეხავს, რომ შეცდომის გამოჭერაზე ხართ თითქოს. როდესაც ღამის 1 საათზე წერ მიმოხილვას და დაღლილი ხარ, შესაძლოა ერთი შეცდომა გამოგეპაროს და მგონი არაა ლამაზი ამაზე გამოკიდება, მითუმეტეს, რომ ყველაფერი გასაგებ ენაზე წერია და არმგონია, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყოს მიმოხილვაში რაიმე.

0?'>https://worldsport.ge/ge/page/153065_evropa-liga-dadzabuloba-chxubi-golebi-da-bevri-kitxvis-nishnebi':'>https://worldsport.ge/ge/page/153065_evropa-liga-dadzabuloba-chxubi-golebi-da-bevri-kitxvis-nishnebi')) ეს ჩემგან. შენიშვნას არასდროს გავურბივარ, მაგრამ მექანიკურ შეცდომაზე გამოკიდება მართლა ტეხავს და არ გინდათ, თორემ პირიქით, თუ რაიმე სახის ნიუსი ან მიმოხილვა გინდათ რომ დავდო ან რაღაც არ მოგწონთ შეგიძლიათ თქვათ, მაგრამ ამ ერთ ასოზე და ასეთ რაღაცეებზე გამოკიდება არ მიმაჩნია ლამაზად. ვისაც სტატია დაუწერია და რაღაც ფორმით ახლოს ყოფილა ჟურნალისტიკასთან კი დამეთანხმება და მეორეც, არანაირად არააა ეს კრიტიკული წერილი. მიმოხილვაა ჩვეულებრივი და იმ სურათის აღწერა, რაც გუშინ იყო სტადიონზე.

21:42 | 04.03.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ერთი ასო არ არის, გრამატიკული შეცდომაა, რასც ხშირად უშვებს ბევრი, ვისაც სტატია დაუწერია და რაღაც ფორმით ახლოს ყოფილა ჟურნალისტიკასთან, ამაზე იყო მითითება და თუ პროფესიონალი ბრძანდებით ეს გამოკიდებად კი არ უნდა მიიღოთ, უნდა ჩაასწოროთ უბრალოდ.

21:55 | 04.03.2018
ika (35)

რადგან არ შემიცვლია სათაური, იყო ანუ მიზეზი და თუ გინდათ გეტყვით არაა პრობლემა, მაშინ სტატიის ლინკიც უნდა შეიცვალოს და შესაბამისად, ვეღარავინ გადმოვა სტატიაზე იმ ბმულებიდან, სადაც გაზიარებულია სტატია

არ მომხდარა რაღაც კატასტროფული, რომ პატივის ცემაზე და ასეთი კუთხით დაიწყოთ ლაპარაკი, თორემ შეცდომას და შენიშვნებს არ გაურბის არავინ და პირიქით, ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ და ასე იქნება მომავალშიც, როგორი ფორმით იქნება შენიშვნა იმას გააჩნია უბრალოდ. თორემ გინდათ შენიშვნა იყოს და გინდათ თხოვნა რომელიმე ტიპის ნიუსზე დაწერაზე, არ ყოფილა ჩემგან არასდროს პრობლემა და არც იქნება ესაა სულ წარმატებები და მადლობა, რომ ჩვენი საიტის მომხმარებელი ხართ

15:03 | 04.03.2018
GENESIS (49)

რაც უნდა ცალკე გამოვყოთ, ეს არის ბრყინვალე რეჟისურა ტრანსლაციის და მატჩის - შესანიშნავი ხედები, აქეთ მთები, იქით ტვინ ტაუერი.. რომ არ მცოდნონდა, რომ ჩვენი თამაში იყო, ვიფიქრებდი, რომ სადღაც ბარსელონადან თუ ნანტიდან იყო რეპორტაჟი )) და კიდევ, ლამაზ ფორმებში გამოწყობილი სამხედრო ორკესტრი და ელიტარულად, მაღალ დონეზე დაკრული ჰიმნები..

20:18 | 04.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები

14:42 | 04.03.2018
test (124)

ამ ტურნირს ვიყენებთ ექსპერიმენტებისთვის ეგ არის და ეგ რა თტმა უნდა ჩემის აზრით

14:18 | 04.03.2018
GENESIS (49)

გასაგებია, რომ ასეთ თამაშებს ალბათ ვარჯიშისთვის ვიყენებთ, მაგრამ ჰეიგთან კითხვის ნიშნებია ნამდვილად.. მოლში აღარ გვჭირდება ვარჯიში?!

11:41 | 04.03.2018
tokageo (45)

გაუმარჯოს. ჩვენ ბიჭებს მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს იყო ერთადერთი დადებითი ამ თამაშში საქართველოსთვის.
სამწუხაროდ ნეგატივზე მეტი მაქვს სასაუბრო: ბიჭებს საშინლად უჭირთ აშკარა ფავორტის რანგში თამაში. განწყობა იყო საშინელი. ვფიქრობ ტაქტიკურად მისაღები ჯარიმების დარტყმა ესპანეთის ნაკრებთან ნაღდად მიუღებელია, მითუმეტეს პირველი ტაიმის საწყის წუთებში და 0-0-ზე. ჩვენ 6 ერის შეფობას უნდა ვაჩვენოთ რომ ყველა გუნდს 10 თავით ვჯობთ, ჩვენ კი სახლში ესპანეთთან პრემიალური ქულის აღება ვერ შევძელით. სადაა საუცხოო ქართული მოლი? 5 მეტრში რომ ხარ მეტოქის ჩათვლის ხაზთან განა რა ძალამ უნდა გაგაჩეროს? ცოტა მსაჯიც მომთმენი გამოდგა 3ჯერ რო შერკინებას დანიშნავ 5 მეტრში იგივე ადგილას ჯარიმის გამო, მგონია რომ ტექნიკური ლელო პირველ ტაიმში 2-ჯერ უნდა ჩაეთვალა მინიმუმ და რეციდიულ შერკინებაში დაჯარიმებებზე ყვითლებიც რამდენჯერმე უნდა აეფრიალებინა, მაგრამ დავანებოთ მსაჯს თავი. დააკვირდით ჩვენს ბურთის შეყვანას თამაშში ცენტრიდან, ან აბრაგანს, მათიაშვილის და ლობჟანიძის გარდა ყველა მიუწვდომელ სიშორეზე ურტყამს, სადაც ჰაერიდან ჩამოხსნის შანსი არ გვაქვს, ვერ ვუსწრებთ. ახლა ესპანელთა დარტყმებს დააკვირდით, ყველა ჩვენი მოგებული ბურთიც კი უმძიმეს საჰაერო ბრძოლებში ხერხდებოდა, სულ იყვნენ მათ ამოწეულ ბურთზე წვდომის მანძილზე ესპანელები. მიყოლა გარღვევაზე - 4ჯერ მაინც გავჭერით ხაზი, არცერთხელ მეორე კაცი არ მიყვა შემტევს საპასედ. და ნეგატივის გვირგვინი - დერეფანი, ეს იყო სრული კატასტროფა. როცა ესპანეთთან ასე გემართება, წარმოიდგინეთ რა იქნება ირლანდია-შოტლანდიასთან, ან იგივე იტალიასთან. მე მაგარი იმედგაცრუებული დავრჩი. ასეთი განცდა მაქვს, რომ ძველმა და საშუალო თაობამაც ამოწურა (ან მალე ამოწურავს) შესაძლებლობები. ახალი თაობა სწავლობს სწორად, იმათ მეტი პრაქტიკა აქვთ თანატოლ ექვს ერელებთან, ისინი უფრო მეტს შეძლებენ. სიჩქარეებიც ეტყობათ ახლებს უფრო მაგარი, დღეს სიჩქარეები პირველი მნიშვნელბისაა.
და ბოლოს: მელიტონი ჭეშმარიტი ქართველია, კარგი კაცია, ფასდაუდებელი სამუშაო გასწია ქართული რაგბისთვის, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ფედერაციის მხრიდან სწორი ტაქტიკაა, რომ მსოფლიოს დამთავრებამდე ის რჩება ნაკრებში. ნაკრები ერთი ოჯახია და 1 წლით ადრე ახალი ოჯახის თავი აშკარად დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა მოთამაშეებში. იმას მისი კაპრიზებიც ექნებოდა, სანამ მენტალიტეტს გაარჩევს და ა.შ. მსოფლიოს შემდეგ ჰეიგი განთავისუფლდება, ძალიან ზუსტი ინფორმაცია მაქვს "რაგბის მამებისგან", უკვე სავარაუდო მწვრთნელიც თვალდადგმულია. მეტს ნუ შემეკითხებით. დაველოდოდ 2019-ს. მე მჯერა რომ შედეგს გავიმეორებთ და მილტონ ჰეიგს დიდი პატივით გავაცილებთ ნაკრებიდან. ძალიან მაგარი იქნება თუ ქართულ საკლუბო რაგბზე გადაერთვება და ევროპულ საკლუბო ტურნირში გაუძღვება რომელიმე ქართულ გუნდს, მე პირადად ბათუმელი ვარ და ბათუმისთვის ვიოცნებებდი მას.
ნიაზი ყველაზე მაგარი კომენტატორია, ვინ კი მინახავს და მომისმენია. "ვირს პიტნა არ უყვარდა, ცხვირში ატენიდნენო", მარტო ეს ფრაზა რად ღირს

0.170904