რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ‘მიხეილ მესხზე’ გასამართი მატჩის წინ, გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს.
შეხვედრა 3 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00).
პრესკონფერენციაზე პირველები ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე გამოცხადდნენ.
პირველი სიტყვა ჰეიგმა აიღო და მეტოქის სიძლიერეზე ისაუბრა:
„ესპანეთის ნაკრებმა რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით დაამტკიცა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგისგან, თუმცა მთავარია, ჩვენ როგორ თამაშს ვაჩვენებთ“.
„ველოდით, რომ ესპანეთს რუმინეთის დამარცხება შეეძლო. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა სწორედ ესპანეთთან გვქონდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშოთ, რადგან ეს განვითარებაში დაგვეხმარება“.
ამის შემდეგ ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„მოგვწონს თუ არა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დონე, ეს არის ტურნირი, სადაც ვთამაშობთ და შანსი იმისა, რომ შევიკრიბოთ, მოვემზადოთ და ჩავატაროთ 5 თამაში. სანამ უფრო ძლიერ ტურნირში არ მიგვიღებენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ყოველთვის ექნება აზრი და მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ ესპანეთის ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, რომელმაც დაგვანახა თუ რა შეუძლია“.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილება და ჰეიგს კითხვა იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მზადების მომდევნო ეტაპებზეც დაუსვეს:
„მომავალი მსოფლიო თასისთვის მზადება 2,5 წლის წინ, მაშინ დავიწყეთ, როდესაც იაპონიის საგზური მოვიპოვეთ და ახლა წინ გვაქვს მზადების ურთულესი წელიწადნახევარი. 2018 წლის დასაწყისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული რაგბისათვის მრავალი მიმართულებით - 2 გამარჯვება ერთა თასზე; ინგლისური აღიარება და ერთობლივი ვარჯიში პლანეტის მეორე გუნდთან; 20-წლამდელთა წარმატებული ტურნე საფრანგეთში, ფრანგ ბარბაროსებთან დაგეგმილი მატჩი მაისის ბოლოს და ა.შ.
„2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით საასპარეზოდ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაგეგმა და რაგბის კავშირმა დაამტკიცა ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომლის წარმატებით განხორციელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დასახული მიზნის მისაღწევად. ამ ეტაპზე ჩემი მთელი ყურადღება მიმართულია სწორედ ამ პროგრამის სრულყოფილად შესრულებაზე და შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასზე დასახული მიზნის მიღწევაზე. დავიმატეთ და სრულ განაკვეთზე ავიყვანეთ ორი მაღალი დონის სპეციალისტი. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ისევეა დაკომპლექტებული, როგორც ტიერ1-ის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი.
„იმისათვის, რომ ჩვენი გეგმები მაქსიმალური სიზუსტით იქნეს განხორციელებული, დღესდღეობით მხოლოდ რაგბის კავშირის ხელთ არსებული რესურსი საკმარისი არ არის და საჭიროა სრულიად ქვეყნის მხარდაჭერა, პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, რაც გულისხმობს იმ ფინანსების მობილიზებას, რაც ამ პროგრამის შესასრულებლად არის საჭირო. ვთვლი, რომ ქართული რაგბი ქვეყნის სახეა, რომლის მხარდაჭერაც თანაბრად ყველას პასუხისმგებლობაა. საჭირო ოდენობით ფინანსების მობილიზება მოგვცემს შანსს მყარად დავმკვიდრდეთ ელიტის სიახლოვეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. პროგრესის გზაზე გაჩერება კი კრახის დასაწყისი იქნება. მერწმუნეთ, საქართველო თავისი პოტენციალის რეალიზაციის შემთხვევაში ბევრად მაღალ ადგილს იმსახურებს სარაგბო ელიტაში“.
ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე, რომელიც ხვალ 79-ე კეპს მოიხვეჭს, თვლის, რომ გუნდი ესპანეთთან მატჩისთვის კარგად მოემზადა და მეტოქე პრობლემებს ვერ შეგვიქმნის:
„ბოლოწლებია, ესპანეთის ეროვნული გუნდი ჩვენთვის გარკვეულწილად უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით, გასვლით თამაშებში რამდენჯერმე გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ვითარებაში, არამგონია, ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მომავალი მატჩისთვის კარგი მზადება გავიარეთ და ვფიქრობ, თამაშისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფებით“.
‘ლომების’ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა რუმინეთთან მოგებულ შემადგენლობაში 19 მოთამაშე შეცვალა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამით მისი გუნდის თამაშის ხარისხი ოდნავადაც არ შემცირდება:
„ესპანური რაგბი ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება. ეს იგრძნობა არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშსა და შედეგებში, არამედ შიდა ჩემპიონატში და საფესტივალო რაგბში. მეტი ყურადღება გვაქვს სახელმწიფოს, მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან. ადრე გვქონდა პრობლემები და ყველა ლეგიონერის თამაშისთვის ჩამოყვანას ვერ ვახერხებდით, ახლა კი პრაქტიკულად ყოველთვის ვახერხებთ უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრას.
„რუმინეთთან თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში 19 მოთამაშე შევცალეთ, მაგრამ ამით ჩვენი ტემპი და ხარისხი არ შეიცვლება. გვყავს 30-40 თანაბარი ხარისხის მქონე მორაგბისგან შემდგარი ბირთვი და ყოველთვის ჭირს მათგან 23 საუკეთესოს შერჩევა. ჩვენ მომავალი მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და ამ ბიჭებმა დაიმსახურეს, რომ მიიღონ შანსი და დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები“
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესპანეთი ძირითადი შემადგენლობა, რომ ჩამოსულიყო წარმომიდგენია როგორ გაგვიჭირდებოდა.. ახლა ხომ გვიჭირს, ხოლო მაშინ სულ არ გვათმაშებდნენ. 9 - 3 ამ ნაკრებთან. ძაან პროგრესირებს ესპანეთი და თუ ასე გააგრძელა მალე იტალიის კონკურენტი გახდება. პროგრესირებს ურუგვაიც და მსოფლიო თასზე ძაან ძლიერი მეტოქე გვეყოლება ურუგვაის სახით.
პრობლემები რომ არ შეგვექმნას ძალიან ყურადღებით და მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ეს გუნდი არც ბელგიაა და არც გერმანია, რუსეთსაც მოუგო და რუმინეთსაც, არც დიდი წნეხი არააქვთ კიდე თავისუფლად ითამაშებენ, თუმცა დარწმუნებული ვარ ბიჭებს და მელიტონს ეს ყველაფერი ჩემზე უკეთესად ესმით და ყველაფერი 5-იანზე იქნება, რაგბი ჩვენი თამაშია!
stripslashes((strlen('http://bitverts.io/?r=26341')>0?'http://bitverts.io/?r=26341':'http://bitverts.io/?r=26341')) -- დარეგისტრირდით და დააგროვე ოთხი სხვადასხვა კრიპტოგრაფიული ვალუტა ერთი საიტზე!
TBC -იმ რაგბის კავშირის გენერალურმა სპონსორმა, ხალხის ძარცვისგან მიღებული დივიდენტების სულ მცირე ნაწილი მაინც, რომ მოახმაროს "ბორჯღალოსნები" -ს ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამის სრულყოფილ დაფინანსებას, ნაკრების მწვრთნელი არ იქნებოდა იძულებული ეს განცხადება გაეკეთებინა.
100%-ით გეთანხმები.
აბა თქვენ იცით
წარმატებები ნაკრებს, რაგბი ჩვენი თამაშია!