საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნებმა” ამჯერადაც ძალიან იოლად, მშრალი ანგარიშით იმარჯვეს.
აშკარაა, რომ გერმანიის ნაკრები ძალიან დასუსტებულია. “ბუნდესადლერმა” გასულ წელს რუმინეთი დაამარცხა, მაგრამ რაგბის კავშირს და მოთამაშეების ნაწილს შორის, შემოდგომაზე მომხდარმა კონფლიქტმა ნაკრებზე სერიოზულად იმოქმედა და მიმდინარე გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებაც საკმაოდ გაუჭირდება. გერმანელები გასულ კვირას რუმინეთთან განადგურდნენ (6:85). დღეს კი ოფენბახში საქართველოს ნაკრებს დაუხვდნენ და ასევე უშანსოდ დამარცხდნენ.
მილტონ ჰეიგმა გაცილებით ძლიერი შემადგენლობა დააყენა, ვიდრე ბელგიასთან მატჩში. ძირითადში იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, რომელთან წინა თამაშში დასვენების საშუალება მიეცათ. ბელგიელებთან კარგი გარჯა დაუფასდათ მიხეილ გაჩეჩილაძეს და ანზორ სიჭინავას და ისინიც სასტარტოში იყვნენ.
საქართველოს ნაკრები რომ გაიმარჯვებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მთავარი იყო, თუ როგორი სხვაობით და თამაშის ხარისხით შეძლებდა ამის გაკეთებას. მაყურებელმა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი იხილა. მართალია, “ბორჯღალოსნები” მთლიანი თამაშის განმავლობაში ბევრად ჯობდნენ, გაცილებით დაბალი კლასის მეტოქეს, თუმცა პირველ ტაიმში სტუმრებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ, ბურთი ხშირად უვარდებოდათ წინ და სწრაფ კომბინაციებში მოიკოჭლებდნენ. ეს შეიძლება ნაკლები მოტივაციით, ზედმეტი თავდაჯერებულობით ან ახალი ტაქტიკური ნიუანსებით აიხსნას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მეორე ნახევარში ქართველებმა ხარვეზები შედარებით აღმოფხვრეს და ეს ტაბლოზეც აისახა.
“ბორჯღალოსნებმა” პირველ ნახევარში სამი ლელოს გატანა შეძლეს. გერმანელების რბევა მე-10 წუთზე გიორგი კვესელაძემ დაიწყო, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და უდავოდ საუკეთესო გახლდათ. მეტოქის 5-იანთან დანიშნული შერკინების შემდეგ, ქართველებმა რასაკვირველია იყოჩაღეს და მოწინააღმდეგეს მაგრად მიაწვნენ, შემდეგ აფრასიძემ გამოიტანა ბურთი და შეტევა გაიშალა, კვესელაძემ ბურთი დაიქნია, რითაც ორი მეტოქე გააბითურა და ოვალი ლელოში დაამიწა. ბექა წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და გეტყვით, რომ თბილისის “ლოკომოტივის” ფულბექმა ათიდან შვიდი გარდასახვა გაიტანა. ოთხ წუთში მეორე ლელოც ვიხილეთ, ქართველთა მოლი გერმანელებმა წესების დარღვევით, საკუთარი ლელოდან ხუთიოდე მეტრში ჩააქციეს, რასაც სტუმართა მხრიდან “აიღე და მიეძალე” მოჰყვა, ხოლო შემდეგ ლაშა ხმალაძემ ბურთი მეტოქის ლელოში ფეხით შეაცურა და თოდუამ დამიწება მოახერხა. 28-ე წუთზე კი მესამე ლელოც გავიდა: შალვა მამუკაშვილმა აუტი მოაწოდა, რომელიც დერეფანში იოლად მოვიგეთ და შევუტიეთ, გერმანელებმა რამდენიმე ფაზას გაუძლეს, მაგრამ ლევან ჩილაჩავას ვეღარაფერი მოუხერხეს, რომელმაც “ბორჯღალოსნების” კვართით უკანასკნელ 5 მატჩში მე-4 ლელოს დადება მოახერხა. ტაიმი 0:19 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებს შესვენებამ არგო. მეორე ნახევარში ტექნიკურმა წუნმა აშკარად იკლო და თამაშის გაშლაც უკეთესად მოხერხდა. დაიღალნენ მასპინძლებიც და ნელ-ნელა გატყდნენ, რაც შვიდ უპასუხო ლელოში აისახა. მეორე ტაიმის პირველი ლელო 49-ე წუთზე გავიდა: მამუკაშვილმა კოლელიშვილს გამოუტანა ბურთი, რომელმაც უმალ ანტონ ფეიქრიშვილს უპასა და მანაც ოვალი ძელებს შორის დაამიწა. 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბადრი ალხაზაშვილმა მეტოქის ლელოდან შვიდი მეტრის მოშორებით აუტი მოაწოდა, რომელიც ქართველებმა იოლად მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, რომლის შეჩერებაც მასპინძლებმა ვერ მოახერხეს და მიხეილ გაჩეჩილაძემ სადებიუტო ლელო დადო. ოთხ წუთში გიორგი კვესელაძე გაისარჯა მშვენივრად, მეტოქის 22-თან გაჭრა ხაზი და დუბლი შეასრულა, 69-ე წუთზე ოთია გიორგაძის მიძალება დასრულდა მორიგი ლელოთი.
დასკვნით ათ წუთში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს: 73-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ანზორ სიჭინავამ და ზურაბ ჟვანიამ გაილაღეს, “აკადემიის” გარემარბმა ჟვანიას ამოუგდო ბურთი და ამ უკანაკნელმაც მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა ლელო. 77-ე წუთზე უკვე ვასილ ლობჟანიძემ შეაცურა მეტოქის ლელოში ბურთი, კვესელაძემ კი მისი დამიწება შეძლო და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
ქართველებმა უკანასკნელი ლელო გაწითებულ დროში გაიტანეს: გერმანელები აქეთ ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ სტუმართა 22-თან დაკარგეს ბურთი, რასაც კონტრშეტევა მოჰყვა, ფრთაზე მოპოვებული რიცხობრივი უპირატესობით კი ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად ისარგებლა, თამაში საკუთარ თავზე აიღო, მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და ბურთი ლელოში დაამიწა, რითაც გერმანელთა რბევა დასრულდა – 0:64.
უნდა ითქვას გულშემატკივრებზეც, გერმანიაში მცხოვრები ქართველები მრავლად იყვნენ სტადიონზე და მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდნენ “ბორჯღალოსნებს”. გერმანელი ფანები კი მრავლად ნამდვილად არ ყოფილან და თამაში ქართველთათვის მშვენიერ გარემოში ჩატარდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესპანეთი არ ხუმრობს. რუმინეთს აშკარად ჯობს
კარგი იყო.
კიდევ ორი გასახურებელი ვარჯიში დაგვრჩა ესპანეთთან და რუსეთთან და აი მერე იქნება ნაღდი თამაში რუმინეთთან სადაც ქვა ქვაზე არ უნდა დავტოვოთ!
ავადმყოფი საწოლშივე უნდა მო.დ.ღნათ!
გუშინ I ტაიმმა დაგვანახა, რომ ახალი მორაგბეები ყველა მატჩს ვერ ჩაატარებენ უმაღლეს დონეზე, ამიტომ ერთა თასზე ძირითადი ნაკრებით უნდა ვითამაშოდ, ხოლო ახალ მორაგბეებს როგორც ძირითად ნაკრებში, ასევე A ნაკრებში უნდა მიეცეთ გამოცდილების მიღების საშუალება. ამიტომ კარგი იქნება ასეთი ტურნირის ორგანიზება.
A ნაკრებს გაუჭირდება რუმინეთის, რუსეთის და იგივე ესპანეთის დამარცხება. რუმინეთთან A ნაკრებით უშანსოდ ვართ. ვთქვათ აქ A ნაკრები ვათამაშეთ, ძირითადმა ნაკრებმა სად ითამაშონ? მე უფრო დამატებით რამე ტურნირის მომხრე ვარ, ვთქვათ ზაფხულში ან შემოდგომაზე ტურნირი სადაც ითამაშებენ საქართველო A, მოლდოვა, უკრაინა, ჰოლანდია... ჩვენი რეზერვი კარგ გამოცდილებას მიიღებს.
სწორედაც რომ რეზერვის დონის მომატების თვის გამოგვადგება. ძირითადის მოთამაშეებისთვის არაფრის მომცემი თამაშებია
ძირითადმა ნაკრებმა სად ითამაშოს? A ნაკრებს ოფიციალურად არ დაუშვებენ, ხოლო თუ საქართველოს სურვილი ექნება შეუძლია A ნაკრები ან სულ U20, დიდი10-ში მოთამაშე მორაგბეთთა ნაკრები ან უბრალოდ დიდი10-ის ნებისმიერი გუნდი ათამაშოს ევროპის თასზე. ეს როგორ წაადგება ჩვენს რეიტინგს? რაგბის სამყაროსთვის საქართველოს ძირითადი ნაკრები იქნება და მათ შედეგებს გაითვალისწინებენ რეიტინგის შედგენისას და ჩვენს დონეს იმავე შედეგებით განსაზღვრავენ. ჩვენ არ ვართ იმ დონის, რომ რუმინეთთან, ესპანეთთან და რუსეთთან შესუსტებული შემადგენლობით ვითამაშოთ.
ძირითადის მოთამაშეებისთვის რა ხეირია ეგ თამაშები?
A ნაკრები მაინც გაგვაყვანიინ ამ ტურნირზე
შესანიშნავი იქნებოდა, რომ მოქვცენ ამის უფლება.