მშვენიერი სანახავი გამოდგა 6 ერის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები. შოტლანდიის ნაკრები “მარიფილდზე” ინგლისს დაუხვდა და 2008 წლის შემდგომ პირველად დაამარცხა.
შოტლანდიელები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ძალიან გაძლიერდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბოლოს და ბოლოს, “ნარშავებმა” ზაფხულის და შემოდგომის ტესტებზე ავსტრალიის ნაკრების ბეჭებზე დადება ორჯერ მოახერხეს და ამით ყველაფერია ნათქვამი. შესაბამისად, შოტლანდიელებს ბევრი 6 ერის გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად თვლიდა.
თუმცა, გრეგორ თაუნსენდის გუნდისთვის 6 ერი საშინლად დაიწყო: “ნარშავებმა” “ფრინსიფალითი სთედიუმზე” ძალიან ცუდი თამაში აჩვენეს და უელსთან უშანსოდ დამარცხდნენ, რამაც არაერთი გულშემატკივარი და ექსპერტი სკეპტიკურად განაწყო და ხშირი იყო იმაზე საუბარი, რომ შოტლანდიელთა გამონათება დროებითი გახლდათ და სერიოზული წარმატებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდათ.
შოტლანდიელებმა წაგებული შეხვედრა აშკარად კარგად გაარჩიეს, სათანადო დასკვნები გამოიტანეს და ერთ კვირაში საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრებს სძლიეს, შაბათს კი “მარიფილდზე” ყველაზე პრინციპული მეტოქე ინგლისი დაამარცხეს და ამის გაკეთება 2008 წლის შემდგომ პირველად მოახერხეს, რითაც კალკუტას თასს დაეუფლნენ.
მასპინძელთა თითოეული მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა და უდიდესი მონდომებით ითამაშა. ყველა მოთამაშემ დაკისრებული მოვალეობა ჩინებულად შეასრულა, თუმცა განსაკუთრებით გამოსარჩევი მაინც სამი მოთამაშეა: მგეზავი ფინ რასელი, რომელმაც პირველი ორი თამაში პირწმინდად ჩააგდო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იქნა გატარებული, მშვენივრად გამოიყურებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული. შუამარბი ჰიუ ჯონსი, რომელიც შესანიშნავად ჭრიდა ხაზს და მეტოქე ორჯერ დაალელოვა. თუმცა, რეალურად მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯონ ბარკლი გახლდათ, მასპინძელთა კაპიტანმა დიდებული მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით კი რაქებში თამაშობდა ბრწყინვალედ და მეტოქეს არაერთხელ ამოაცალა ბურთი, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. შოტლანდიელებმა იყოჩაღეს და მეტოქეს არაფერი დაუთმეს არც შერკინებაში, რაზეც ინგლისელებმა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს, მაგრამ “ნარშავებთან” მატჩში მათი შერკინება მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ იდგა.
შეხვედრა “მარიფილდის” ბინადარისთვის კარგად დაიწყო და მე-2 წუთზე გრეიგ ლეიდლოუმ ჯარიმით ანგარიში გახსნა, რასაც ათ წუთში ოუენ ფარელმა ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხა. მე-14 წუთზე კი პირველი ლელო ვიხილეთ: ფინ რასელმა მეტოქის 22-ში ფეხით შეაცურა ბურთი, რომელსაც ჰიუ ჯონსმა მიარტყა ფეხი, თავადვე მიჰყვა და ბურთის ლელოში დამიწება მოახერხა, გარდასახვა ლეიდლოუმ ზუსტად შეასრულა. 31-ე წუთზე მასპინძლებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს და მეორე ლელო დადეს: რასელმა საკუთარ 22-თან საკმაოდ სარისკო გადაცემა გააკეთა, რომლის ჩაჭრაც თავისუფლად შეეძლოთ ინგლისელებმა, მაგრამ ჰიუ ჯონსმა სიტუაცია მშვენივრად წაიკითხა, მაღალი სისრაფით გამოვარდა და მეტოქის ხაზის გაჭრა შეძლო, მისი შეჩერება სტუმრებმა საკუთარი ლელოდან 15 მეტრის მოშორებითღა მოახერხეს, შემდეგ შეტევის მიმართულება შეცვალეს და სტიუარტ მაკკინალიმ კიდევ უფრო წინ მოახერხა წაწევა, ბოლოს კი გუნდის ღერძმა ფრთაზე გაშალა შეტევა და შოტ მეიტლენდმა კიდესთან დაამიწა ბურთი, ლეიდლოუს გარდასახვა ამჯერად ზუსტი არ ყოფილა. 38-ე წუთზე კი ჰიუ ჯონსმა მორიგი დიდებული გარღვევა შემოგვთავაზა – ლეიდლოუს გამოტანილ ბურთს ისევ მაღალი სისწრაფით დაუხვდა და ოუენ ფარელს და ნათან ჰიუზს შორის შევარდა, შემდეგ კი მის შეჩერებას მაიკლ ბრაუნი და ენტონი უოტსონი ცდილობდა, მაგრამ უშედეგოთ სამხრეთ აფრიკული ფესვების მორაგბემ დუბლი გაიფორმა, ლეიდლოუმ კი გარდასახა და მასპინძლებმა ტაიმი 22:6 მოიგეს.
მეორე ნახევარი “წითელი ვარდებისთვის” იმედისმომცემად დაიწყო: 43-ე წუთზე დენი ქეარმა ოუენ ფარელს გამოუტანა ბურთი, რომელმაც მეტოქის დაცვაში ღრიჭო მოძებნა და პირველი ლელო გაიტანა, რომელმაც სტუმრებს გარკვეული იმედი ჩაუსახა. ფარელმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:13 გახდა. 54-ე წუთზე შოტლანდიელები მეორე ლელოს გადაურჩნენ, უფრო სწორედ ოუენ ფარელმა ლელოს დადება შეძლო, მაგრამ ნაიჯელ ოუენსის მახვილ თვალს არ გამოეპარა, რომ კორტნი ლოუსის მიერ ჯონ ბარკლიზე შესრულებული ბოჭვის შემდგომ ბურთი წინ გადავარდა და ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ წინ თამაში იყო და ლელო გაუქმდა. უნდა ითქვას, რომ ნაიჯელ ოუენსმა იდეალურად, უზუსტესად იმსაჯა და აბსოლუტურად ყველაფერი სათანადოდ შეაფასა.
65-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სემ ანდერჰილმა ჯეიმი ბათი უხეშად შებოჭა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დაისაჯნენ, ხოლო ჯარიმა ფინ რასელმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. შოტლანდიელებს დარჩენილ დროში კიდევ ერთი ლელოს დადება და ბონუს-ქულის აღება შეეძლოთ, მაგრამ პიტერ ჰორნმა ბოლო მომენტში ცუდი პასი გააკეთა. ინგლისელებმა კი ბოლოსკენ შეუტიეს მძლავრად, თუმცა “ნარშავების” დაცვამ კვლავ იდეალურად ითამაშა და ინგლისმა ნუგეშის ქულაც ვერ აიღო – 25:13.
ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა შედგა “ავივა სთედიუმზეც”, სადაც ირლანდიის ნაკრები უელსს დაუხვდა და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო. ანგარიში მე-2 წუთზევე გაიხსნა, ლი ჰალფპენიმ ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. საპასუხო ჯარიმის გატანა შეეძლო ჯონათან სექსტონსაც, მაგრამ საკმაოდ იოლი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ მასპინძელთა შეტევა მაინც გაგრძელდა, რამდენიმე მიძალების შემდეგ კი სექსტონმა ფრთისკენ გრძელი გადაცემა გააკეთა და ჯეიკობ სტოკდეილმა კიდესთან დაამიწა ბურთი, ირლანდიელთა მგეზავმა გარდასახვა ვერ გაიტანა და ცოტა ხანში კიდევ ერთი მარტივი ჯარიმა ააცილა. ტაიმის შუაში უელსმა მოუმატა და 15 წუთის განმავლობაში უპირატესობასაც ფლობდა, რაც გარეთ დევისის ლელოთი აისახა, რომელიც ჰალფპენიმ გარდასახა და შემდეგ სტუმართა ფულბექმა ჯარიმაც გაიტანა. “სამყურებმა” სათამაშო ინიციატივა ტაიმის ბოლოს კვლავ მოიპოვეს, სექსტონმა როგორც იქნა მიზანი გაისწორა და ჯარიმა გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროში ბანდი აკიმ მოახერხა ბურთის ლელოში გადადება, სექსტონმა გარდასახა და ტაიმი 15:13 დასრულდა.
მეორე ნახევარი ირლანდიელთათვის მშვენივრად დაიწყო. 45-ე წუთზე მასპინძელთა 11-ფაზიანი შეტევა დენ ლივიმ დააბოლოვა, რომელმაც ძელებს შორის დაამიწა ბურთი და სექსტონსაც გარდასახვა არ გასჭირვებია. 53-ე წუთზე მასპინძელთა მიძალება უკვე კიან ჰილმა დაასრულა სათანადოდ და უელსელები დალელოვა, სექსტონმა ამჯერად გარდასახვა ააცილა და ჯო შმიდტის გუნდი ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა.
უელსელებმა მეტოქეს 62-ე წუთზე მშვენიერი ლელოთი უპასუხეს, ხელდახელ შესანიშნავი შეტევა გაშალეს და აარონ შინგლერმა ფრთაზე დაამიწა ბურთი, ჰალფპენიმ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. 75-ე წუთზე კონორ მარიმ ჯარიმა გაიტანა და თითქოს შეხვედრის ბედიც გადაწყდა, მაგრმა ერთ წუთში “დრაკონებმა” კიდევ ერთი ბრყინვალე შეტევა განახორციელეს: სკოტ უილიამსმა შინგლერს ოფლოუდით ამოუგდო ბურთი, ამ უკანასკნელმა კი ოვალი სტეფ ევანსს გაატანა და მასაც ბურთის დამიწება არ გასჭირვებია, ჰალფპენი კი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა.
სხვაობა სამი ქულაღა იყო და სტუმრებს ფრის მისაღწევად არეკნის ან ჯარიმის გატანა ჰყოფნიდა, მაგრამ უორენ გეტლანდის შეგირდები შეტევის გაშლას და ლელოზე თამაშს ცდილობდნენ. გაწითლებულ დროში სწორედ შეტევის გაშლას ცდილობდა გარეთ ენსკომბი, მაგრამ ძალიან ცუდი გადაცემა გააკეთა, რომელიც ჯეიკობ სტოკდეილმა ჩაჭრა და მთელი სისწრაფით გაიქცა, მისი შეჩერება რასაკვირველია ვერ შეძლეს და ბურთი ძელებს შორის დაამიწა, კარბერიმ გარდასახვა მარტივად შეასრულა და შეხვედრა 37:27 დასრულდა. ირლანდიამ ბონუსით მოიგო, ხოლო უელსმა გაწითლებულ დროში გაშვებული ლელოთი ნუგეშის ქულაც დაკარგა.
ტურის გახსნით მატჩში საფრანგეთის ნაკრები “ველოდრომზე” იტალიას დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟაკ ბრუნელმა უდისციპლინობის გამო რვა მოთამაშე მოკვეთა, რომელთა შორისაც ლუი პიკამოლი და პირველ ორ ტურში გალების სამივე ლელოს ავტორი ტედი ტომასი იყვნენ, ფრანგებმა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეძლეს მეტოქის დამარცხება. “აძური” ერთი საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, ანგარიში 14:10 იყო. დასკვნით 20 წუთში კი “სამფეროვნებმა” ორი გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა გაიტანეს, რასაც კონორ ოშის გუნდმა მხოლოდ ერთი ლელოთი უპასუხა და შეხვედრა 34:17 დასრულდა.
ფრანგებს გაწითლებულ დროში მეოთხე ლელოს გატანა და ბონუსის აღება შეეძლოთ, თუმცა სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და ჟაკ ბრუნელის შეგირდებმა ამის გაკეთება ვეღარ შეძლეს. საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავად დაბრუნდა მეტიუ ბასტარო, რომელსაც მეტოქეზე ჰომოფობიური შეძახილის გამო სამკვირიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. “ტულონის” კაპიტნის შეჩერება იტალიელებს ძალიან უჭირდათ, თითოეულ მიძალებაზე რამდენიმე მეტრს იგებდა და სტუმართა დაცვას უამრავ პრობლემას უქმნიდა. ბასტარომ შეხვედრის ბოლოს ლელოც დადო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად დამსახურებულად იქნა აღიარებული.
იტალია კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხუთ ერთან შედარებით ძალიან სუსტია და წარმატების არანაირი შანსი არ აქვს. “აძურიმ” 6 ერში ზედიზედ მე-15 თამაში წააგო...
საფრანგეთი – იტალია 34:17 (11:7)
ირლანდია – უელსი 37:27 (15:13)
შოტლანდია – ინგლისი 25:13 (22:6)
სატურნირო მდგომარეობა
1. | ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 108:59 | 14 | |
2. | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 71:46 | 9 | |
3. | შოტლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 64:73 | 8 | |
4. | უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | 67:56 | 6 | |
5. | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 73:64 | 6 | |
6. | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 51:136 | 0 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საოცრად ითამაშა შოტლანდიამ.
ძალიან ვისიამოვნე შოტლანდიელების გამარჯვებით, თან ისე მოიგეს რომ მათი უპირატესობა ეჭვქვეშ არც დამდგარა. განსაკუთრებით შერკინებაში გამიკვირდა ინგლისის დაჩაგვრა, თორემ უკანა ხაზით შოტლანდია არავის არ ჩამოუვარდება
ვავა იტალია