ჩემპიონატები

21:45 | 19.02.2018 | ნანახია 2294 - ჯერ

‘სარასენსის’ მწვრთნელის წარმატების ფორმულა - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკ მაკქალთან

18 ნოემბერს კარდიფში, ‘პრინსიფალითი სთედიუმზე’ ბორჯღალოსნებისა და უელსის ნაკრებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, კიკეთის ‘იუნკერებისა’ და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის მწვრთნელი გიორგი ნოზაძე ბრიტანეთში დარჩა, ლონდონში ჩემპიონთა თასის მფლობელ ‘სარასენსის’ ბაზას ეწვია და ამ გუნდის რამდენიმე ვარჯიში საკუთარი თვალით იხილა.

მან შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან - მარკ მაკქალთან ინტერვიუ ჩაწერა.

50 წლის მაკქალი ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიბადა და ‘ალსთერის’ ღირსებას იცავდა, ასევე 13 ტესტი ჩაატარა ირლანდიის ნაკრების კვართით. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მარკი ირლანდიის 21-წლამდელთა და „ა“ ნაკრების მთავარი, ხოლო ‘ალსთერში’ დამხმარე მწვრთნელი იყო. 2004 წლიდან ის კლუბში მთავარ მწვრთნელად დაწინაურდა და 2006 წელს კელტების ლიგა (ამჟამინდელი პრო 14) მოიგო.

2009 წელს მაკქალი ლონდონის ‘სარასენსის’ მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი გახდა, ხოლო 2010/2011 წლების მსვლელობისას მთავარ მწვრთნელად დაწინაურდა. ამ სეზონში ‘სარასენსმა’ ინგლისის პრემიერშიფის ყველა თამაში მოიგო და ჩემპიონი გახდა. მარკმა გუნდს ინგლისის ჩემპიონობა 2015 და 2016 წლებშიც მოაგებინა, ხოლო 2014 წელს ფინალში დამარცხდა. 2016 და 2017 წლებში მაკქალის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო, ხოლო 2014 წელს ფინალში ითამაშა და იქ ‘ტულონთან’ დამარცხდა.

- ბატონო მარკ, როგორ დაიწყო თქვენი სამწვრთნელო კარიერა?

- ტრავმის გამო მოთამაშის კარიერის დასრულება სასურველზე ადრე მომიხდა, თუმცა ‘ალსთერის’ ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენა და ხაზის მწვრთნელად მუშაობა შემომთავაზა. დავთანხმდი და იქ ექვსი შესანიშნავი წელი გავატარე. 4 წლის შემდეგ ‘ალსთერის’ მთავარი მწვრთნელი გავხდი და 2006 წელს ‘კელტების ლიგა’ მოვიგეთ. პარალელურად ვწვრთნიდი ირლანდიის 21-წლამდელთა და „ა“ ნაკრებებს.

- თქვენ ირლანდიის ნაკრებშიც გითამაშიათ. რამდენად დაგეხმარათ საერთაშორისო დონეზე თამაშით მიღებული გამოცდილება სამწვრთნელო კარიერაში?

- რა საკვირველია ეს გამოცდილება დამეხმარა, თუმცა მიმაჩნია, რომ იყო მაღალი დონის მოთამაშე სულაც არაა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ ასევე მაღალი დონის მწვრთნელი იქნები. ვთვლი, რომ მწვრთნელობისთვის აუცილებელი სულაც არაა მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება.

- თქვენ 21-წლამდელთა გუნდშიც გიმუშავიათ და კაცთა გუნდებშიც. რამდენად განსხვავდება ეს ორი სამუშაო?

- განსხვავება ძალიან დიდია. 21-წლამდელებთან მუშაობისას უფრო დირექტიული მიდგომაა საჭირო. მათ ეუბნები რა უნდა გააკეთონ, რას ითხოვ ამ მოთამაშეებისგან, ისინიც ყურადღებით გისმენენ და ასრულებენ დავალებას. მაგრამ როდესაც ფარელის, ვუნიპოლას, ბურგერის, ბოშისა და სხვა მათი დონის მოთამაშეებთან გიწევს მუშაობა, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გქონდეს დალაგებული, რადგან შესაძლოა ასეთ მოთამაშეებს გაუჩნდეთ კითხვა - რატომ უნდა გააკეთონ ეს და ამის დასაბუთება მოგიწევს. კაცთა გუნდებში მოთამაშეებიც ჩართული არიან ტაქტიკის დაგეგმვაში და ეს მნიშვნელოვანია.

- თქვენ ‘სარასენსში’ 2009 წელს მიხვედით. მანამდე ეს გუნდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა, ახლა კი ყველა ტურნირში მოგების მთავარი ფავორიტი ხართ. რა შეიცვალა თქვენს მოსვლის შემდეგ, რამაც ასეთ წარმატებამდე მიგიყვანათ?

- 2009 წლამდე გუნდში არასტაბილური მდგომარეობა იყო. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, მოთამაშეები და ეს უარყოფით გავლენას ახდენდა. უწინარესად სწორედ ეს შეიცვალა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდში რაც შეიძლება ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი მუშაობდეს და იყოს ერთიანობა მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბსა და მოთამაშეებს შორის. საჭიროა ძალიან ბევრი კომუნიკაცია მწვრთნელებსა და მოთმაშეებს, მწვრთნელებსა და ექიმებს, ექიმებსა და მოთამაშეებს შორის.

- ბოლო წლებში თქვენმა გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ამდენი წარმატების შემდეგ, რა არის ის, რაც მოტივაციას გაძლევთ?

- გულახდილად რომ გითხრათ მოტივაცია რაიმე ტიტულის მოგებიდან არ მომდინარეობს. მოტივაცია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოთამაშეების განვითარება. დიდი წარმატება პატარ-პატარა საქმეებიდან მოდის. ჩვენ სწორედ სამუშაო პროცესი გვამოძრავებს; გარემო, ბიჭებთან ურთიერთობა და იმის ხილვა, როგორ ხდებიან ისინი უკეთესები - სწორედ ესაა მთავარი მოტივაცია.

- რა გიადვილებთ პროცესის მართვას?

- საწვრთნელ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ეს პროცესს რასაკვირველია აადვილებს, თუმცა მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესია ვარჯიშის სწორად დაგეგმვა. შესაძლოა საწვრთნელ პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს, მაგრამ თუ ის სწორად არ იქნება დაგეგმილი, შედეგს ვერ მიიღებ. ყველაზე დიდი დრო სწორედ ვარჯიშის დაგეგმვაში იხარჯება, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად კარგად ჩატარდეს. დაგეგმვა კონკრეტული მიზნების მიხედვით ხდება, იქნება ეს მთელ სეზონზე, თუ რაიმე კონკრეტულ პერიოდზე გაწერილი.

- რას ნიშნავს თქვენთვის ნიჭიერი მოთამაშე?

- ნიჭი კონკურენტუნარიანობაა. თუ შეგიძლია იყო კონკურენტუნარიანი, მაშინ გაქვს შანსი ყველაფერს მიაღწიო, ხოლო თუ კონკურენციას ვერ უძლებ, ბევრი არაფერი გამოვა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მთავარია მოთამაშემ კონკურენციას გაუძლოს.

- როგორ ახდენთ ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენას?

- ‘სარასენსში’ სისტემა ძალიან კარგადაა აწყობილი. აკადემიის, ახალგაზრდული და უფროსთა გუნდების მწვრთნელებს შორის მყარი კავშირებია და ეს ნიჭიერი მოთამაშეების დაწინაურებას აადვილებს.

- ჩვენთან, საქართველოში, გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობენ, ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდი კი, კვირაში მხოლოდ 3 დღე ვარჯიშობს...

- ჩვენ რამდენიმე ფრონტზე ვიბრძვით და სეზონიც ძალიან გრძელი, თამაშებით დახუნძლულია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშემ ფიზიკური კონდიციები და ფსიქოლოგიური მდგრადობა, სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს და განავითაროს. გარდა ამისა, ყოველი ვარჯიშის დასაწყისსა და დასასრულს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უნარებს. ამ სახის ვარჯიშებს შესაძლოა ცალკე დღეც დავუთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა უნარებსა და ფიზიკურ მდგომარეობას შორის. ამის საშუალებას ტექნიკურ-მატერიალური ბაზა გვაძლევს. კვირაში სამი დღე, ბიჭები ბაზაზე დილით ცხადდებიან და უტარდებათ რამდენიმე სახის ვარჯიში. მათ იქვე აქვთ დასვენების, აღდგენის, კვების საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებაც არასავარჯიშო დღეებში ოჯახთან, მეგობრებთან განტვირთვით მიიღწევა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტივს. სწორედ ამიტომ მთელი გუნდი ხშირად ვთამაშობთ რაიმე გასართობს, რასაც ღიმილი და პოზიტივი ახლავს.

- ვხედავთ, რომ აქ ყველა ძალიან ბევრს შრომობს. გარდა შრომისმოყვარეობისა, რას აფასებთ მოთამაშეში ყველაზე მეტად?

- პატივისცემას, როგორც თანაგუნდელის, ასევე მოწინააღმდეგის მიმართ.

- რას ურჩევთ ქართველ, ახალგაზრდა მწვრთნელებს?

- მოთმინებას. მოთამაშეების მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს, თუმცა ასეთ დროს მოთმინება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვყავს გუნდში ერთი 24 წლის მოთამაშე, რომელსაც 19 წლის ასაკში ბევრი ჩამოწერდა, ახლა კი ინგლისის ნაკრების წევრია. აღარავის ახსოვს როგორი იყო ის 5 წლის წინ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მივიღოთ. მოთმინებასთან ერთად, აუცილებელია ემოციების მართვა, როგორც მოთამაშის აღზრდისას, ასევე წაგებული თამაშის შემდეგ. საკუთარ თავს უნდა აჯობო, რადგან მწვრთნელის ემოცია მთელს გუნდს გადაეცემა და ეს არასდროს უნდა დაგავიწყდეს.

ავტორი: საქართველოს რაგბის აკადემია


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:18 | 20.02.2018
BEERTRANCE (1073)

აი ბოლო რჩევა ნამდვილად ყურადსაღებია.

23:09 | 19.02.2018
თორღვა პანკელი (387)

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი მაგრამ, 2019-წლის მს.ჩ-ის შემდეგ მელიტონას შემცვლელად ეს კაცი იდეალური ვარიანტია, კარგი ანაზღაურების შეთავაზების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი მგონია.

22:41 | 19.02.2018
temuchin (431)

სამაგალითო მწვრთნელი!

0.078429