ლეგიონერები

20:15 | 1.03.2018 | ნანახია 7758 - ჯერ

თამაზ მჭედლიძე: “ნაკრებში გამოსაძახებლად კლუბში თამაშია საჭირო”
" ჩემს ამპლუაში თამაში მსურს და ცვლილებები დაგვიანებულია."

თამაზ მჭედლიძე ბევრად მეტია, ვიდრე “კლდე”, როგორც მას ეძახიან. ის “გლადიატორია”, რომელმაც დაძლია პირადი და სარაგბო პრობლემები. მას ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, რომ შეეძლო რიდლი სკოტის ფილმში გლადიატორის როლი ეთამაშა, – წერს ფრანგული გამოცემა Petitbleu.Fr.

ქართველმა უკანახაზელმა გასული სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და “აჟენის” პრო დ2-დან ტოპ 14-ში დაწინაურებაში საკვანძო როლი შეასრულა. მან გასულ სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 20 სასტარტოში დაიწყო და ჯამში 7 ლელოს გატანა მოახერხა.

მჭედლიძე 24 წლის ასაკში უკვე ოთხი შვილის მამა გახდა: მას ტყუპები შეეძინა. თუმცა, ქართველ მორაგბეს ზაფხულში რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან მის ქალიშვილს ოპერაცია დასჭირდა. თამაზს თბილისში მოუწია ჩასვლა და ამის გამო, საქართველოს ნაკრების ამერიკული ტურნეს პირველი ორი მატჩი გამოტოვა, კანადასთან და ამერიკასთან, მაგრამ მესამე მატჩისთვის “ბორჯღალოსნებს” შეუერთდა და არგენტინასთან ითამაშა.

თამაზისთვის მიმდინარე სეზონი რთულად მიმდინარეობს. თამაში უფრო იშვიათად უწევს (11 მატჩი, 6 - სასტარტო შემადგენლობაში და 1 ლელო), თანაც - სხვადასხვა პოზიციებზე. თუ ფრთაზე თამაშს ის შეჩვეულია, სიურპრიზი გახლდათ მესამე ხაზში მოხვედრა, სადაც ორ უკანასკნელ მატჩში ითამაშა. მწვრთნელების თქმით, ქართველმა მორაგბემ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, მაგრამ მჭედლიძეს მესამე ხაზში თამაში არ სურს და საკუთარ პოზიციაზე დაბრუნება უნდა.

ზემოხსენებულმა გამოცემამ 24 წლის მორაგბესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის სეზონის მსვლელობისას პოზიციის შეცვლა?

- ეს ძალიან რთულია. მაურისიო რეგიარდომ (“აჟენის” ერთ-ერთი მწვრთნელი) ხუთშაბათს მე და პიერ ფუისაკს გვითხრა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ან ორივე მესამე ხაზში შევიდოდით შეცვლაზე, რასაც ორივე დავთანხმდით. მატჩის წინა დღეს კი გავიგე, რომ მესამე ხაზში მე ვითამაშებდი. კითხვები პოზიციის შეცვლაზე არ დამისვამს, რადგან ვიცოდი, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავდა. “ტულუზასთან” მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა სტეფან პროსპერმა და მაურისიო რეგიარდომ მითხრეს, რომ ძალიან კარგად ვითამაშე.

- რთული იყო ამ პოზიციაზე თამაში?

- დიახ, რადგან მესამე ხაზში თამაში ჩემი საქმე არ არის.

- სპეციალურად ვარჯიშობდით მესამე ხაზში სათამაშოდ?

- არა, ასეთი არაფერი ყოფილა. მე უბრალოდ ვაკვირდებოდი ძირითად ფუნქციებს და შერკინებებს.

- ამ პოზიციაზე თამაშს განაგრძობთ?

- (თვალები გაუფართოვდა) არა, არა, არა! იმედი მაქვს, რომ ჩემს ძველ პოზიციას დავუბრუნდები.

- არ გსურთ მესამე ხაზში დარჩენა?

- არა, რადგან ეს უკვე გვიანია ჩემთვის.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უკვე 25 წლის ვარ (17 მარტს უსრულდება 25 წელი). ვთამაშობ ტოპ 14-ში და ახლა პოზიციის შეცვლა მეტისმეტად დაგვიანებულია, თან ამის არც სურვილი მაქვს. თითქმის 15 წელია უკანა ხაზში ვთამაშობ და ახლა ჩემთვის პოზიციის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ნაკრების მორაგბე ვარ და მომდევნო სეზონში მსოფლიო თასი ტარდება. ჩემს ამპლუაში თამაში მსურს და ცვლილებები დაგვიანებულია.

- რთული პერიოდიდან გამოსვლა მოახერხეთ?

- ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის. გასულ სეზონს რომ შევადარო, როდესაც თითქმის ყველა მატჩს სასტარტოში 80 წუთს ვთამაშობდი, ახლა ძალიან ცუდი დასაწყისი გამომივიდა და სათანადოდ ვერ ვთამაშობდი.

- ფრთაზე თამაშიც მოგიწიათ!

- დიახ, რადგან ჟულიენ ერიტო და პიერ ფუისაკი შეამარბებად შესანიშნავად თამაშობდნენ. ჩემს ძველ პოზიციაზე დაბრუნების შემთხვევაში, ყველას დავანახებ, თუ რა შემიძლია.

- სანაკრებო მატჩების გამოტოვებაც მოგიწიათ...

- დიახ, რადგან ნაკრებში გამოსაძახებლად კლუბში თამაშია საჭირო. ეს ნორმალურია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:39 | 02.03.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე თაზო ! ! !

11:57 | 02.03.2018
beeq.777 (63)

წარმატებები თაზოს და მალე დაბრუნდეს ნაკრებში.

23:04 | 01.03.2018
temuchin (431)

წარმატებები თაზო, ჩემი ფავოროტი მორაგბე ხარ და ძალიან მინდა ისევ ახვიდე შენებურ სიმაღლეებზე და უფრო მაღლაც, ამას დარწმუნებული ვარ შეძლებ! მშვიდობა ბედნიერება და ჯანმრთელობა შენს ოჯახთან ერთად გენაცვალე!

21:16 | 01.03.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები თაზო, მჯერა შეძლებს ნაკრებში დაბრუნებას.

20:48 | 01.03.2018
DataN24 (215)

მიდი თაზო გვჯერა შენი მრავალშვილიანი ახალგაზრდა მამაა საზღვარგარეთ ათასი პრობლემა ოჯახში მოკლედ თავი უნდა გაართვას ამ ყველაფერს და დაგვიბრუნდეს ძველი თაზო აჟენის ლიდერი და ნაკრების გამორჩეული მოთამაშე, ჯერჯერობით ისეთ სისწრაფეებზე ვერ ვთამაშობთ რომ ასეთი გამორჩეული უკანახაზელი სისწრაფის გამო დავიწუნოთ კარგი იქნებოდა გამოეძახებინა მილტონს მოტივაციას შემატებდა, მშვენიერი იყო გარემარბად სისწრაფის ხარჯზე ჩვენი ნაკრების გარემარბების მიერ დადებული არცერთი ლელო არ მახსენდება მე პირადად

11:49 | 02.03.2018
GiorgiG83 (525)

ბელგიასთან თოდუა, ფრუიძე და სიჭინავა ბურჯები იყვნენ?
ან
იგივე თოდუა გერმანიასთან ჰუკერი იყო?

20:41 | 02.03.2018
DataN24 (215)

ბელგია გერმანიას სწრაფი გარემარბებით და უკანახაზით ჩვენნაირი შერკინების მქონე გუნდი თავბრუს დაახვევდა უბრალოდ ყველა შეტევას თუარა ძალიან დიდი უმრავლესობას ლელოს დადებდა სამწუხაროდ იმ ტემპში ვერ ვთამაშობთ ჯერ, გარემარბისთვი საჭირო სისწრაფით და ფინტებით ვერცერთმა გამაკვირვა თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილებმა. სისწრაფის ხარჯზე და ინდივიდუალური ლელო იყო მაგალითად სანტიაგო კორდერომ რომ დაგვიდო
ვერც ვიყენებთ გარემარბებს იმდენად და არც გვყავს სწრაფები აი შკინინი მომწონდა ძალიან ახალგაზრდობაში

20:43 | 01.03.2018
dinamo222 (692)

თუ კიდევ გააგრძელა აჟენის დებილმა ტრენერმა ის ექსპერიმენტები მაშინ ჯობია ქუდი დაიხუროს და წამოვიდეს იქედან სანამ დროა ეს ფეხბურთი არაა სადაც მცველის დაყენება შეიძლება საყრდენზე ან გარემარბის დაცვაში რაგბში ძალიან ძნელია ამპლუის შეცვლა თანაც დიდი ხანი თუ შეჩვეულია მოთამაშე იმ ამპლუას უნდა წამოვიდეს და ძალიან ბევრი გუნდია სადაც სიამოვნებით მიიღებენ

20:34 | 01.03.2018
თორღვა პანკელი (387)

უთამაშებლობის მიუხედავად ვფიქრობ მელიტონს მაინც უნდა გამოეძახებინა თაზო, აი თავის კუთვნილ პოზიციას კი იმედია მალე დაუბრუნდება, უცნაური და რაღაც ახალია თაზოს მესამე ხაზელობა მაგრამ, მაგარი ჯანიანი ბიჭია და სულ არ გამკვირვებია იქაც კარგად რომ დადგა.

0.086555